იმედია, შაბათ-კვირას კარგად დაისვენეთ და ჩვენ აივანზე ისედაც მხიარულად ამობრძანდებით… ასე რომ, თქვენს ნაბიჯებს არ დააჩქარებს ჩვენი უბნის ძალიან ღირსეული ძაღლების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომლებიც სპეციალურად მოვიზიდე გემრიელი რაღაცებით და უეჭველად გზაში შეგეგებებიან. ეს კი იმისთვის დამჭირდა, რომ ამ დილით ჩვენი აღმართი ცოტა ხნით დამეცალა კატებისგან. არაფერი იფიქროთ ცუდი, მართალია, კატები ძაღლებივით უსაშველოდ და დაუფიქრებლად არ მიყვარს, მაგრამ პატივს ვცემ. უბრალოდ, ჩვენს დღევანდელ სტუმარს, სხვათა შორის მსოფლიოში ცნობილ მხედარმთავარს და ძალიანაც ვაჟკაც და გაბედულ კაცს სჭირდა აილუროფობია, ანუ კატების შიში, რითიც თავის დროზე წარმატებით ისარგებლა ინგლისელმა ადმირალმა ნელსონმა და მოუგო ერთ-ერთი ბრძოლა სწორედ იმით, რომ საბრძოლო ველზე ჯარის წინ 70 კატა გაუშვა. ვფიქრობ, ეს მთლად ღირსეული საქციელი არ იყო, ისევე, როგორც ის, რომ დაახლოებით 20 წლის წინ კატების მომშენებლებმა (ფელინოლოგებმა) გამოიყვანეს ჯუჯა კატის ჯიში, რომელსაც დაარქვეს სწორედ ჩვენი დღევანდელი სტუმრის სახელი. ნუ, ეს დაახლოებით იგივეა, რომ ვინმემ მოამზადოს მანანის ფაფის (რომელსაც ბავშვობიდან ისე ვერ ვიტან, რომ უკაცრიელ კუნძულზე მარტო ის რომ იყოს, შიმშილით მოვკვდები) ახალი რეცეპტი და მას „ჩემ საპატივსაცემოდ“ დაარქვას „ლელა“.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ აივანზე ფანტასტიკური ნამცხვრის სუნი ტრიალებს და თეფშებზე მრავალშრიანი კრემიანი, თანაც სამკუთხედის ფორმის („ზოგიერთების“ ქუდს რომ ჩამოჰგავს) ნაჭრებია დაწყობილი, რაღა თქმა უნდა მიხვდებოდით, რომ დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ საფრანგეთის იმპერატორს ნაპოლეონ ბონაპარტს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1769 წლის 15 აგვისტოს.
სხვათა შორის, ნამცხვარ „ნაპოლეონთან“ ერთად, რომელიც გუშინ სპეციალურად თქვენთვის გამოვაცხვე, შეგიძლიათ დააგემოვნოთ მაღალ ჭიქებში ჩამოსხმული კოქტეილი „ნაპოლეონი“, რომელიც შედგება კონიაკის, რომისა და ჯინისგან (50-50 მლ), ნახევარი ჩაის კოვზი ფრანგული ლიქიორი Bénédictine-სა და ყინულის დამატებით. ასევე აუცილებლად უნდა გასინჯოთ პატარა ლარნაკებში ჩაწყობილი, ძალიან ტკბილი და გემრიელი „ნაპოლეონის“ ჯიშის წითელი ბალი.
მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ნუ მოელით აივანზე ძალიან პატარა კაცის შემობრძანებას, რადგან ნაპოლეონი სინამდვილეში არც თუ ისე დაბალი იყო. მისი სიმაღლე 167-169 სმ იყო, რაც იმდროინდელ საფრანგეთში საშუალო სიმაღლედ ითვლებოდა. რაც შეეხება მის სამკუთხა ფორმის ქუდს, ნაცრისფერ ქურთუკსა და ღილებს შორის გაყოფილ ორ თითს, ეს ყველაფერი სრულ სიმართლეს შეესაბამება და ეს არის ზუსტად ის სახე, რაც იმპერატორმა თავად შეიქმნა და, უნდა ითქვას, ძალიან წარმატებითაც. ანუ ყველას ისეთი დაამახსოვრდა, როგორც მან თავად გადაწყვიტა.
