ქართველმა მშვილდოსნებმა რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულეს

© photo: Sputnik / Валерий Мельников / გადასვლა მედიაბანკშიმშვილდოსნობა
მშვილდოსნობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოლიმპიური თამაშები სამმა ქართველმა „ამორძალმა“ დატოვა. გოგონები ინდივიდუალური შეჯიბრების 1/32 ფინალში დამარცხდნენ და ოლიმპიადას გამოეთიშნენ.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ქართველი მშვილდოსნები იულია ლობჟანიძე და ქრისტინე ესებუა ოლიმპიურ თამაშებზე ინდივიდუალური შეჯიბრების 1/32 ფინალში დამარცხდნენ და ოლიმპიადას გამოეთიშნენ.

განსაკუთრებით გულდასაწყვეტი ლობჟანიძის დამარცხება იყო, რომელმაც მექსიკელ ალეხანდრა ვალენსიასთან ორი სასტარტო სეტი მოიგო — 28:25, 28:27, თუმცა შემდგომ მეტოქეს სამ პარტიაში დაუთმო — 26:27, 27:28, 27:29 და საერთო ანგარიშით წააგო 4:6.

Sputnik-ის კორესპონდენტი ლობჟანიძეს რიოში გაესაუბრა და მოულოდნელი მარცხით დაინტერესდა.

საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ხათუნა ნარიმანიძე - Sputnik საქართველო
მშვილდოსანმა ნარიმანიძემ რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა

„არ ვიცი, რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მოგებასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ მოწინააღმდეგემ გამარჯვება, როგორც იტყვიან, ჯიბიდან ამომაცალა. თუ სიმართლეა, უნდა ითქვას, რომ ჩემი მეტოქე ფავორიტად იყო მიჩნეული. ალეხანდრა ვალენსია ძალზე გამოცდილი და ძლიერი მსროლელია. ამიტომაც ორმაგად მწყდება გული, რომ სეტებში ასეთი დაწინაურება ქარს გავატანე. შეგვეძლო პირადშიც და გუნდურშიც უკეთ გვეასპარეზა, მაგრამ ეს ოლიმპიადაა, სადაც წინასწარ ვერასდროს ვერაფერს დაგეგმავ“, — თქვა ლობჟანიძემ.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადას გამოეთიშა ქრისტინე ესებუაც. ქართველმა ჩუბინმა 1/32-ფინალში სამ რაუნდში მაქსიმალური 30 ქულიდან 29 მოაგროვა, თუმცა, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რაც იშვიათი მოვლენაა.

ესებუას მეტოქე ინდოელი დეეპიკა კუმარი იყო. ქართველმა სპორტსმენმა ნამდვილად კარგად ისროლა, მაგრამ მეტოქემ საოცარი თავდაჯერებულობა გამოიჩინა და ქრისტინეს ყველა ათიანს ათიანში სროლითვე უპასუხა.

საბოლოოდ, ქართველმა მშვილდოსანმა ინდოელთან ორი რაუნდი დათმო (26:27, 27:30), ერთში იმარჯვა (29:27), ორი კი ფრედ (29:29, 29:29) დაასრულა და ჯამში ანგარიშით 4:6 წააგო.

„ბოლომდე ვიბრძოდი და რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. თუმცა, როგორც იცით — იგებს უძლიერესი“, — ასეთი კომენტარი გააკეთა Sputnik-თან ესებუამ.

მანამდე რიოს ოლიმპიადას კიდევ ერთი ქართველი მშვილდოსანი — ხათუნა ნარიმანიძე გამოეთიშა. საქართველოს ნაკრების ყველაზე გამოცდილმა სპორტსმენმა გამარჯვება უკრაინელ ლიდია სიჩენიკოვას დაუთმო ანგარიშით 1:7.

იხილეთ ქართველ მშვილდოსნებთან ინტერვიუ >>

ყველა ახალი ამბავი
0