თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ ყრილობა, რომლის ჩატარებაც თელავში იყო დაგეგმილი, ერთ-ერთი აქტივისტის — თემურ ფიფიას დაკავების შემდეგ ჩაიშალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ფიფიასა და ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. ქევხიშვილი ყრილობაზე მივიდა მაისურით, რომელზეც ანტისოციალისტური სიმბოლიკა იყო გამოსახული. ამან ფიფიას გაღიზიანება გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ფიფიამ ქევხიშვილს დაარტყა, მან თავდამსხმელს კვერცხი ესროლა. შედეგად პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.
„მე მოვედი აქ ჩემი პროტესტის გამოსახატად. ახლა აგვისტოს დღეებია და ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტო“, — განაცხადა ქევხიშვილმა.
ფიფია ცემის ბრალდებით დააკავეს (სსკ-ის 125-ე მუხლი).
ამის პარალელურად მუსიკალური სასწავლებლის შენობასთან, სადაც ყრილობა უნდა ჩატარებულიყო, საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც რამდენიმე ახალგაზრდული ორგანიზაციის, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ აქტივისტები შეიკრიბნენ. მათ პრორუსული იდეოლოგიის მქონე ახალი პარტიის დაფუძნება გააპროტესტეს და ყრილობის მონაწილეებისთვის სირცხვილის დერეფანი მოაწყვეს.
მანამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ დამფუძნებელი ვალერი კვარაცხელია კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენების აკრძალვის შესახებ გააფრთხილა. კვარაცხელია პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის არის დარეგისტრირებული.
გასულ კვირას ბათუმში მოძრაობის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა, სადაც გამოფინეს საბჭოთა კავშირის დროშა, სტალინის პორტრეტი და დაუკრეს საბჭოთა კავშირის ჰიმნი.
სუს-მა ასევე წერილით მიმართა ვალერი კვარაცხელიას და შეახსენა, რომ „თავისუფლების ქარტიის“ თანახმად, აკრძალულია საჯარო ღონისძიებების დროს კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება და ამ ქმედებებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა არსებობს.
„თავისუფლების ქარტია“ საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლებისთვის, კომპარტიისა და კომკავშირის ყოფილი თანამდებობის პირებისთვის შეზღუდვებს აწესებს, კრძალავს საზოგადოებრივ ადგილებში ფაშისტური და კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენებას, ადგენს კონტროლს საზღვარგარეთიდან ფინანსურ ნაკადებზე.
საქართველოს პარლამენტმა „თავისუფლების ქარტია“, თითქმის ერთწლიანი განხილვის შემდეგ, 2011 წლის მაისის ბოლოს დაამტკიცა.