ადამიანი, ვისზეც დღეს ვისაუბრებთ, მართლაც ძალიან არაორდინალური, არაერთგვაროვანი და საინტერესო პიროვნება იყო…

ის დაიბადა კუნძულ კორსიკაზე. სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 16 წლის ასაკში. 24 წლის ნაპოლეონს უკვე გენერლის წოდება მიენიჭა, ხოლო საფრანგეთის იმპერატორი 34 წლის ასაკში გახდა. ის, რომ ნაპოლეონი არაჩვეულებრივად ნიჭიერი მმართველი და მხედარმთავარი იყო, ყველამ იცის, მაგრამ მე, მაგალითად, მხოლოდ გუშინ გავიგე, რომ ის განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით იყო დაჯილდოვებული და საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს. გარდა ამისა, გააჩნდა სწრაფი კითხვის ფენომენალური ნიჭი და წუთში 2000 სიტყვას ითვისებდა. ნაპოლეონი გამოირჩეოდა ვაჟკაცობითაც. ერთ-ერთი ბრძოლის დროს მის გვერდით დავარდა ნაღმი, რის გამოც ჯარისკაცები დაიფანტნენ. ნაპოლეონი კი ცხენზე შემჯდარი შეხვდა ნაღმს და აფეთქებას დაელოდა, საბედნიეროდ, ის გადარჩა, ჯარში კი ლეგენდები გავრცელდა მის უშიშრობასა და იღბლიანობის შესახებ, რომელიც ღმრთისგან მის მიმართ განსაკუთრებულ მფარველობას მიაწერეს. ასევე ფართოდ იყო გავრცელებული ისტორია იმის შესახებ, რომ ნაპოლეონმა შეუსწრო საგუშაგოზე მძინარე ჯარისკაცს და დასჯის ნაცვლად ის ყაზარმაში გაუშვა, ხოლო მის ნაცვლად თავად იმორიგევა. ბუნებრივია, ასეთი ისტორიების შემდეგ, რომელთა გავრცელებასაც თავად ნაპოლეონი აქცევდა დიდ ყურადღებას (ახლა ამას, ალბათ, წარმატებულ პიარს დაარქმევდნენ), ჯარისკაცები მასზე შეყვარებულები იყვნენ. ნაპოლეონი შესაშური გამძლეობითაც გამოირჩეოდა. მას შეეძლო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დღე-ღამეში სულ 2-3 საათი დაეძინა. ამავე დროს ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდებში ის მცირე ხნით იძინებდა და უცებ აღიდგენდა ძალებს. მაგალითად, ცნობილია ის ფაქტი, როდესაც აუსტერლიცის შუა ბრძოლის დროს მან გააშლევინა დათვის ტყავი და 20 წუთით ისე ღრმად ჩაიძინა, რომ ვერ გამოაღვიძეს, სანამ თავად არ გაახილა თვალები.
