შვეიცარიელი პროფესორი, ქართული სუფრა, მოპარული მატარებელი და ალპინისტი დაცვაში

© photo: Sputnik / Levan Avlabreliმერი ელენ ჩეტვინი
მერი ელენ ჩეტვინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისეც მომხდარა, რომ ჩვენი თანამშრომლებისთვის უბრალოდ წაურთმევიათ ჰუმანიტარული დახმარება... ვის და „შავებს“, „მხედრიონელებს“...

აგნესა პაპაზიანი

Sputnik-ის პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ წარმოშობით ამერიკელ ქალბატონს, ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორს მერი ელენ ჩეტვინს გაგაცნობთ.

მერი ჩეტვინი აშშ-ში დაიბადა, მაგრამ ცხოვრების დიდი ნაწილი ევროპაში, შვეიცარიაში გაატარა. საქართველოში ურთულეს 90-იანებში ჩამოვიდა ჰუმანიტარული მისიით. მერი ელენი ანთროპოლოგიის პროფესორია. მისი სადისერტაციო თემა, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ბაზელის უნივერსიტეტში დაიცვა, ქართული სუფრა იყო.

საქართველო — სად არის ეს ქვეყანა?

საქართველოში ჩამოსვლამდე არც კი ვიცოდი, რომელ კონტინენტზე მდებარეობდა ეს ქვეყანა. შვეიცარიიდან ყოფილ მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ჩამოვფრინდი. მათ საქართველოს ნახვა, უფრო სწორად, ამ ქვეყნის შეთვალიერება უნდოდათ ახალი ბიზნეს-შესაძლებლობების კუთხით.

ამ ჯგუფს საქართველოში ტურიზმის სფეროში სურდა ინვესტიციების ჩადება. ჰქონდათ იდეები, გამოცდილება, ფული… და არჩევანი რაჭაზე შეაჩერეს, ვინაიდან ამ კუთხემ ყველა მათგანი მოხიბლა.

© Levan Avlabreliმერი ელენ ჩეტვინი
მერი ელენ ჩეტვინი - Sputnik საქართველო
მერი ელენ ჩეტვინი

 

იქ ულამაზესი მთები, უამრავი გამოქვაბული და ფერადოვანი კლდეებია. კიდევ კავკასიონის მყინვარები, უჩვეულოდ დაბურული ტყეები, უამრავი ძველებური საყდარი, ციხე-სიმაგრეები, გამჭვირვალე, კამკამა მდინარეები, საოცრად სუფთა ჰაერი… ვოცნებობდით, რომ ეს კუთხე ტურისტებისთვის მიმზიდველად გვექცია.

მანამდე იტალიაში ვმოღვაწეობდი ჩემი პროფილით და უკვე მქონდა სხვადასხვა პროექტში მუშაობის გამოცდილება. იქაურ სოფლებში, სადაც ადამიანები „მჭიდროდ მეზობლობენ“ შინაურ თუ გარეულ ცხოველებთან — ძროხებთან, ცხვრებთან, მგლებთან თუ დათვებთან — მე ვსწავლობდი მათი ცხოვრების პირობებს, ვითარებას, გარემოს, ადამიანსა და ბუნებას შორის არსებულ ეკოლოგიურ ბალანსს.

რაჭაშიც ამით დავიწყე, ანუ ვსწავლობდი ბუნებრივ გარემოში ადამიანის ცხოვრებას. მეცნიერული კუთხით უკვე ბევრი რამ ნაცნობი იყო, თუმცა ჩემ თვალწინ მაინც უამრავი ახალი და ძალიან საინტერესო ჰორიზონტიც იშლებოდა. ასე რომ, როგორც ანთროპოლოგი, ძალიან კმაყოფილი ვიყავი.

სოფელ-სოფელ დავდიოდი და მასალებს ვაგროვებდი, ადგილობრივებს ვესაუბრებოდი, თანაც ბევრსა და ხანგრძლივად. იქაურები საოცრად გულისხმიერები, თბილები, კეთილები, გულუხვები არიან და გამუდმებით მზად არიან დაგეხმარონ. ასეთებად დამამახსოვრდა რაჭველები…

სამწუხაროდ, მაშინ ჩემმა ქმარმა პროექტისთვის ხორცშესხმა ვერ მოახერხა — საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო და ჩვენ კი არა, ყველა ინვესტორი გარბოდა ქვეყნიდან… არანაირი ბიზნესის დაწყებას არ ჰქონდა აზრი.

