თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა (IPC) რუსეთის ნაკრები პარაოლიმპიადა 2016-დან მოხსნა, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში 7-18 სექტემბერს ჩატარდება. რუსმა პარაოლიმპიელებმა მთელი ნაკრების თამაშებიდან ჩამოშორება უსამართლობად შეაფასეს და სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს სარჩელით.
პარალიმპიადის ექვსგზის ჩემპიონს, მოთხილამურე რომან პეტუშკოვს მიაჩნია, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება პოლიტიკითაა ნაკარნახევი, თუმცა, მისი თქმით, რუს სპორტსმენებს სასამართლოს გონიერების იმედი აქვთ და ვარჯიშს არ წყვეტენ.
„გვჯერა, რომ გონიერება მაინც გაიმარჯვებს და უკეთესის იმედი გვაქვს. საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა შეცდომა დაუშვა და უკიდურესად უსიამოვნო, დამამცირებელი გადაწყვეტილება მიიღო. სიტყვები არ გვყოფნის. ეს არაადამიანურია. ყველა სპორტსმენი შოკშია. თუმცა ვცდილობთ, თავი ხელში ავიყვანოთ და ვარჯიშს არ ვწყვეტთ“, — განაცხადა პეტუშკოვმა.
საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ნაკრების თამაშებიდან მოხსნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) დამოუკიდებელი კომისიის ხელმძღვანელის რიჩარდ მაკლარენის მოხსენებას გაეცნო. IPC-მა დაასკვნა, რომ რუსეთის ანტიდოპინგური სისტემა მთლიანად კომპრომეტირებულია.
რუსეთის პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვლადიმირ ლუკინი აცხადებს, რომ საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ არანაირი სამხილი სპორტსმენების წინააღმდეგ არ გააჩნდა.
Наши паралимпийцы, олицетворяют собой стойкость духа, силы, несгибаемости! Их боятся наши противники! #ПозорWADA pic.twitter.com/K2FyD8QWRV
— Анатолий Власов (@AnatolyVlasov87) 7 августа 2016 г.
„იმ სპორტსმენების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებსაც თამაშებზე არ უშვებენ, სრულიად „სუფთაა“. მათი სინჯები არაერთხელ შემოწმდა, მათ შორის, თავად WADA-ში“, — განაცხადა ლუკინმა.
მისი თქმით, ყველაზე შოკისმომგვრელი მაინც ისაა, რომ სპორტსმენები ჯერ დასაჯეს და მხოლოდ ამის შემდეგ გაარკვევენ, რამდენად სამართლიანად მოიქცნენ.