ნაპოლეონის ცხოვრებაში კორსიკის შემდეგ მეორე მნიშვნელოვანი კუნძული გახლდათ კარიბის ზღვის კუნძული მარტინიკა, რადგან სწორედ ამ კუნძულზე დაიბადა, როგორც ამბობენ, ერთადერთი ქალი, ვინც ნაპოლეონს მართლა უყვარდა – მისი პირველი მეუღლე ჟოზეფინა დე ბოგარნე. მათ ერთმანეთი გაიცნეს პარიზის ერთ-ერთ ცნობილ სალონში, რომელსაც ნაპოლეონი ესტუმრა მხოლოდ ერთი მიზნით — გაეცნო საჭირო ხალხი, ვინც მას დაეხმარებოდა ახალი მუნდირის შესაკერად უფასო ნაჭრის შოვნაში, ხოლო მასზე 6 წლით უფროსი ორშვილიანი ქვრივი ჟოზეფინა ამ მეჯლისზე ბრწყინავდა და ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. საოცარი რამაა ბედი… სულ ცოტა ხანში ნაპოლეონმა შეძლო მიექცია საზოგადოების ყურადღება პარიზის კონტრრევოლუციური ამბოხების ჩახშობით და პირველი, რაც მან გააკეთა, ჟოზეფინას ცოლობა სთხოვა. ჟოზეფინა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა პრაქტიკულობითა და ინტუიციით, დათანხმდა. ნაპოლეონს საოცრად უყვარდა მეუღლე, ის მას პატარა ბიჭივით ყოველდღე წერილებს სწერდა. ჟოზეფინა კი სარგებლობდა ნაპოლეონის პოპულარობითა და მდგომარეობით, რომელიც დღითიდღე ძლიერდებოდა და დროს ატარებდა…

მალე ნაპოლეონს მოუვიდა ჭორები იმის შესახებ, რომ მეუღლე ღალატობდა და სწორედ მაშინ, როდესაც მან ცოლთან გაშორება გადაწყვიტა, ჟოზეფინა მიხვდა, რომ სინამდვილეში უყვარდა ეს უცნაური და საკმაოდ მძიმე ადამიანი და მუხლებში ჩაუვარდა. ნაპოლეონმა ჟოზეფინას აპატია, მაგრამ მისი გრძნობა გადაიწვა და ბოლოს ისინი ერთმანეთს მაინც დასცილდნენ… ბედის ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ მათი გაყრის ოფიციალურ მიზეზად ის დასახელდა, რომ ჟოზეფინამ ნაპოლეონს მემკვიდრე ვერ გაუჩინა. გავა წლები და საფრანგეთის იმპერატორად გამოაცხადებენ სწორედ ჟოზეფინას შვილიშვილს და არა ნაპოლეონის პირდაპირ მემკვიდრეს.
ნაპოლეონისთვის რუსეთზე ლაშქრობა საბედისწერო გახდა. აქ დამარცხების შემდეგ დაიწყო ნაპოლეონის იმპერიის ნგრევა და მან წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია გაერთიანებულ ანტიფრანგულ კოალიციას, რომლის ჯარების პარიზში შესვლამ 1814 წელს აიძულა ნაპოლეონი, უარი ეთქვა ტახტზე.
ის გადაასახლეს მისი ცხოვრების მესამე კუნძულზე – ელბაზე. აქ ნაპოლეონმა შეძლო კიდევ ერთხელ მოეკრიბა მთელი თავისი ძალა და ნებისყოფა. მან 1815 წლის 26 თებერვალს დატოვა კუნძული და დაადგა გზას პარიზისკენ… ხალხი მას ტრიუმფით ხვდებოდა, და მან 20 მარტს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიაღწია საფრანგეთის დედაქალაქს, სადაც კიდევ იმეფა თავისი ცნობილი „100 დღის“ განმავლობაში. ყველაფერი კი, როგორც ვიცით, ნაპოლეონის ჯარის დამარცხებით დასრულდა ბელგიის სოფელ ვატერლოოსთან ცნობილ ბრძოლაში… ნაპოლეონ ბონაპარტი კი თავის ცხოვრებაში მეოთხე, საბედისწერო და ამჯერად უკანასკნელ, წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს, სადაც მან ცხოვრების ბოლო პერიოდი გაატარა…
ასეთი იყო საოცარი „კაცი—არქიპელაგის“, როგორც მე მას შევარქვი, ნაპოლეონ ბონაპარტის ოთხკუნძულიანი ცხოვრების საოცარი ისტორია. კაცის, რომელიც ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ფიგურად, უძლიერეს სტრატეგად, საფრანგეთის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის დამფუძნებლად, რომელმაც ცხოვრებაში მიაღწია უმაღლეს მწვერვალებს და გადაიტანა უმძიმესი დამარცხებები… კაცის, რომელიც ამბობდა — „რა მომხიბვლელი რომანია ეს ჩემი ცხოვრება!..“
გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და წარმატებულ დღეს!