თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. ბიზნესმენ კახა ბენდუქიძის მიერ დაარსებულმა „ცოდნის ფონდმა“ თავისუფალი უნივერსიტეტის ყოფილი კანცლერი ვახტანგ ლეჟავა ერთდროულად ორი უნივერსიტეტის რექტორად დანიშნა. ის საქართველოს აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს უხელმძღვანელებს.
რექტორების თანამდებობები გასულ კვირაში გახდა ვაკანტური. აგრარული უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ლაშა გოცირიძე უკრაინაში მიემგზავრება ამერიკული უნივერსიტეტის დასაარსებლად, ხოლო თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორმა გურამ ჩიქოვანმა თანამდებობა დატოვა.
ვახტანგ ლეჟავას ერთდროულად ორი უნივერსიტეტის რექტორად დანიშვნის გადაწყვეტილება კახა ბენდუქიძის ქალიშვილმა ანასტასია გონჩაროვა-ბენდუქიძემ მიიღო, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა სათავეში „ცოდნის ფონდს“.
ვახტანგ ლეჟავა კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ ოთხი წლის განმავლობაში იყო თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი, პარალელურად კი „ცოდნის ფონდის“ დირექტორის მოვალეობას ასრულებდა იმ დრომდე, ვიდრე სასამართლო გონჩაროვა-ბენდუქიძეს ფონდის მართვის უფლებას გადასცემდა.