საქართველომ საშველად გვიხმო

შვეიცარიაში დაბრუნებულმა ანთროპოლოგი ქალბატონი გავიცანი, რომელიც თუშეთში მუშაობდა. მას ძალიან აინტერესებდა ისეთი უნიკალური მოვლენა, როგორიცაა ცხვრის გამოსაზამთრებლად სხვა რეგიონში გადარეკვა…

გამოხდა ხანი და ერთ დღესაც ამ ჩემმა ნაცნობმა ანთროპოლოგმა დამირეკა და მითხრა, საქართველოში პროექტს ვიწყებთ და წამოდიო. გახარებული დავთანხმდი — ეს ქვეყანა მაცდურად მახსენებდა თავს და იქ მუშაობის დაუძლეველი სურვილი პირდაპირ მკლავდა. ვგრძნობდი, რომ საქართველოში საჭირო ვიყავი…

© მერი ელენ ჩეტვინის პირადი არქივიდან Servas Georgia-ს ეროვნული მდივანი მერი ელენ ჩეტვინი Servas Korea-ს წარმომადგენლებთან
 Servas Georgia-ს ეროვნული მდივანი მერი ელენ ჩეტვინი Servas Korea-ს წარმომადგენლებთან  - Sputnik საქართველო
Servas Georgia-ს ეროვნული მდივანი მერი ელენ ჩეტვინი Servas Korea-ს წარმომადგენლებთან

პროექტის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ჰუმანიტარული დახმარება დაგვერიგებინა. ეს პროექტი საფრანგეთის საქველმოქმედო ორგანიზაციამ შეიმუშავა, რომელიც ყოველწლიურად ეხმარებოდა გაჭირვებულებსა და ომისგან დაზარალებულებს…

მძიმე დრო იყო. დიდი სიფრთხილე და ყურადღება გვმართებდა, თორემ… ისეც მომხდარა, რომ ჩვენი თანამშრომლებისთვის უბრალოდ წაურთმევიათ ჰუმანიტარული დახმარება. ვის? ვის და „შავებსაც“ და „მხედრიონელებსაც“. დაურიდებლად გვძარცვავდნენ და ყველაფერს გვართმევდნენ. ის კი არა, რამდენჯერმე მთელი მატარებელიც სადღაც „აორთქლდა“, თანაც ისე, რომ გზა-კვალს ვერავინ მიაგნო. 

მე ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ ერთ არაჩვეულებრივ კაცს, ალპინისტ ზალიკო ქიქოძეს ვიცნობდი, რომელიც მოგვიანებით მთებში დაიღუპა. საქართველოში კი ისეთ დიდ პატივს სცემენ ალპინისტებს, რომ როცა ისინი გვახლდნენ დაცვად, ახლოსაც არავინ გვეკარებოდა — ყველამ იცოდა, ვინც გვმფარველობდა.

ეს პროექტი რომ დასრულდა, მეორე დაიწყო, მერე მესამე, მეოთხე… და ასე დავრჩი საქართველოში. სხვადასხვა ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობდი, ჰუმანიტარულ დახმარებას ვეწეოდი, კვლევებს ვატარებდი, ბავშვებთან ვმუშაობდი… სწორედ ამ პროექტების წყალობით ვეცნობოდი უამრავ საინტერესო ადამიანს.

მოკლედ, საქართველო თანდათან იქცა ადგილად, სადაც სიამოვნებით ვცხოვრობდი და ვმოღვაწეობდი. ეს ქვეყანა და მისი ხალხი უსაშველოდ შემიყვარდა.

დისერტაცია: თამადა, სუფრა და სხვა

კანდიდატის ხარისხი რომ მიმეღო, ბაზელის უნივერსიტეტში დისერტაცია უნდა დამეცვა. როგორც ანთროპოლოგს, ძალიან მაინტერესებდა ქართული ნადიმი, სუფრა — არა იმდენად კერძები, რამდენადაც საკვების მიღების კულტურა.

არა, რეცეპტები არ მჭირდებოდა. მთავარი იყო ჩავწვდომოდი ტრადიციებს, რომლებიც სუფრასთან თუ სამზარეულოშია დამკვიდრებული.

საქართველოში ასეა მიღებული: ხორციან კერძებს, მაგალითად, ხინკალს, მამაკაცები ამზადებენ, ქალები კი უფრო მსუბუქს, მაგალითად, ფხალეულს, სალათებს, ხაჭაპურს… აი ამის მსგავსი დეტალები იყო ჩემი კვლევების საგანი.

© Levan Avlabreliმერი ელენ ჩეტვინი
მერი ელენ ჩეტვინი - Sputnik საქართველო
მერი ელენ ჩეტვინი

საქართველოს ერთ-ერთი თავისებურება — ეს რეგიონების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავებული ტრადიციებია. ვგულისხმობ, მაგალითად, კულინარულ თუ გემოვნებით მიდრეკილებებს. როგორც დავადგინე, ამას ისტორიულად განაპირობებს მენტალური თავისებურებები და ადგილობრივი ბუნება.

ქართული სუფრა ევროპულისგან იმით განსხვავდება, რომ ნადიმს აქ ერთი კაცი — თამადა ხელმძღვანელობს. სადღეგრძელო სუფრის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი შემადგენელია, რომელსაც სწორედ თამადა წარმოთქვამს. ყველა სადღეგრძელო განსაკუთრებულია და თავისი რიგი აქვს.

