პირველი დონის მწვრთნელმა სვანეთში რაგბის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი და ბავშვთა პირველი რაგბის კლუბი „უშბა“ ჩამოაყალიბა. ჯერჯერობით ენთუზიაზმზე მომუშავე ახალგაზრდა მწვრთნელს ბავშვების უმეტესობაც საკუთარი ავტომაქანით თავად დაჰყავს ვარჯიშზე. ვარჯიშები მესტიაში კვირაში სამი დღე ტარდება, მიიღებიან როგორც ბიჭები, ასევე გოგონები ასაკის შეუზღუდავად. ჩვენ ირაკლი ნარსავიძეს დავუკავშირდით და მისი ახალი წამოწყებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გავესაუბრეთ.
-ირაკლი რა ასაკში ეზიარეთ რაგბს და რამ განაპირობა ეს ინტერესი?
— 11 წლის ასაკში მივედი რაგბიზე და პირველივე ვარჯიშიდან ძალიან მომეწონა. ალღო თავიდანვე ავუღე და მოვიწამლე რაგბით. მას შემდეგ ტრამვებს თუ არ ჩავთვლით არც დავშორებივარ ამ სპორტს.
- ბავშვობის გატაცებებზე რას გვეტყვით, სპორტის რომელი სახეობით ან ხელოვნების დარგით იყავით დაინტერესებული?
— რაგბიმდე რამოდენიმე სპორტის სახეობაში მოვსინჯე თავი თუმცა მივხვდი რომ რაგბი იყო ჩემი თამაში. ძალიან მიყვარდა მუსიკა, სიმღერა, ხალხური საკრავები. გატაცებული ვიყავი კლასგარეშე წიგნების კითხვით.
- რაგბის რომელ გუნდში თამაშობდით და რა წარმატებებს მიაღწიეთ?
— თავიდან ვთამაშობდი ივერიაში, სადაც ასაკობრივი ლიგები გავიარე. შემდეგ, არმაზში გადავედი სადაც 2 წელი უმაღლესი ლიგის ჩემპიონატში ვიასპარეზე. სამწუხაროდ, სანაკრებო დონეს ვერ გავეცანი.
- რა იყო თქვენი, როგორც სპორტსმენის ოცნება?
— ჩემი ოცნება დიდი მორაგბეობა იყო, როგორიც ჩვენი ბუმბერაზი ეროვნული ნაკრების მორაგბეები არიან. თუმცა, რამდენიმე ხნის წინ მივხვდი, რომ აჯობებდა მშობლიურ კუთხეში დამენერგა ეს სპორტი და ამ კუთხით განმევითარებინა სვანეთი.
-როდის და რატომ გადაწყვიტეთ მშობლიურ ფესვებს დაბრუნებოდით და სპორტის ამ სახეობაში ბავშვები გაგეწვრთნათ?
— ყოველთვის მინდოდა ისეთი ადამიანი ვყოფილიყავი, რომელიც რაიმე სასარგებლოს გააკეთებდა ქვეყნისათვის, თუნდაც უმნიშვნელოს და არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ბავშვობიდან უზომოდ ვიყავი სვანეთზე შეყვარებული და მინდოდა მშობლიურ მთებში მეცხოვრა და კარგი საქმე მეკეთებინა.
-რა ინფრასტრუქტურაა სვანეთში იმისთვის, რომ ბავშვებმა სრულფასოვნად ივარჯიშონ?
— ინფრასტრუქტურა თითქმის არ გვაქვს. ეს ალბათ იმის ბრალიც არის, რომ აქამდე სპორტის ეს სახეობა სვანეთში არ იყო. ვვარჯიშობთ აეროპორტის გზაზე ვარჯიშისთვის შერჩეულ ჩვეულებრივ მინდორზე. ვისურვებდი რა თქმა უნდა, აქაც კარგი ბაზა გვქონდეს, სადაც ყველანაირ თამაშებს იხილავდნენ ბავშვები, მაგრამ მინიმალური პირობებიც ძალიან დაგვეხმარებოდა თუნდაც, სტანდარტული მოედნის მოწყობა და შემოღობვა.
- უახლოეს მომავალში რას გეგმავთ?
— ჩემი გეგმები ძალიან ვრცელია თუმცა, პირველ რიგში მსურს რამდენიმე გუნდი გავაკეთო სხვადასხვა ასაკის და ჩავერთოთ შესაბამის ლიგის ეროვნულ ასპარეზობაში, სადაც ბავშვები ბევრად დაიხვეწებიან და გამოავლენენ სარაგბო უნარებს.
-დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ!
ლალი ნოზაძე