თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის ნორმა არაკონსტიტუციურად სცნო. საუბარია ნორმაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ორმაგი გვარის მიღების დროს ბებიისა და ბაბუის გვარის გამოყენებას უკრძალავდა, აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქე ნუგზარ ჯაყელმა შეიტანა, რომელმაც საკუთარი გვარისთვის ბებიის გვარის დამატება ვერ შეძლო. საქართველოს პარლამენტმა უარი იმით ახსნა, რომ კანონის „სამოქალაქო აქტების შესახებ“ ეს ნორმა ქართული ტრადიციით არის განპირობებული, რომლის თანახმად, ორი გვარის ტარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ გვარს მეუღლის ან მშობლების გვარი დაემატება.
პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვდა, არ დაეკმაყოფილებინა ჯაყელის სარჩელი, რადგან „ეს დაბნეულობას გამოიწვევს საზოგადოებაში, რომელმაც კავშირი ოჯახურ კავშირსა და არჩეულ გვარს შორის შეიძლება ვერ დაინახოს“.
„საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არგუმენტი იმის შესახებ, რომ საქართველოში დამკვიდრებული ტრადიცია პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარის შეერთების შესაძლებლობას არ იცნობს, არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს საიმისოდ, რომ მოხდეს ადამიანის თავისუფალი განვითარებისა და იდენტობის შეზღუდვა“, — ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
საქართველოს კონსტიტუციით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ სადავო ნორმა გაუქმებულია და ამიერიდან ბებიის ან ბაბუის გვარის დამატება საკუთარ გვარზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.