აკვარელით დახატული სიზმრები და პირველი კომიქსი ქართულ რაგბიზე

© FB/Giorgi Aladshviliგიორგი ალადაშვილი
გიორგი ალადაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიცოცხლისა და სიკვდილის, სიკეთისა და ბოროტების თემა, სიზმარი და ფენტეზი-ეს ის თემები და ჟანრია, რაც მხატვარ გიორგი ალადაშვილს თავისებურად, უჩვეულოდ და საინტერესოდ გადააქვს ტილოზე.

მისთვის, როგორც ხელოვანისთვის, პიროვნული თავისუფლება მნიშვნელოვანია, რადგან ჩარჩოებში მოქცევა არ უყვარს. სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული ამჟამად მეგობრებთან ერთად მუშაობს კომიქსზე, რომელიც ქართული რაგბის თემაზეა. 

- გიორგი, თქვენი ნახატების თემატიკა უჩვეულოა, მათზე ხშირ შემთხვევაში მისტიკური პერსონაჟები და სიუჟეტებია გამოსახული.

— ძალიან მიყვარს ფოლკლორი, მითები და უცნაური თქმულებები, განსაკუთრებით მიყვარს იაპონური მითი — „ცხრაკუდა მელასა და სულებზე“. სწორედ ამ მითმა შთამაგონა ერთი ნახატის დახატვა. მიყვარს სიზმრებისა და ჩემი წარმოსახვის ფურცელზე გადატანა, ჯერჯერობით როგორც თანატოლების უმრავლესობა ძიების პროცესში ვარ და ერთი განსაზღვრული ხელოვნების მიმდინარეობა ჯერ არ მაქვს არჩეული. ვხატავ როგორც რეალისტურ, ასევე სიურეალისტურ და ფენტეზის სტილის ნახატებს და ილუსტრაციებს. მიყვარს გოეთეს პოემა „ფაუსტი“, უილიამ ბლეიკის პოეზია და ედგარ ალან პოს მოთხრობები, რომელმაც ჩემს შემოქმედებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის სიცოცხლისა და სიკვდილის, სიკეთისა და ბოროტების თემა. ისევე როგორც ყველა მხატვრისთვის, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია პიროვნული თავისუფლება, ჩარჩოებში მოქცევა არ მიყვარს. ხატვის პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და ყოველთვის ვცდილობ რაიმე ლამაზი შევქმნა, რაშიც ჩემს განცდებსა და ემოციებს ჩავდებ.

© FB/ Giorgi Aladashviliავტორი გიორგი ალადაშვილი
ავტორი გიორგი ალადაშვილი - Sputnik საქართველო
ავტორი გიორგი ალადაშვილი

- გიორგი, ახლახან სამკაულების კომპანიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული ხართ, რა წარადგინეთ?

— დიახ, სულ ახლახან, სამკაულების კომპანია "goccitos" —ის კონკურსის გამარჯვებულიც გავხდი, სადაც წარმოვადგინე ჩემი ნამუშევარი „ოფელია“. საერთოდ ბავშვობიდან ვხატავდი. ხელოვნების სკოლაში ვსწავლობდი და სკოლებს შორის კონკურსების ორგზის გამარჯვებულიც ვარ. ერთხელ მერიის ახალგაზრდა მხატვრების კონკურსშიც გავიმარჯვე. იმ შემთხვევაში თუ სწავლას აკადემიაში გავაგრძელებ, მინდა, მაქსიმალურად გავიღმავო ცოდნა როგორც ხელოვნების სფეროში, ასევე არქიტექტურაში და გამოვიყენო ყველა ის შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი შემოგვთავაზებს. გარდა ამისა, დიდი სურვილი მაქვს გაცვლით პროგრამებშიც მივიღო მონაწილეობა და სწავლა საზღვარგარეთ გავარძელო. რადგან ვთვლი, რომ ეს ჩემი კარიერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. 

© FB/Giorgi Aladashviliავტორი გიორგი ალადაშვილი
ავტორი გიორგი ალადაშვილი - Sputnik საქართველო
ავტორი გიორგი ალადაშვილი

- ამჟამად მეგობრებთან ერთად ქართულ კომიქსზე მუშაობთ… 

— როგორც მახსოვს, პირველი ქართული კომიქსი 2 წლის წინ გამოვიდა და ის იყო: „ლექსი ვეფხვისა და მოყმის“ მიხედვით გადაღებული. ჩვენი კომიქსი ქართულ რაგბიზეა, რაც მას არსებული კომიქსისგან განასხვავებს და ორიგინალურს ხდის. თანაც, ქართული რაგბის მიმართ, რომელიც პრინციპში, ჩვენი ეროვნული — ლელო ბურთია, ჩემი პატრიოტულ-ეროვნული პოზიცია და დამოკიდებულება მაქვს. 

- არქიტექტორობასაც აპირებთ, მინდა გკითხოთ, თუ მოგწონთ თბილისის დღევანდელი არქიტექტურა? 

— იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქართველოში ცოტაა კარგი არქიტექტორი ვთვლი, რომ ეს ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი პროფესიაა. რაც შეეხება თბილისის არქიტექტურას, ვფიქრობ, დღეს განსაკუთრებული არქიტექტურული ღირებულების შენობები არ შენდება. ამასთან, არის რიგი შენობებისა, რომელიც გარემოს კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილია. თუმცა ვთვლი, რომ ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი იმისთვის, რომ პროფესიონალი არქიტექტორი და მხატვარი გავხდე და უშუალოდ არქიტექტურაში მივაღწიო წარმატებებს….

 

ყველა ახალი ამბავი
0