ქუთაისზე მოგონებების 700 გვერდიანი წიგნი აქვს დაწერილი და შეიძლება ითქვას, რომ მისი ცხოვრება შემოქმედებით მომენტებს, სცენისა და სტუდიის მიღმაც არ არის მოკლებული.
— ბატონო კოტე, მოდი, დავიწყოთ გრიბოედოვის თეატრიდან, სადაც რუსული ზღაპრების მიხედვით მიუზიკლზე „ემელიას ბედნიერება“ იმუშავეთ…
— დიახ, მე ვარ ამ მიუზიკლის სიმღერების ავტორი, მათ შესაქმნლად კარგად შევისწავლე რუსული ფოლკლორი, მისი სპეციფიკური ინსტრუმენტალური თუ ტონალური ჟღერადობები, გლინკადან დაწყებული შოსტაკოვიჩით დამთავრებული. ჩემი მუსიკის შექმნის დროს ორიენტაცია რუსულ ხალხურ მუსიკალურ კილოზე ავიღე. მინდა, რომ თბილისში „რუსული კლუბის“ დამაარსებელს, ნიკოლაი სვენტიცკი დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ასეთ სერიოზულ პროექტზე სამუშაოდ სწორედ მე ამომარჩია. გაგებული მაქვს რომ რუსულმა დიასპორამაც მაღალი შეფასება მისცა ჩემს ამ ნამუშევარს. ეს მიუზიკლი მართლა კარგი გამოვიდა და კიდევ იმ უმთავრესი მომენტის გამო, რომ მისი დამდგმელი რეჟისორი საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე – ბატონი გოგი თოდაძეა. მასთან მუშაობა უდიდესი ბედნიერება იყო ჩემთვის და მოხარული ვარ, რომ ეს რუსული მიუზიკლი მარტო ბავშვებისთვის არაა, უფროსებისთვისაცაა.
- პოპულარული ანიმაციური სერიალის „ჩემი ეზოს ამბები“ მუსიკის ავტორიც ხართ.
— დიახ, ეს მულტსერიალი მართლაც „იმედზე“ გადიოდა, მისთვის მუსიკის შექმნისთვის კომპოზიტორობის დიდი კასტინგი ჩატარდა.ჩემი მეგობრების რჩევით ამ აუდიოკასტინგზე ჩემს მიერ დაწერილი საბავშვო მუსიკალური თემები გავაგზავნე. საინტერესო იყო ისიც, რომ ამ კონკურსში ამერიკული მხარეც იყო ჩართული და მან სწორედ ჩემი მუსიკალური კომპოზიციები მოიწონა. აქვე, ვსარგებლობ შემთხვევით და ქალბატონ მარინა უშვერიძეს მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა. მან ხომ ახალი კარი გამიხსნა ჩემთვის უაღრესად საინტერესო სამყაროში.
-კომპოზიტორ ზურაბ მჟავიას ოდესღაც პოპულარული სიმღერის „დეკემბერი, დეკემბერი“ არანჟირება თუ არ ვცდები, თქვენ გეკუთვნით?
— დიახ, ამ სიმღერას როგორც ჩემი თაობის მსმენელს ახსოვს, სულ პირველად დარეჯან გურასაშვილი და მერაბ სეფაშვილი ასრულებდნენ. რამდენიმე წლის წინ მე და ჩემმა მეუღლემ ამ ცნობილი მეინსტრიმის ახალი ვარიანტი შევქმენით – ამჯერად ოთხი ხმისთვის და აბსოლუტურად სხვა შინაარსობრივი ჟღერადობა მივიღეთ. მისი ავტორიც აღფრთოვანებული დარჩა და ახლაც, როცა კი საშუალება მიეცემა, მუდამ აქებს ამ ნამუშევარს. გადავწყვიტეთ ეს ეფექტი კიდევ უფრო გაგვეძლიერებინა და კლიპიც ჩავიფიქრეთ. მერე ისე "გავკადნიერდით", რომ ბატონ ზურაბს ამ კლიპში მონაწილეობაც ვთხოვეთ და ასე ჩავტოვეთ მისი სახე მისივე სიმღერის ახალ ვერსიაში. ეს კლიპიც თავად გადავიღე და დავამონტაჟე. სხვათა შორის, ისევ "იმედმა" წარადგინა იგი საზოგადოების წინაშე.
- ბატონო კოტე, საბავშვო სიმღერის ფესტივალის ჩატარების იდეა თქვენ გეკუთვნით, სად ჩატარდა ის?
