თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „რესპუბლიკელები“ ორმა წევრმა რევაზ თორდიამ და თემურ მარკოზიამ დღეს დატოვეს და ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ — ამის შესახებ პარასკევს საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაცია და საგანგებო ბრიფინგი გამართა. პარტიაში განაცხადეს, რომ მათ წევრებზე, ზეწოლის ფაქტს უკვე ორი თვეზე მეტია აქვს ადგილი, კონკრეტულად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიას მხრიდან.
„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ცუდად დაიწყო საარჩევნო კამპანია, ისინი ახორციელებენ ზეწოლას ჩვენი პარტიის წევრებზე, დღეს საკრებულოს ორ წევრზე განხორციელდა ზეწოლა. „ოცნების“ ადგილობრივმა ლიდერებმა ფაქტიურად ძალის გამოყენებით დაშალეს ფრაქცია „რესპუბლიკელები“. გამოწვევა მიღებულია, მე მათ ვპირდები, რომ როგორც ზუგდიდში, ასევე მთელ საქართველოში, ისინი კრახით დაასრულებენ.“ — განაცხადა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თოდუამ.
მედიასთან აღნიშნულ ბრალდებებზე კომენტარი საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიას არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური პარტია ორი დღის წინ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა ციცანა თოლორაიამ და გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ცაცხვში ნონა ესებუამ დატოვეს.
სოფო კაკაჩია