მისი მოსაზრება ქართველებზე, მართალია, რუსეთში მცხოვრები ადამიანის მოსაზრებაა, მაინც ისე განიხილება, როგორც ახლობლის მზერა გარედან. მიაჩნია, რომ ქართული ზოგადად ქცევის კავკასიური ტიპი კი არ არის, არამედ კავკასიური ტემპერამენტისა და რაფინირებული კულტურის განსაკუთრებული ვარიანტია. ბატონ იგორს მოსკოვში დავუკავშირდით.
– ბატონო იგორ, ქართველი მოსკოვში — ეს თემა აქტუალობას ძველებურად არ კარგავს, ხომ არ დაემატა მას რაღაც ახალი აზრობრივი დატვირთვა?
— ქართველი მოსკოვში, საერთოდ, რუსეთში — ეს მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ, რომ თუ ის გრძნობს კავშირს სამშობლოსთან, მაშინ მარტო კერძო პირი კი არ უნდა იყოს, არამედ თავისი ხალხის სახესაც უნდა წარმოადგენდეს. ამ თვალსაზრისით ის უნდა პასუხობდეს დადებით, ზოგჯერ ძალიან ლამაზ და, ასევე შეცდომით წარმოდგენილ ნეგატიურ სტერეოტიპებსაც, რომლებიც, შესაძლოა, რუსეთის ცნობიერებაში არსებობდეს. ძალიან მომეწონა კინორეჟისორ ოთარ იოსელიანისგან აღებული ინტერვიუდან მისი სიტყვები, რომ იგი ჩაწვდა მე-20 საუკუნის შუა წლების განსაკუთრებულ თბილისურ კულტურას, ცხოვრების გამორჩეულ სტილს და გარკვეულწილად თავადაც იყო მათი გამტარებელი. იგი ამბობს, რომ თავის ამოცანად თვლის იმას, რომ მსოფლიოს გააცნოს ამ კულტურის გზავნილი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ირგვლივ მყოფ ადამიანებში ქართულ დიდსულოვნებაზე, კეთილშობილებასა და ღირსებაზე არსებული მათი წარმოდგენა კიდევ უფრო განვამტკიცო. მათ გონებამდე ამ აზრის მიტანა მინდა, რომ ეს ზოგადად ქცევის კავკასიური ტიპი კი არ არის, არამედ კავკასიური ტემპერამენტისა და რაფინირებული კულტურის განსაკუთრებული ვარიანტია. ქართულები უძველესი ხალხია, რომელშიც სიბრძნეც და ქარაფშუტობაც საოცარი ფორმითაა შერწყმული.
– ბოლოს საქართველოს, თბილისს წიგნის ბაზრობის დროს ეწვიეთ და ქალაქში თქვენთვის რაიმე ახალი ხომ არ აღმოაჩინეთ?
— წიგნის ბაზრობაზე სასიამოვნოდ გამაოცა და გამახარა ახალგაზრდა ადამიანების ინტერესმა სერიოზული ფილოსოფიური ლიტერატურისადმი, რომელსაც ჩემი გამომცემლობა „კულტურული რევოლუცია“ გამოსცემს და რომელიც აქ ქართულ ენაზე საკმარისი არ არის. რადგან საქართველოში მზად არიან ეს გამოცემები რუსულ ენაზე შეიძინონ, ეს იმას ნიშნავს, რომ განათლებულ წრეებში რუსულ კულტურასთან ენობრივ-კულტურული კავშირები ბოლომდე არ ამოწურულა.
– სამწუხაროდ, ქართული ენა უკვე დავიწყებული გაქვთ, ეს დისკომფორტს ან გარკვეული ხასიათის პრობლემებს ხომ არ გიქმნით?
— ჩემი ქართულის ცოდნა ქვეყანაში ხანგრძლივ ყოფნაზეა დამოკიდებული. პრინციპში ბავშვობაში გარკვეული კომპლექსები მაწუხებდა, რომ ქართულად სრულყოფილად ვერ ვლაპარაკობდი. თუმცა ჩემი ლექსიკური მარაგი საკმარისი იყო საიმისოდ, რომ ადამიანებს საქართველოში როგორც თავისიანი, ისე მივეღე. შესაძლოა, ენის ამგვარი ცოდნა ჩემთვის საკმარისიც ყოფილიყო, მით უფრო, რომ ვიზუალურად უფრო აღვიქვამ ტექსტს, ვიდრე სმენით, რომ არა ჩემივე პერფექციონიზმი, რაც გარკვეულად მიშლის ხელს. ადრე ვცდილობდი რაც შეიძლება მალე ჩავსულიყავი რომელიმე ქართულ სოფელში, სადაც იმერულ დიალექტზე, მართალია, ორჯერ უფრო სწრაფად ლაპარაკობენ, მაგრამ ხალხი ისე ხშირად არ გხვდება და ბევრი ლაპარაკიც არ გიწევს. თუმცა ისიც მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ჩემი ბოლოდროინდელი ვიზიტების დროს ამ თვალსაზრისით დისკომფორტი არ შემქმნია, აქ მე შინაურად ვგრძნობ თავს…