თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. აჭარის მაღალმთიან სოფელში ტრადიციულმა დღესასწაულმა „შუამთობამ“ წელს ახალი ელფერი შეიძინა. საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე პარტიებმა გადაწყვიტეს, ხელიდან არ გაეშვათ ამომრჩევლის სიმპთიის მოპოვების შანსი.
„შუამთობა“ ძველი აჭარული სახალხო დღესასწაულია. ტრადიციისამებრ, ამ დღეს იმართება დოღი, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება, კონცერტი.
პოლიტიკოსებიდან პირველი ბეშუმში ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჩავიდა. ქვეყნის მთავარ ლეიბორისტს განცხადებები არ გაუკეთებია, ის მხოლოდ გაესაუბრა შეკრებილ ხალხს და ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.
ცოტა მოგვიანებით სახალხო ზეიმზე საქართველოს პრემიერ–მინისტრი, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა.
„მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ჩვენთვის უდიდესი პრიორიტეტი და მთავარი საზრუნავია მთაში მოსახლეობის დამაგრება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს ადათ-წესები, რომელიც აქ არის, შენარჩუნდეს, ჩვენს მომავალ თაობას გადაეცეს. მე მახარებს ამდენი ახალგაზრდის ჩართულობა ამ დღესასწაულში, როდესაც მთლიანად მთელი ერი მონაწილეობს ამ უდიდეს დღესასწაულში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა სცენიდან.
მოგვიანებით, როდესაც სცენაზე კონცერტი დაიწყო, დღესასწაულზე თავის მომხრეებთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ენმ–ის ერთ–ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე გამოჩნდა.
ვარშალომიძე მიესალმა აჭარელებს, რის შემდეგ პირველი რიგისკენ გასვლას შეეცადა, სადაც კვირიკაშვილი იჯდა. იქ ოპოზიციონერი არ შეუშვს და ის „ქართული ოცნების“ აქტივისტების კამპანიას დასჯერდა.