შემდეგ ტელეეკრანზე გადაინაცვლა და ჟურნალისტად იმუშავა. დღეს ისეთი პროფესია აირჩია, რისი წყალობითაც სცენის მეორე მხარეს დგომა და მათი პოპულარიცაზია მოუწევს, ვინც ცხოვრების ავანსცენაზე დგას. ამას გარდა ეროვნულ კინოცენტრშიც მუშაობს და ცდილობს უცხოელი ფილმების მწარმოებლები საქართველოთი დააინტერესოს.
– გვანცა, მოდი, საუბარი თქვენი სცენაზე ასვლის პირველი დღის გახსენებით დავიწყოთ…
— პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ, შეძლებისდაგვარად, სცენის არც ერთი მხარის დათმობას არ ვაპირებ. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე 4 წლის ასაკში დავდექი და სიმღერის დასრულებისთანავე პირდაპირ პარტერში გასეირნება გადავწყვიტე. „აუტანელი“ ბავშვი ვიყავი, თუ ხალიჩაზე არ ვიდექი, ცოცხალი თავით არ ვმღეროდი. ბავშვობიდანვე ძალიან დატვირთული დღის განრიგი მქონდა, ხშირად მიწევდა საზღვარგარეთ „გასტროლზე“ წასვლა და ბევრი მუშაობა, რამაც განაპირობა ის, რომ ახლა უკვე სტრესულ სიტუაციებს თავს კარგად ვართმევ და რთულ პირობებში მუშაობა არ მიჭირს.
– საქართველოში, სადაც პიარ–ტექნოლოგიები ასეთი პოპულარულია, წესით, ამ კითხვას არ უნდა გისვამდეთ, მაგრამ მაინც, რატომ პიარი?
— დაგეთანხმებით, ჩვენთან პიარის თემა ძალიან პოპულარული და აქტუალურია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელობა ჩვენში ბევრს სწორად ესმის. ხშირ შემთხვევაში პიარ-მენეჯერობა ღონისძიებაზე სტუმრების მიყვანა, ან მხოლოდ მასმედიასთან ურთიერთობა ჰგონიათ. იმის იქით რამდენი სამუშაოა გასაწევი, ძნელად წარმოუდგენიათ. იყო დრო, როდესაც მეც ასე ვფიქრობდი, თუმცა მას შემდეგ, რაც GIPA-ში (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) სამაგისტრო პროგრამაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით ჩავაბარე, მივხვდი, რამდენ სფეროში უნდა ერკვეოდე და როგორი გამოცდილება უნდა გქონდეს, რომ თამამად უწოდო შენს თავს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი. GIPA-ში ერთ-ერთი საუკეთესო და ძალიან ამბიციური ჯგუფი შემხვდა. დღეს ახლო მეგობრები ვართ და, ვფიქრობ, ამ სფეროში ჩვენს სათქმელს აუცილებლად ვიტყვით.
– პოპულარობას გემო უკვე გაუგეთ, როგორ ფიქრობთ, სხვების პოპულარიზაციის დროს რა ხერხებს გამოიყენებთ და რას არა?
— გააჩნია სფეროს და სეგმენტს, ყველაფერს თავისი სპეციფიკა აქვს. ამ ეტაპზე ნაკლებად ვფიქრობ, რომ რომელიმე კონკრეტული პერსონის პიარ-მენეჯერობა მინდა. GIPA-ში სწავლის დროს აღმოვაჩინე, რომ ძალიან მაინტერესებს ბრენდინგი. ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან საინტერესო იქნებოდა. როგორც ჟურნალისტს, კარგად მესმის, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ნდობის ფაქტორს და ინფორმაციის სიზუსტეს. პიარი პროპაგანდა არ არის, ამიტომ ფაქტების გაყალბებას ხელს არასოდეს შევუწყობ. შეიძლება ინფორმაციის მიწოდება სამიზნე აუდიტორიისთვის გარკვეული, სასურველი ფორმით მოხდეს, მაგრამ ტყუილი და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა დაუშვებელია!
– პრინციპში, სამი პროფესია გაქვთ, ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, რომელში უფრო წარმატებული იქნებით?
