ბიჭი უკრაინიდან ემიგრირებული ებრაელების ოჯახში დაიბადა ნიუ-იორკში. მისი მამა ბორის საიდისი 1886 წელს გაექცა პოლიტიკურ დევნას და ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. იქ მან ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა და ფსიქოლოგიაში ლექციების კითხვას შეუდგა.
1898 წლის 1 აპრილს დაბადებულ ვაჟს ბორის და სარა საიდისებმა ბიჭის ნათლიის, ამერიკელი ფილოსოფოსის უილიამ ჯეიმსის საპატივსაცემოდ მისი სახელი დაარქვეს.
უფროსი საიდისის სამეცნიერო ინტერესების სფერო ფსიქოპათოლოგია იყო. როგორც კი პატარა უილიამმა ენა ამოიდგა, მყისვე მამის ექსპერიმენტების საგნად იქცა. ბორისი მას ლამის ჩვილობიდან ასწავლიდა წერა-კითხვას და ამიტომ წლინახევრის ბიჭს უკვე შეეძლო გაზეთ The New York Times-ის კითხვა.
ორწლინახევრის უილიამი თავისუფლად ბეჭდავდა მანქანაზე ინგლისურად და ფრანგულად.
ხუთი წლისამ ზეპირად იცოდა მატარებლების ურთულესი განრიგი.
ცხრა წლისამ გამოთვლის 12-ნიშნა ლოგარითმული სისტემა შეიმუშავა…
მამა უსაშველოდ ამაყობდა შვილის მიღწევებით და სამეცნიერო ჟურნალებში მის შესახებ წერილებს აქვეყნებდა.
1911 წელს გამოიცა წიგნი Philistine and Genius („ობივატელი და გენიოსი“), რომელშიც ბორის საიდისი ამერიკული განათლების სისტემას აკრიტიკებდა და საკუთარი ვაჟის მაგალითზე სახლის პირობებში განათლების მიღების უპირატესობას ამტკიცებდა.
ამ მომენტისთვის უილიამ საიდისს ამერიკაში უკვე კარგად იცნობდნენ. ბიჭი ექვსი წლისა იყო, როდესაც მშობლებმა ბრუკლინის სახელმწიფო სკოლაში შეიყვანეს, მაგრამ სწავლა წელიწადნახევარში დაამთავრა — სწორედ ეს დრო დასჭირდა ბიჭს შვიდწლიანი პროგრამის ასათვისებლად. ბოსტონის გაზეთებმა კი სასწრაფოდ ამოიღეს მიზანში და რეპორტიორები მოსვენებას აღარ აძლევდნენ…
მაგრამ ნამდვილი პოპულარობა მაშინ მოიხვეჭა, როდესაც 9 წლისა ჰარვარდის უნივერსიტეტში შევიდა.
თუმცა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ უილიამი ლექციებზე მხოლოდ ორი წლის შემდეგ დაეშვა — გამომდინარე მისი ძალიან მცირე ასაკიდან. იმედი ჰქონდათ, რომ იმ დროისთვის ბიჭი ცოტა მაინც მომწიფდებოდა.
11 წლის საიდისის „მომწიფება“ კი იმაში გამოიხატა, რომ ჰარვარდის მათემატიკურ კლუბში ოთხგანზომილებიანი სიბრტყის შესახებ ლექციებს კითხულობდა.
უილიამ საიდისის სახელსა და გვარს ყველა ამერიკულ გაზეთში ამოიკითხავდით. ჟურნალისტები ერთმანეთს ასწრებდნენ იმ აღმოჩენების წინასწარმეტყველებაში, რომლებსაც ვუნდერკინდი გააკეთებდა…
საქმე იქამდე მივიდა, რომ დაიწყო საჯარო კამათი თემაზე – სოციოგენეტიზმი თუ ბიოგენეტიზმი. საზოგადოება ორ ბანაკად გაიყო: ერთნი ამტკიცებდნენ, რომ უილიამ საიდისს ბრწყინვალე გონება ბუნებისგან ერგო, მეორენი კი ირწმუნებოდნენ, რომ ეს მისი მამის, ბორისის დამსახურება იყო, რომელმაც ადრეული ასაკიდან მიაჩვია ბიჭი ფიქრს.
ძალიან ბევრი ადამიანი კი ბიჭის ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის გამო წუხდა, ზოგი მამას იმაშიც კი ადანაშაულებდა, ბიჭს ბავშვობა წაართვაო…
პრინციპში, ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ ბორის საიდისმა შვილს მხოლოდ ბავშვობა წაართვა, პრესამ კი მთელი ცხოვრება გაუნადგურა…
1910 წელს უილიამ საიდისს ნერვული შეტევა დაემართა და სანატორიუმში გაგზავნეს. უკან ის ჩაკეტილი და დათრგუნული დაბრუნდა. აღარც ლექციებს კითხულობდა და ადამიანებთან ახლო კონტაქტებსაც გაურბოდა.
