თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. რიო–დე–ჟანეიროს 31–ე ოლიმპიური თამაშების მეორე დღეს, კვირას საქართველოს ნაკრების წარმომადგენლები მედლებისთვის სამ დისციპლინაში იბრძოლებენ.
ნინო სალუქვაძე
სროლა პნევმატური პისტოლეტიდან (10 მეტრი).
შეჯიბრების დაწყების დრო – თბილისის დროით 16:00 საათი.
სალუქვაძისთვის რიოს ოლიმპიადა მერვეა. ის ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომლის ანგარიშზეც ყველა სახის მედალია: 1998 წლის ოლიმპიადაზე სეულში ოქრო სპორტული პისტოლეტიდან სროლაში (25 მეტრი) და ვერცხლი პნევმატური პისტოლეტიდან (10 მეტრი), 2008 წლის პეკინის ბრინჯაო. იმისთვის, რომ ფინალში გავიდეს, სალუქვაძე საუკეთესოთა რვიანში უნდა მოხვდეს.
საქართველოს ქალთა ნაკრები მშვილდოსნობაში
გუნდური შეჯიბრება
შეჯიბრების დაწყების დრო – თბილისის დროით 16:00 საათი.
ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე ასპარეზობას 1/8–ით დაიწყებენ. მათი მეტოქეები მექსიკელი მშვილდოსნები იქნებიან; ამ წყვილის დაპირისპირებით გამოვლენილი გამარჯვებული ტაივანის გუნდს შეხვდება. მშვილდოსნობაში ფავორიტებად (როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის) აზიელები, კერძოდ, სამხრეთ კორეელები მიიჩნევიან.
Sputnik–ის ინტერვიუ ქართველ მშვილდოსნებთან იხილეთ აქ
ვაჟა მარგველაშვილი
ძიუდო (66 კილოგრამამდე წონითი კატეგორია)
შეჯიბრების დაწყების დრო – თბილისის დროით 17:00 საათი.
მარგველაშვილი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. თავის პირველ ორთაბრძოლას რიოს თამაშებზე ის სლოვენიის წარმომადგენელ ადრიან გომბოჩთან გამართავს. წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში ¼ ფინალში ქართველი ძიუდოისტი მსოფლიო რეიტინგის ერთ–ერთ ლიდერს მიხაილ პულიაევს შეხვდება. მარგველაშვილი თავის წონით კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტების ათეულშია (მე–10).