ამ მასალისგან დამზადებული ნივთები დღეს მოთხოვნადია და კარგად იყიდება. ხელოვანის მაღაზია მსოფლიოში ერთ-ერთ პოპულარულ Hand made საიტ- "ETSY" ზეა. სამკაულები მას ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინეტზე აქვს გაგზავნილი. ამბობს, რომ ხელოვნებაში ყველაფერი ასიმეტრიული, ავანგარდული, გაუგებარი და გაურკვეველი უყვარს…
-ქალბატონო ლელა, როგორ მოხვდით თავიდან კიევში და როგორ გრძნობს თავს ქართველი უკრაინაში?
— როდესაც გაუსაძლისი 90-იანი წლები იდგა, ისევე, როგორც ბევრმა ქართველმა, უკეთესი ცხოვრების ძიებაში საქართველო ჩვენც დავტოვეთ. ასე აღმოვჩნდით კიევში. უკრაინა ძალიან მიყვარს, ისე არა, როგორც საქართველო, მაგრამ ის ჩემთვის უკვე თითქმის მეორე სამშობლოა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ცხოვრების ნახევარზე მეტი აქ გავატარე. უკრაინელებს ძალიან უყვართ ქართველები და პატივს გვცემენ. ვერ იგრძნობ, რომ ჩამოსული ხარ, არავინ გკითხავს: აქ რა გინდა?— ყველას იღებენ. მთავარია, ადამიანობა გქონდეს და არაფერი დააშავო, მე პირადად არ მახსოვს ვინმესგან მეგრძნოს, რომ ეს ჩემი ქვეყანა არ არის. ვისაც ვიცნობ და ვისთანაც ურთიერთობა მქონია, ქართველები ყველას უყვარს და აბსოლუტურად ყველას ოცნებაა, რომ ოდესმე საქართველოში მოხვდეს.
-პოლიმერული თიხისგან სამკაულების გაკეთება როდის დაიწყეთ?
— თიხის შესახებ ინტერნეტით შევიტყვე, მაშინ როცა მესამე ბავშვი გავაჩინე. ორი უფროსია და მათ ბავშვობაში ინტერნეტი არ იყო. როცა წამოიზარდნენ, ინტერნეტიც მისაწვდომი გახდა, მათაც ვჭირდებოდი და დრო ნაკლებად მქონდა. მესამე რომ გავაჩინე, თავისუფალი დრო ძალაუნებურად გამიჩნდა, სულ სახლში ვიყავი და რაღაცით დაკავებული. თავიდან ქსოვილზე მუშაობა დავიწყე, ვამზადებდი: ყელსაბამებს, ბროშებს და სამაჯურებს და როგორც ხელოვნების მოყვარული ყველა ადამიანი, პარალელურად ინტერნეტში ვეძებდი იდეებს. ერთხელაც ვუყურე თიხისგან სხვადასხვა ნაკეთობებს როგორ ძერწავდნენ და მეც მომინდა, მსგავსი რამ მომესინჯა. მასალა და ინსტრუმენტები შევიძინე და დავიწყე… შემდეგ ამ საქმემ უფრო და უფრო მიმიზიდა და ძალიან სასიამოვნოც გახდა.
- რთულია პოლიმერული თიხისგან ნივთების დამზადება?
— ჯერ გეტყვით, რომ პოლიმერული თიხა ეს არის ბუნებრივი თიხისგან ბევრად განსხვავებული მასალა, რომელიც პლასტელინს უფრო ჰგავს. როდესაც მისგან რაიმე ნივთს ამზადებ, ღუმელში გარკვეულ ტემპერატურაზე უნდა გამოწვა, ამით განსხვავდება ის პლასტელინისგან და უფრო მეტად უახლოვდება თიხას. ამ მასალას ამზადებენ გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ახლა რუსეთმაც გამოუშვა, მაგრამ ისინი ერთმანეთისგან ხარისხითა და ფუნქციებით განსხვავდებიან. ევროპული უფრო პროფესიონალურია, საუკეთესოდ ითვლება გერმანული ბრენდი FIMO. ამ თიხას ამოუწურავი შესაძლებლობები აქვს. მასზე მუშაობის უამრავი ტექნიკა არსებობს. მე რომ მუშაობა დავიწყე, მაშინ ინტერნეტში ძალიან ცოტა ინფორმაცია იყო, ამიტომ ბევრი რამის საკუთარ შეცდომებზე სწავლა მომიწია. არ დავსწრებივარ არც ერთ მასტერ-კლასს, ყველაფერი რაც ვისწავლე, მხოლოდ ინტერნეტის დახმარებით და დამოუკიდებლად ავითვისე.
-თქვენ გაქვთ მაღაზია მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარულ Hand made საიტზე — რისი მოთხოვნაა და თქვენი ნაკეთობებიდან რომელი იყიდება ყველაზე მეტად?