თუმცა ჟურნალისტებს აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ყმაწვილი გენიოსისთვის თავი დაენებებინათ. გაზეთ Boston Herald-ის რეპორტიორი ინტერვიუს ჩაწერისას ყველანაირად ცდილობდა, 16 წლის ბიჭისთვის სექსუალური ცხოვრების წვრილმანები გამოეძალა. სენსაციური განცხადება იმის შესახებ, რომ მას უბიწოების აღთქმა ჰქონდა დადებული, The New York Times-ში დაიბეჭდა და ახლა უილიამ საიდისზე მთელი ამერიკა ქილიკობდა.
1915 წლის ბოლოს საიდისმა ჰიუსტონში, უილიამ მარშ რაისის უნივერსიტეტში მათემატიკაში ლექციების კითხვა დაიწყო, პარალელურად კი სადოქტორი დისერტაციაზე მუშაობდა. ის ყველანაირად ცდილობდა განმარტოებას, მაგრამ არავინ აცლიდა. გაზეთები რეგულარულად აშუქებდნენ მის ყველა ნაბიჯს, ყველა შეცდომას, იქედნურად შენიშნავდნენ, რომ ცუდი მანერები ჰქონდა და არ იცოდა ქალებთან მოქცევა…
შეწუხებული საიდისი ბოსტონში დაბრუნდა და ჰარვარდის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა. თუმცა სწავლა მესამე კურსზე მიატოვა.
1919 წელს უილიამმა მონაწილეობა მიიღო სოციალისტების დემონსტრაციაში, რა დროსაც ის დააპატიმრეს. ყმაწვილს 18-თვიანი პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ მამამისმა პროკურატურასთან გარიგება გააფორმა და შვილი ციხიდან დაიხსნა. ამ შემთხვევამ უილიამით დაინტერესების ახალი ტალღა ააგორა, რამაც კიდევ მეტად გაუფუჭა ნერვები გენიოსს.
სხვა გზა არ ჰქონდა, მეცნიერება მიატოვა და სხვადასხვა სახელებს ამოფარებული ხშირად გადადიოდა ერთი ქალაქიდან მეორეში, სადაც ჩვეულებრივ კლერკად მუშაობდა.
1924 წელს The New York Herald Tribune-ის რეპორტიორმა უილიამ საიდისი უოლ-სტრიტზე ერთ-ერთ ოფისში აღმოაჩინა. „1909 წლის ვუნდერკინდი ახლა სათვლელი მანქანის ოპერატორად მუშაობს სულ რაღაც 23 დოლარად კვირაში“, — დაწერა გაზეთმა და პრესა კვლავ ალაპარაკდა მის გამოუყენებელ შესაძლებლობებზე.
ამ შემთხვევის შემდეგ „სამყაროს ყველაზე ჭკვიანი ადამიანი“ ჟურნალისტთა რადარებიდან ათი წლით გაქრა. ის წყნარად, კომფორტულად ცხოვრობდა სადღაც შორს და რომანებს წერდა. მისი მთავარი გატაცება იმ პერიოდში ტრამვაის ბილეთების შეგროვება და ამერიკის ერთ-ერთი აბორიგენული ტომის ყოფის შესწავლა იყო. გენიალური წარსულის თაობაზე შეკითხვები საშინლად აღიზიანებდა და ცუდად რეაგირებდა.
1927 წელს უილიამს მამა გარდაეცვალა, მან კი დაკრძალვაზე წასვლა არ მოისურვა.
ვუნდერკინდის ანონიმურობის ციხე-სიმაგრე 1937 წელს ისევ დაინგრა, როდესაც გაუფრთხილებლობა გამოიჩინა და ნაცნობს ინტერვიუ მისცა. ეს ინტერვიუ საფუძვლად დაედო ჟურნალ New Yorker-ში გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც გაუჩინარებული ცნობილი ადამიანების ცხოვრებას ეძღვნებოდა. და საიდისი კვლავ იქცა პრესის გმირად.
სტატიაში საიდისი აღწერილი იყო როგორც „კარგად გათქვირული მამაკაცი წინ გამოწეული ყბით, სქელი კისრითა და წითური ულვაშებით“, რომელსაც აზრის გამოსახატად დრო სჭირდებოდა…
ძირისძირამდე შეურაცხყოფილმა საიდისმა New Yorker-ს სასამართლოში უჩივლა. სასამართლომ კი დაადგინა, რომ ვიანიდან საიდისი საჯარო პირი იყო, ყველა მისი წარუმატებლობა თუ შეცდომა საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა…
უილიამ საიდისი 1944 წელს გარდაიცვალა საერთო საცხოვრებლის ნაქირავებ ოთახში. ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 47 წლის მამაკაცს ინსულტი დაემართა და მარტოობაში განუტევა სული…