გამოგიტყდებით, მუშაობა იოლი არ იყო, იმიტომ რომ მაშინ საერთოდ არ ვიცოდი ქართული ენა. თარჯიმანი მეხმარებოდა ჯერ ჩაწერაში, მერე კი ამ ჩანაწერების გაშიფვრაში. ამის შემდეგ ვიწყებდი ანალიზს, სისტემაში მოყვანასა და რედაქტირებას.

მოგვიანებით, ასე ვთქვათ, სალაპარაკო ენა ვისწავლე, მაგრამ ქართულად რაღაც რთულ, აბსტრაქტულ თემებზე საუბარი დღემდე მიჭირს.

სახლი სოფლად

დღეს ვმუშაობ პროექტში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების, ძირითადად სხვადასხვა ფსიქიკური და მენტალური პრობლემების მქონე ბავშვებს ეხმარება. საქართველოში ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. უბრალოდ, ცოტა მეტი გულმოდგინებაა საჭირო…

დროის დიდ ნაწილს ქართული უმაღლესი სასწავლებლების ინგლისურენოვანი პუბლიკაციების რედაქტორობას ვუთმობ. ეს სამუშაო იმითაა კარგი, რომ ერთ ადგილზე „ვზივარ“, განსხვავებით წინა პროექტებისგან, როდესაც მთელი საქართველოს სიგრძე-სიგანეზე სიარული მიწევდა…

ძალიან მიყვარს შვეიცარია, სადაც 20 წელი ვიცხოვრე. ჩემი შვილები იქ დარჩნენ, აქ მხოლოდ ჩემი ერთი ვაჟია. ბევრი შვილიშვილი მყავს. ზოგი აქ იზრდება, ზოგი — ამერიკაში და ზოგიც — შვეიცარიაში.

© მერი ელენ ჩეტვინის პირადი არქივიდანმერი ელენ ჩეტვინი ძმასთან ერთად სიღნაღში
მერი ელენ  ჩეტვინი ძმასთან ერთად სიღნაღში - Sputnik საქართველო
მერი ელენ ჩეტვინი ძმასთან ერთად სიღნაღში

მე კი აქ, საქართველოში დავფუძნდი. დუშეთში პატარა სახლიც კი შევიძინე. ზაფხულს იქ ვატარებ ხოლმე, ულამაზესი ტბების, მდინარეებისა და ტყეების გარემოცვაში, გამაოგნებელი პეიზაჟის ფონზე.

ამ ქვეყანაში ბუნება ყველა კუთხეში სხვადასხვანაირია. აი, მაგალითად, ვაშლოვანში ხეები თითქმის არ არის და პეიზაჟი უფრო უდაბნოს ჩამოჰგავს; გურია უბრალოდ ფანტასტიკურია — ამწვანებული ტყეებითა და ზღვასთან სიახლოვით. რაც შეეხება თუშეთსა და სვანეთს — მათი სილამაზის გადმოსაცემად სიტყვა უძლურია!

მაგრამ მე ყველაზე მეტად ხევსურეთი მიყვარს. ასე მგონია, ეს ყველაზე ლამაზი კუთხეა საქართველოში — დიდებული მთებითა და თვალწინ გადაშლილი ზღაპრული ლანდშაფტით…
ჰო, მართლა, საქართველოსა და შვეიცარიის ბუნება რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. შესაძლოა კაცს აერიოს კიდეც…

ფერიცვალების 25 წელი
საქართველო იცვლება. ეს შეუიარაღებელი თვალით ჩანს. ავიღოთ, თუნდაც, უბრალო, მაგრამ მრავლისმეტყველი მაგალითი. რამდენიმე წლის წინ არავინ იკრავდა მანქანის უსაფრთხოების ღვედს, მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონი ავალდებულებდა. დღეს კი ეს წესი მყარადაა გამჯდარი თითოეულ მგზავრში.

როგორ მიაღწიეს ამას? მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გზებზე უზარმაზარი ბილბორდები დაამაგრა, ხოლო ბიზნეს-კომპანიებმა უსაფრთხოების ღვედების პროპაგანდა დაიწყეს. ჰო და, ამ ტანდემმა შესანიშნავი ნაყოფი გამოიღო…

სამწუხაროდ, ყველა კანონი არ არის ასე დაცული. მაგალითად, ღამის 11 საათის შემდეგ ხმაური აკრძალულია, მაგრამ თბილისის ქუჩებში ამ დროს ხმამაღალი მუსიკა ისმის; თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაშვებული არ არის, მაგრამ მაინც ეწევიან… შვეიცარიაში ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია.

ქვეყანას უამრავი გადაუჭრელი პრობლემა აქვს, მაგრამ მიხარია, რომ საქართველო ბევრად უხიფათო გახდა, ვიდრე იყო. აქ ბევრი საინტერესო ხდება. ადამიანები ცხოვრების ხარისხის, სოციალური დონის, ეკონომიკის დონის ასამაღლებლად ახალ გზებს ეძებენ და ეს კარგია.

საქართველომ ამ 25 წლის მანძილზე ძალიან, ძალიან იცვალა ფერი. ის მსოფლიოსთან ერთად იცვლება და ის ღიაა მსოფლიოსთვის.

ყველა ახალი ამბავი
0