თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88-ის“ თავმჯდომარე ზურაბ თაბუკაშვილს — სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ გახმაურებული საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს.
საქალაქო სასამართლოს ვებგვერდის ინფორმაციით, წინასწარი სასამართლო სხდომა 3 ოქტომბერს გაიმართება.
„წარდგენილი ბრალის თანახმად, [ზურაბ თაბუკაშვილს] ბრალად ედება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება… დიდი ოდენობით (27 ეპიზოდი), რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (1 ეპიზოდი). მასვე, ბრალად ედება, სხვისი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვა… დიდი ოდენობით (6 ეპიზოდი)“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, ვინაიდან მან მხედველობაში მიიღო ბრალდებულის სავარაუდო ქმედებით გამოწვეული ზიანის დიდი ოდენობა და გაითვალისწინა მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. შესაბამისად, თაბუკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება შეუფარდა.