თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ბათუმში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის წინ მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციონერი ისლამისტი სასულიერო მოღვაწის ფეთჰულა გიულენის (რომელიც თურქეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა) ფიტულები დაწვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საპროტესტო აქცია პარტია „ჩვენმა სამშობლომ“ მოაწყო, რომლის თავმჯდომარეა ზვიად ჩიტიშვილი. აქციის მონაწილეებმა მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“ ნაციონალური მოძრაობის ლიკვიდაციისკენ მოუწოდეს, რომელსაც, მათი განცხადებით, ფეთჰულა გიულენის ფონდი აფინანსებს.
„პირველ რიგში, მათ დასჯას მოვითხოვთ, ისინი სისხლში არიან გასვრილები. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა აიკრძალოს, როგორც ჰიტლერის პარტია გერმანიაში“, — განუცხადა ჩიტიშვილმა ჟურნალისტებს.
აქციაზე ორგანიზატორებსა და ნაცმოძრაობის მომხრეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, რომელმაც, ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, დერეფანი მოაწყო.
პოლიციელებმა პარტია „ჩვენი სამშობლოს“ წარმომადგენელი გია მახარაძე „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ ბრალდებით დააკავეს.