— სამივე პროფესია ჩემი ნაწილია, მაგრამ, სამწუხაროდ, სამივეს ერთად კეთება რთულია. ხან ერთი „იჩაგრება“, ხან მეორე და ხან მესამე. ამჟამად სწავლის გამო მუსიკალურ სფეროს ცოტათი მოვწყდი. სიმღერასთან დაკავშირებითაც მაქვს გეგმები, მინდა სცენას ისევ დავუბრუნდე. რაც შეეხება ტელეჟურნალისტიკას, გამორიცხულია, რომ წლები იმუშავო ჟურნალისტად, ერთხელ მაინც დაჯდე პირდაპირ ეთერში და შემდეგ ეს „საგიჟეთი“ არ გენატრებოდეს. ხანდახან ნოსტალგია მიჩნდება. თუ შესაძლებლობა მომეცემა, გამორიცხული არ არის, რომ ამ მიმართულებაზეც ვიფიქრო.
– დღეს ეროვნულ კინოცენტრში მუშაობთ, როგორი გეგმები გაქვთ?
— ეროვნულ კინოცენტრში საინტერესო სამუშაო მაქვს. იყო ქართული კინოს სამსახურში, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე სულ უფრო მეტად იქცევს ყურადღებას, სასიამოვნო პროცესია. ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ ქართული ფილმების „პრომოუშენის“ კუთხით. ასევე გვინდა უცხოელი ფილმების მწარმოებლები საქართველოს გადასაღები ლოკაციებით დავაინტერესოთ. ვისურვებდი კინოცენტრს უფრო მეტი ბიუჯეტი ჰქონდეს. ამ შემთხვევაში ფილმების შექმნის შესაძლებლობა მეტ რეჟისორს მიეცემოდა. ჩვენ ძალიან ნიჭიერი რეჟისორები გვყავს, კინო კი ქვეყნის პოპულარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მიუხედავად ამისა, არ გამოვრიცხავ მიმართულების შეცვლას, ან საერთოდ კერძო კომპანიაში მუშაობას, რადგან სადაც ჩემი იდეების განხორციელებისა და განვითარების მეტი შესაძლებლობა მექნება, საქმიანობას იქ განვაგრძობ. ვფიქრობ, ეს არის სფერო, სადაც მუდმივად სწავლისა და გამოცდილების დაგროვების პროცესში ხარ.
– გვანცა, საუბრის დასასრულს სცენის ან ტელევიზიის რაიმე სახალისო მომენტსაც ხომ არ გაიხსენებდით?
— ჩემი ბავშვობის მეგობარი, პიანისტი დათუნა ალადაშვილი იყო ამერიკიდან ჩამოსული და საქართველოში კონცერტი უნდა გაემართა. მაშინ მე პირველ არხზე, დილის გადაცემაში ვმუშაობდი. ცალკე თემაა ჩემმა ოპერატორმა კლასიკური მუსიკის კონცერტის დროს სცენაზე რომ ისეირნა და ეფექტური კადრის გადასაღებად შუა კონცერტის დროს მას კინაღამ ფეხი ააღებინა პედლიდან. კონცერტიდან მორიგ გადაღებაზე გავრბოდი, ამიტომ დროულად უნდა მომესწრო მასალის „გადაგორება“. როგორც კი დათუნამ ბოლო ნაწარმოების შესრულება დაასრულა, აპლოდისმენტების ფონზე სცენაზე ავიჭერი. მინდოდა დათუნას “სინქრონი” სცენაზევე უცებ ჩამეწერა. სცენა რემონტში იყო, ამიტომ ჩემი ფეხსაცმლის 10-სანტიმეტრიანი ქუსლი ფიცრებს შორის ადვილად ჩაიჭედა. წამოიდგინეთ, სირბილის დროს ასეთი რამ რომ დაგემართება, რა სანახავი ვიქნებოდი… ძალიან კარგი კონცერტი იყო, დარბაზი დაინგრა და ამ აპლოდისმენტების ფონზე დათუნა, დამსწრე საზოგადოებისთვის მადლობის გადახდის ნაცვლად, ჩემი ფეხსაცმლის ქუსლს ეჭიდავებოდა… თუმცა, საერთოდ, როდესაც სცენაზე ვდგავარ, ძალიან მობილიზებული ვარ. რა თქმა უნდა, მოულოდნელი შემთხვევებისგან არავინაა დაზღვეული, ამიტომ ასეთი მომენტები ჩემი აქტიური ჟურნალისტური საქმიანობის დროს ბევრი მახსენდება. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და ისინი სცენასა და მასმედიის სფეროშიც ჩვეულებრივი ამბავია…