თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამარჯვება მიულოცა ქართველ ძალოსანს ლაშა ტალახაძეს, რომელმაც ქართულ ოლიმპიურ ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 105 კგ-ზე ზემოთ წონით კატეგორიაში. მან შეჯიბრი მსოფლიო რეკორდით მოიგო — ჯამში 473 კგ მოაგროვა (215+ 258).
„გილოცავთ ლაშა ტალახაძის ოლიმპიურ ჩემპიონობას, პირველ ოქროს და ახალ მსოფლიო რეკორდს!“ — ნათქვამია პრეზიდენტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტმა ასევე მიულოცა კიდევ ორ მედალოსანს — ძალოსან ირაკლი თურმანიძესა და მოჭიდავეს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძეს, რომლებიც ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ამგვარად, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებმა რიო-დე-ჟანეიროში 5 ოლიმპიური მედალი მოიპოვა — ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.