საქართველოს კონსტიტუციაში, შესაძლოა, ნატოს შესახებ ჩანაწერი გაჩნდეს

© photo: Sputnik / Катерина Совдагари / გადასვლა მედიაბანკშიდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ფრაქციებს მოუწოდა, ხელი მოაწერონ საკანონმდებლო ინიციატივას კონსტიტუციის პრეამბულაში ჩანაწერის შესახებ: „დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში“.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ინიციატივას კონსტიტუციის პრეამბულაში შესწორების შეტანის შესახებ, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფებას მოიაზრებს.

მანამდე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ და სხვა პოლიტიკოსებმა საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით მიმართეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ქვეყნის უბლოკო სტატუსის გამოცხადების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ.

„გადავწყვიტე, მივმართო ჩემს კოლეგებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს და პარლამენტში შევიტანოთ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების ჩაწერის ინიციატივა, იმ ცვლილებისა, რომელიც სჭირდება საქართველოს, მის უსაფრთხოებას, მის მომავალს და მის კეთილდღეობას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში, სადაც საუბარია, თუ რა სურს ქართველ ხალხს, რისთვის სჭირდება მას სახელმწიფო, დაემატოს ფრაზა — „დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში“, — განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს იქნება ადეკვატური პასუხი ყველა იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, ვინც მოითხოვს, რომ საქართველო არანაირ ბლოკში არ გაერთიანდეს.

"საქართველოს პარლამენტში ორშაბათს, 15.00 საათზე გაიმართება პარლამენტის ბიუროს სხდომა. ბიუროს სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილება საქართველოს პარლამენტში შემოსული განაცხადი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც აპირებენ შეაგროვონ საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერები და საქართველოს კონსტიტუციაში მოითხოვონ უბლოკო სტატუსის ჩაწერა, ანუ კონსტიტუციურად აუკრძალონ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია", — განაცხადა უსუფაშვილმა.

„ეს იქნება ჩვენი თანამიმდევრული პოლიტიკის გამოხატულება. მინდა შეგახსენოთ, რომ ერთი თვის წინ ჩვენ, პარლამენტის ყველა ფრაქციამ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების შესახებ, რომელიც ხელმოწერებით დაადასტურეს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა“, — განაცხადა უსუფაშვილმა ბრიფინგზე, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა პირდაპირ ეთერში გადასცა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყველა ფრაქციას ინიციატივაზე ხელმოწერისკენ მოუწოდა. თავად უსუფაშვილმა ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერა.

ყველა ახალი ამბავი
0