— არც მეტი, რც ნკლები და… მაღალმთიან შოვში. ამ ფესტივალის დაარსების იდეის ავტორი, მთავარი პროდიუსერი და მუსიკალური ხელმძღვანელი მე ვიყავი. თავიდან ეს საქმე სპონტანურად დავიწყე, 2008 წელს, შოვში დასვენებისას, უსაქმურობისგან ლამის მთქნარებაატეხილმა შევკრიბე დამსვენებელი ბავშვები და ვაცნობე, ახლა ფესტივალი უნდა მოგიწყოთ–თქო! რომ იცოდეთ როგორ ამყვნენ. სანატორიუმის ხელმძღვანელი და რაიონის გამგებელიც კი აიყოლიეს და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში კაი გვარიანი საპრიზოპ ფონდიც კი შექმნეს.
მეორე წელს, ფესტივალი საერთო სახალხო გახდა, უმრავი ახალი მიმართულებებიც მიემატა და ტრადიციულიც უნდა გამხდარიყო, კულტურის სამინისტროსაც მოეწონა, მაგრამ მერე, რატომღაც ჩაიშალა. ამას გარდა მინდა გავიხსენო კიდევ ერთი პროექტი, რომელიც გავუკეთე ქართული ფოლკის თეატრ „ლეგასს“, რომელიც ცეკვის ანსამბლია. პროექტში 8 საცეკვაო კომპოზიცია და ერთი მიუზიკლი იყო.
სულ ახლახან ჩემმა მეგობარმა, მამიკა მხეიძემ, რომელიც სამტრედიის საბავშვო ფოლკ–თეატრის "ლილეს" პროდუსერია, მუნიციპალიტეტთან ერთად შემომთავაზა, რომ „ლილე“–სთვის ფოლკის და თეატრის დამაკავშირებელი სინთეზური მიუზიკლი გამეკეთებინა.
ჯერ ეჭვით შევხედე ამ იდეას, მაგრამ ისე მომეწონა ეს უნიჭიერესი ბავშვები და ისე აღმაფრთოვანა მათი ხელმძღვანელების თითქმის შიშველმა ენთუზიაზმმა, რითაც ეს ბავშვები ჰაი–კლასის დონეზე აეყვანათ, რომ დავთანხმდი და ბოლო ორი წელია ფოლკლორულ მონო-მიუზიკლებზე ვმუშაობ. ორი მათგანი: „იავნანამ რა ქმნა?“ და“ ვაჟას სამყარო“ უკვე გაკეთებული მაქვს და პრეზენტაციაც დიდი ზარ–ზეიმით და კულტურის ცნობილი მოღვაწყეების და მთავრობის წევრთა მაღალი შეფასებების ფონზე დაგვირგვინდა…
- თქვენს შემოქმედებაში იყო მუსიკალური ჯგუფი, რომლის წარმატებაში ლომის წილი გაქვთ, „სეფას ბიჭები“ მაქვს მხედველობაში…
— დიახ, ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, კომპოზიტორი და პროდუსერი ვიყავი. ეს ბიჭები 2004 წლიდან შევკრიბე. მანამდე, იყო ტრიო, რომელსაც იგივე სახელი ერქვა, რადგან მისი ხელმძღვანელი, კომპოზიტორი ედუარდ სეფაშვილი იყო. ბიჭები სრულიად შემთხვევით მოვიდნენ ჩემთან. მათ საკუთარი კომპოზიციები შევთავაზე. მოგვიანებით მე და ირმამ, (რომელიც ბიჭების ვოკალზე და კომპოზიციების ხმებში გაშლაზე მუშაობდა), ჯგუფს ირაკლი ალფაიძე დავამატეთ და კვარტეტად ვაქციეთ. ჩვენს ახალ სიმღერებს პირველად ბატონ ედუარდს ვასმენინებდით. სიმღერა „სოხუმი“, რომლის თავდაპირველი ვერსიის ავტორი იგორ სარუხანოვია, გიტარებით და გაშლილი ხმებით აბსოლუტურად სხვა სიმღერად ვაქციეთ და როცა ბატონ იგორს მოვასმენინეთ, სიმღერით აღფრთოვანებული დარჩა.
- ვიცი, რომ ნიკო გომელაურთან მეგობრობა გაკავშირებდათ, რას გაიხსენებდით?