— დიახ, ძალიან ცნობილ “Hand made” საიტზე "ETSY" მაღაზია მაქვს. ძირითადი მყიდველი ამერიკელია, იმიტომ, რომ საიტი ამერიკულია, მაგრამ ბევრი ამ ნახელავებს ყიდულობს ევროპიდან, ავსტრალიიდან, იაპონიიდან. სამკაულები ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინეტზე მაქვს გაგზავნილი. მათ მაინც საჩუქრებად ყიდულობენ ხოლმე, რადგან ორიგინალური საჩუქრების მირთმევა უყვართ. ნაკეთობიდან უფრო ყელსაბამები, მერე საყურეები, ბროშები, ბეჭდები და სამაჯურები უყვართ. ამას პირადად ჩემი გამოცდილებისა და სამკაულების სტილიდან გამომდინარე დავაკვირდი. ზოგს მარტო სამაჯურები აქვთ და მათ ჰყიდის, მაგრამ ჩემი სხვა სტილის, უფრო ევროპული, თოკებით გაწყობილი და თინეიჯერული სამაჯურებია.
-ქართულ ელემენტებს და დეტალებს თუ იყენებთ ნაკეთობებზე?
— ერთ სტილში არ ვმუშაობ, მაგ მხრივ ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. ერთი და იგივე მწყინდება და ახლების მოსინჯვა მიყვარს, ამიტომ ჩემს ნაკეთობებში შეიძლება აღმოაჩინო როგორც ეთნიკური ელემენტები, ასევე მოდერნი და არტი, ქართულ ელემენტებს არ ვიყენებ, მაგრამ მეუბნებიან, რომ ჩემს სამკაულებს რაღაც განსხვავებული სტილი აქვს. მე ვფიქრობ, ეს ჩემი ეროვნებიდან გამომდინარეა, იმიტომ, რომ ძირითადად ორნამენტების გამოყენება მიყვარს, არ მიყვარს ყვავილები, თუ რაიმეს მცენარეულს ვაკეთებ, ყველაფერი, მაინც არტში გადამდის. არ მიყვარს სიმეტრიები, ყველაფერი ასიმეტრიული, ავანგარდული, გაუგებარი და გაურკვეველი მიყვარს. გამოფენებზე არ დავდივარ, რადგან ძალიან დაღლელია, თან ბავშვთან ერთად ეს თითქმის შეუძლებელია, ერთხელ ვარ კიევში გამოფენაზე ნამყოფი და მეტად ალბათ ცხოვრებაში აღარ წავალ. ჩემი ინტერნეტ მაღაზია სრულიად მაკმაყოფილებს. სულ ახლახან, ახალ ხაზზე მუშაობა დავიწყე, სამკაულები და აქსესუარები მათთვის, ვისაც თმებში დრედები აქვთ დაწნული და ყველაზე მეტს დრედის აქსესუარებს ვყიდი.
- როგორც ვიცი, FIMO”- ბრენდის თიხის პოპულარიზაციისთვის გამართულ კონკურსის გამარჯვებული ხართ.
— ჩემი საქმიანობა ახალი დაწყებული მქონდა, რომ რომელიღაც ინტერნეტ-მაღაზიამ შემოგვთავაზა კონკურსი, ეს იყო რეკლამა „FIMO”- ბრენდის თიხის პოპულარიზაციისთვის. მასალას ჰყიდდნენ ნაკრების სახით, რომელშიც 4 ფერის თიხა შედიოდა, მათგან რომელიმე ფერი უნდა ამოგერჩია და მისგან სამკაული გაგეკეთებინა. მაშინ სამაჯური გავაკეთე და კონკურსშიც გავიმარჯვე. გამარჯვების ნიშნად გადმომეცა თიხაზე სამუშაოდ ძალიან საჭირო ატრიბუტი,- პატარა დანადგარი, რომელიც თიხას ერთ დონეზე და სხვადასხვა მილიმეტრებში აბრტყელებს. ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მით უმეტეს „FIMO“-ს ბრენდის, სახლში ჩინური უკვე მქონდა, მაგრამ მოგეხსენებათ მათ სულ სხვა ხარისხი აქვთ.
- როგორ გრძნობთ სამშობლოს მონატრებას?
— საქართველო სულ მენატრება, მენატრება ყველაფერი: ჰაერი, ბუნება, კერძები, ხალხი… აქედან რაც ჩამოვთვალე, საქართველოში ყველაფერი სრულიად განსხვავებულია, ვიდრე სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. როდესაც საქართველოში დაშვებული თვითმპრინავიდან თავს გამოვყოფ და ჰაერს ჩავისუთქავ, აი, არ ვიცი ყველა ასე თუ გრძნობს, მაგრამ ჩემთვის საქართველოს ჰაერს სულ სხვა სურნელი აქვს, ვერავის ვაჯერებ, როცა ამას ვეუბნები, ნუთუ მარტო მე ვგრძნობ? არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის პირადად, ქართულ ჰაერს განსაკუთრებული სურნელი აქვს და ეს სურნელი ძალიან მენატრება..