თემო ჯავახის ერთი ჰექტარი სიყვარული, ზღვა და ცალი კოცნა...

© მ. ტურიაშვილითემურ ჯავახის გამოფენა ეროვნულ გალერეაში
თემურ ჯავახის გამოფენა ეროვნულ გალერეაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხელ აგვისტოში თემო ჯავახის გამოფენაზე მისი ნამუშევრების თვალთვალს თუ შეუდგებით, ბოლო 40 წელი ხელში შემოგადნებათ, ზღვა სიყვარულს დაეწაფებით და მხატვრის ოცნებების განმარტოებულ ზონაში მოხვდებით.

ქართულ სიტყვაზე შეყვარებული მხატვარი წერს: 

„ჩემო ერთგულო მეგობრებო… 

უიმედო… წყვეტილო ფრაზებო…

გვითვალთვალებენ…“

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის რექტროსპექტული გამოფენა „სიტყვა-ობიექტები“ — "MIRRORRIM" გაიხსნა. მისი 140-მდე ნამუშევარი გულგრილს არავის დატოვებს: ფერწერა, გრაფიკა, ინსტალაცია, ვიდეო-არტი, პერფორმანსი, ფოტოგრაფია… გრილ  დარბაზებში გამოფენილი მხატვრის თითოეული ნამუშევარი აზროვნებას გაიძულებთ, საკუთარ თავში ჩაგახედებთ და სიტყვების თამაშით ღირებულებებზე დაგაფიქრებთ.

© მ.ტურიაშვილითემურ ჯავახის გამოფენა ეროვნულ გალერეაში
თემურ ჯავახის გამოფენა ეროვნულ გალერეაში - Sputnik საქართველო
თემურ ჯავახის გამოფენა ეროვნულ გალერეაში
 

სახვითი ხელოვნების ექსპერტი, ლიკა მამაცაშვილი: თემო ჯავახიშვილი შემოქმედებაში ასახულია, არქაული პერიოდიდან დაწყებული, დღემდე — ხელოვნების ყველა მიმდინარეობა. ის არის განათლებული, გემოვნებიანი მხატვარი. მის შემოქმედებას წინა საუკუნის 1991 წლიდან ვიცნობ და არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ის არის წარმატებული, თვალსაჩინო, განსაკუთრებული, მძაფრი ემოციების მქონე პიროვნება.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თემო ჯავახის მეუღლეს, ქალბატონ ნანას, იმიტომ რომ მხატვრის ატანა და მის გვერდზე დგომა იოლი საქმე არ არის. სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღეს, ჩვენ მივიღეთ დიდებული შემოქმედი.

ფოტო-ხელოვანი გურამ წიბახაშვილი: თემო ერთ-ერთი პირველი მხატვარია, რომელმაც ფოტოგრაფიაშიც დაიწყო ნამუშევრების კეთება და ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ მისმა თაობამ, გარკვეული თვალსაზრისით, 50-იან წლებში შემწყდარი დავით კაკაბაძის გზა გააგრძელა. კაკაბაძის ხაზი იყო, ასე ვთქვათ,  ინტელექტუალური ხელოვნება, რომელიც მარტო გრძნობებზე და ვიზუალზე არ იყო დამყარებული, არამედ გონებაზეც. თემო ცოტა მარგინალური მხატვარი იყო, ის დამოუკიდებლად, ცალკე მუშაობდა. ის ნებისმიერ ტექნიკას იყენებს და ასეთი ბევრი მხატვარი არ გვყავს.

© მ. ტურიაშვილითემურ ჯავახის გამოფენა ეროვნულ გალერეაში
თემურ ჯავახის გამოფენა ეროვნულ გალერეაში - Sputnik საქართველო
თემურ ჯავახის გამოფენა ეროვნულ გალერეაში

მხატვარი დავით ალექსიძე: თემო მრავალმხრივია, მისი დიაპაზონი უსაზღვროა — დაწყებული კლასიკური ფერწერული ტილოებიდან, დამთავრებული ულტრათანამედროვე კონცეპტუალური ნამუშევრებით. მათი სრულყოფილება გატყვევებთ, ეს მაღალი ხელოვნებაა და, აქედან გამოდინარე, ძალიან საინტერესო.

ჟურნალისტი ოთარ შაორშაძე: თემო ნიჭიერი კაცია, სულ ძიებაშია. ის ხელოვანი პუბლიცისტია, რომელიც თავისი შემოქმედებით უამრავ სათქმელს ამბობს. ზეთშიც მუშაობს, თაბაშირშირსაც იყენებს, ცემენეტს, ყინულს. მთელი მისი შემოქმედებისა და ცხოვრების თანაზიარი ვარ. ის ძალიან საინტერესო პიროვნებაა, ამასთან, უაღრესად ფაქიზი, პატიოსანი… მის შემოქმედებას უყურებ, აკვირდები და თემოსთვის დამახასიათებელ იმ დიდ სითბოს გრძნობ, რაც დღეს ძალიან გვჭირდება. ამ გამოფენაზე ყველა ადამიანი იპოვის თავის თავს.

თემურ ჯავახი: როცა კატალოგში უყურებ ნამუშევრებს, იქ, ვთქვათ, იდეას, ფერს კითხულობ. თუ ფერწერაა, ჯობს ტილო ნახო, ვიდრე რეპროდუქცია. ობიექტიც ასეა, იმიტომ რომ აქ ფერი მოქმედებს, ტონალობა, ფაქტურა. 

© მ. ტურიაშვილითემურ ჯავახის გამოფენა ეროვნულ გალერეაში
თემურ ჯავახის გამოფენა ეროვნულ გალერეაში - Sputnik საქართველო
თემურ ჯავახის გამოფენა ეროვნულ გალერეაში

ტექსტს, სიტყვას ძლიერი ზემოქმედება აქვს და, თუ ამას გამოხატავ გარკვეული ფორმით, გარკვეული მასალით, ის უკვე სიტყვის თუ ფრაზის შემადგენელი, დამხმარე ელემენტი და მისი ხორცი ხდება. 

ამ გამოფენის კონცეფციაა „სიტყვა-ობიექტები“…. არსებობს ობიექტები — ინსტალაციური, შინაარსის თვითმატარებელი და როცა ამა თუ იმ სიტყვის კოდს გახსნი… ვთქვათ, ავიღოთ სიტყვა „სასწაულია“. თუ ამ სიტყვას ტირეთი გაყოფ, ტირეს ზევით დაწერ „უ“-ს და ქვევით „ვ“-ს, ზევით წაიკითხავთ — „სასწაულია“, ქვევით — „სასწავლია“. 

ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ადამიანი და მისი ცხოვრება სასწაულია და ეს უნდა ისწავლო…

რა თქმა უნდა, სასწაულია!

თემო ჯავახი წერს:

„დუმილი — ოქრო…

…………………………….

მაგრამ მაინც გირტყამს ცხოვრება…

რომ გამოგტეხოს — 

რა დაუმალე?..“

თემო ჯავახის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, პომპიდუს ცენტრში, „მ. გელმანის“ გალერეის კოლექციაში, საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების კერძო კოლექციებში. გამოფენა 25 აგვისტომდე გაგრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0