— ბედნიერი ვარ, რომ მე და ნიკოს შემოქმედებითი და პირადი მეგობრობა გვაკავშირებდა. სიამაყით ვახსენებ, რომ ნიკო ამბობდა, კოტეს ყველაზე მეტად ესმის ჩემიო, სხვათა შორის ნიკოს ჩემი მეუღლის, ირმას აზრიც ყოველთვის აინტერესებდა…
ჩვენი პირველი მუსიკალური კონტაქტი "უცნობის "სიმღერა იყო – "მზეს ველოდები". იქნებ, ყველამ არ იცის, რომ ცნობილი ფილმიდან „ბანდიტური პეტერბურგი“ –იგორ კორნილუკის მუსიკაზე დაწერილი სიმღერის ქართული ტექსტი ნიკოს ეკუთვნის, სიმღერის არანჟირება ჩემია. ალბათ ყველას არ მოუსმენია და თავად ნიკო ამ სიმღერას არაჩვეულებრივად ასრულებდა. ნიკომ ტექსტი დაწერა, მე კი არანჟი გავაკეთე და უკვე ყველამ იცით, როგორ გაისროლა თავის დროზე მან "უცნობის" შესრულებით. მერე იყო არანაკლებ პოპულარული "აუდიოწიგნი", სადაც მსმენელს შევთავაზეთ ნიკოს ლექსები ცემეული საუნდტრეკების თანხლებით. ცოტა ხნის მერე მის ლექსზე – „ტანგო“– სიმღერა გავაკეთე. აწ განსვენებულმა დიდებულმა რეჟისორმა გიორგი ბერიძემ არაჩვეულებრივი კლიპიც შექმნა ამ ოდნავ კომედიური ტრეკის მიხედვით. მერე იყო სიმღერა ნიკოს ლექსზე ”ნაზი აკორდები“, რომელიც ნიკოს "გედის სიმღერად" იქცა და რომელიც ნიკოს დაჟინებული თხოვნით ვაქციე სიმღერად. მისი ჩაწერის დღეს ძალიან ცუდად იყო, მაგრამ სტუდიიდან 4 საათი მაინც არ გამოსულა და ბოლომდე დაიხარჯა… სიმღერის პრემიერა „თავისუფალ თეატრში“ შედგა მის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე…
-იმდენად შემოქმედებითი ადამიანი ხართ, რომ დასვენების დროსაც კი რაღაცას ქმნით…
— მართლაც ასეა… ივლისში ოჯახთან ერთად ბაკურიანში ვისვენებდი და სხვადასხვა ღონისძიებები ჩავატარე, მაგალითად ინტელექტუალური შეჯიბრი: „რა? სად? როდის?“, მოვაწყვე ავტორალი, ცხენზე ჯირითი. ყოველ ზაფხულს ჩვენი ოჯახური არქივი სიუჟეტებითა და კლიპებით ივსება ხოლმე. ისიც მომხდარა, რომ სასტუმროში გადამიღია კლიპი, იქვე დამიმონტაჟებია და მერე პრეზენტაციაც აქვე ჩაგვიტარებია. ოჯახის წევრებიც ასეთები არიან, მეუღლე პროფესიონალი მუსიკოსია. ჩემი შვილი, პეტრე 9 წლის იყო, როცა დიდი კასტინგის შედეგად რუსთაველის თეატრში, „ოლივერ ტვისტის“ მთავარ როლზე შეარჩიეს. ჩემი გოგო, ეკა თავისუფალ თეატრში სპექტაკლში–დავით ტურიაშვილის დაწერილ და წლების შემდეგ ჩემს მიერ ახლებურად გაკეთებულ მიუზიკლში – „პეპი გრძელიწინდა“ –ანიკას თამაშობდა. იმავე სპექტაკლში, ტომის როლს, ნიკო გომელაურის ბიჭი, ჯეჯი გომელაური ასრულებდა. პეპის სახე კი უნიჭიერესმა ვოკალისტმა – ნატუკა ნაყოფიამ შექმნა. მოკლედ, შემოქმედებითად ვცხოვრობთ და სხვანაირად ვერც წარმოგვიდგენია…
- ბატონო კოტე, მინდა თქვენს მშობლიურ ქუთაისზეც გკითხოთ, რას ნიშნავს ეს ქალაქი თქვენთვის?
— ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქია, სადაც ჩემი მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო. ამ ქალაქის დრამატულ თეატრში სამი მიუზიკლი მაქვს გაკეთებული: „სიყვარული, ჯაზი და ეშმაკი“, „ჭინჭრაქა“ და „სამი და“- ჩეხოვის მოტივებზე. მე ამ სპექტაკლების მიუზიკლის ავტორი ვიყავი. იქ საბავშვო საესტრადო სკოლა სტუდიის დამფუძნებელი, მენეჯერი და მუსიკალური ხელმძღვანელი ჩემი მეუღლე, ირმა მალანია იყო.
ქუთაისზე 700 გვერდიანი წიგნი მაქვს დაწერილი. ის შარშან გამოვიდა და ერქვა „დიდი კაცი პატარა ქალაქის თავზე“, რომელიც ჩემი ბიძის, რესპუბლიკის დამსახურებული მხატვრის, ოთარ ქანდარიას ხსოვნას მივუძღვენი. მისი მთავარი რედაქტორი კი ახლახანს გარდაცვლილი უდიდესი ქართველი, ფილოსოფოსი, მწერლი და საზოგადო მოღვაწე მალხაზ კვანჭილაშვილი გახლდათ. სწორედ მან დამარწმუნა, რომ ჩემი მოგონებები წიგნად მექცია. ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე.