„…გამაოცა პატარა ბიჭუნას გამომგონებლურმა ნიჭმა, მუსიკალურ თემათა ინტონაციურმა თვითმყოფადობამ, სახეობრივი კონტრასტის შეგრძნებამ, ვარირების უნარმა. უკვე 20 წელია ბილკენის უნივერსიტეტში ვმუშაობ, ჩემ ხელში უამრავმა „პატარა კომპოზიტორმა“ გაიარა და ასეთი ნიჭიერი ბავშვი არ შემხვედრია! სიხარულისგან ვტიროდი, ღმერთო, ასე დიდი ხანია არაფერი გამხარებია!“, – ეს ჩანაწერი სოციალურ ქსელში ნინო სხვიტარიძემ ნიჭიერ ბიჭუნას, ცოტნე ზედგინიძეს მიუძღვნა.
ცოტნე ზედგინიძე ჯერ მხოლოდ 6 წლისაა და უკვე რამდენიმე მუსიკალური კომპოზიციის ავტორია. ის 4 წლის იყო, როცა ფორტეპიანოზე სერიოზული ნაწარმოებების შესრულება დაიწყო. ცოტნეს მამა და ბებია ზრდიან. ბებია, ნინო მამრაძე მუსიკოსია, რიმელიც ზრუნავს ასევე მის მუსიკალურ განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ პატარა კომპოზიტორი ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ლოტბარისა და მომღერლის ნიკო სულხანიშვილის შთამომავალია.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ვიდეო დაიდო, სადაც ცოტნე ზედგინიძე მამიდებისადმი მიძღვნილ ახალ კომპოზიციას, როგორც თვითონ უწოდებს — „გამოგონებას“ ასრულებს. „ასეთი ყურადღების ქვეშ თუ აღმოჩნდებოდა პატარა ცოტნე და ამდენი გულშემატკივარი თუ გამოუჩნდებოდა, ნამდვილად არ გვეგონა“, — აღნიშნა „Sputnik“-თან საუბრისას ცოტნეს მამიდამ თიკო ზედგინიძემ.
საყურადღებოა, რომ ამ ვიდეოს უკვე ათეულ ათასობით ნახვა და მოწონება აქვს. აი, როგორია მუსიკოსებისა და სხვა ცნობილი ხელოვანების შეფასებები:
ქეთი დოლიძე: „გავგიჟდი!!! ნიჭიერი, საყვარელი!!!
დოდო ცინცაძე: „გაოცებული დავრჩი!!! ბავშვი აშკარად ლაპარაკობს მუსიკის მეშვეობით. ყოჩაღ, პატარა ცოტნე!!!“
მაკა მახარაძემ კი ცოტნეს პატარა მოცარტი უწოდა…
ლალი ნოზაძე