თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა სასამართლო სარჩელი შეადგინა „გაზპრომის“ წინააღმდეგ, რომლითაც 3 მილიარდი დოლარის ამოღებას მოითხოვს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ კომიტეტის ხელმძღვანელ იური ტერენტიევის განცხადებაზე დაყრდნობით.
უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა „გაზპრომი“ 2015 წელს დააჯარიმა 85,86 მლრდ გრივნის ოდენობით ამ უკანასკნელის მონოპოლიური მდგომარეობის გამო გაზის ტრანზიტის ბაზარზე. ჯარიმის გადასახდელად „გაზპრომს“ 2016 წლის 12 აპრილამდე ჰქონდა ვადა. მოგვიანებით „გაზპრომმა“ უკრაინის სასამართლოში გაასაჩივრა ჯარიმა, მაგრამ სარჩელი კომპანიას განხილვის გარეშე დაუბრუნდა უკან.
„ანტიმონოპოლიური კომიტეტის გადაწყვეტილება „გაზპრომის“ დაჯარიმების თაობაზე აუცილებლად შესასრულებელია. თუ „გაზპრომი“ ამ გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით არ შეასრულებს, ანტიმონოპოლიური კომიტეტი ჯარიმის იძულებით ამოსაღებად სასამართლოს მიმართავს“, — განაცხადა იური ტერენტიევმა პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია სარჩელის შეტანის ზუსტი თარიღი, თუმცა განაცხადა, რომ კომიტეტს უკვე მზად აქვს შესაბამისი მასალები.
„მასალები მზად გვაქვს, [სარჩელის შეტანის] ზუსტი თარიღის დასახელება არ შემიძლია“, — განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.