თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. სამგორის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბეჟან გუნავა და მისი ვაჟი საპროტესტო აქციაზე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
სამგორის რაიონის მოსახლეობა — იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი პირები სახელმწიფო კანცელარიასთან აქციას მართავდნენ, რომელზეც მუხაძის ქუჩის №17-ში რამდენიმე წლის წინ დაკავებული საცხოვრებელი ფართების დაკანონებას მოითხოვდნენ.
ბეჟან გუნავა ასევე საპროტესტო აქციის მონაწილე იყო, სადაც დააკავეს კიდეც.
„მას არც წინააღმდეგობა გაუწევია და არც შეურაცხყოფა მიუყენებია ვინმესთვის, უბრალოდ, კიბეზე იჯდა. გაუგებარია, რისთვის დააკავეს“, — განაცხადა აქციის მონაწილე თინა გაბიტაშვილმა.
გუნავას დაკავებისას აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები სამართალდამცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
გუნავას უკვე მეორედ აკავებენ მიმდინარე თვეში საპროტესტო აქციაში მონაწილეობისას.
მამა და შვილი დაკავებული არიან საქართველოს ადმინისტრაციული კანონის „სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა თუ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ მუხლით.