თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში ის მზადაა გადადგეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან იზორია 1 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩაუდგა სათავეში. თანამდებობის დაკავებიდან ერთი კვირის შემდეგ იზორიამ განაცხადა, რომ ჯარში კვებასა და ფორმასთან დაკავშირებული პრობლემებია.
„თანამდებობაზე ყოფნასთან დაკავშირებით არავითარი კანონით გაწერილი ვადები არ არსებობს. არსებობს ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას დადგენილება, სადაც წერია, რომ გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის ვადა არის 3 წელი პლუს ერთი ვადა… თუმცა ამას არავითარი კანონის სახე არ აქვს. თუ მინისტრი ჩათვლის, რომ მე აღარ უნდა ვიკავებდე აღნიშნულ თანამდებობას, დავწერ განცხადებას გადადგომის შესახებ”, — განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
ვახტანგ კაპანაძე გენშტაბის უფროსი 2013 წლის ნოემბერში გახდა. მაშინ მინისტრი ირაკლი ალასანია იყო. ლევან იზორია თავდაცვის რიგით მეოთხე მინისტრია, რომლის დროსაც კაპანაძე გენშტაბს ხელმძღვანელობს.