ლია დემეტრაშვილის „თხის ფერმა“, ანუ შეუძლებელი არაფერია

© ლ. ნოზაძელია დემეტრაშვილის „თხის ფერმა“,
ლია დემეტრაშვილის „თხის ფერმა“, - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალბატონ ლია დემეტრაშვილს ფერმერთა წრეში უკვე იცნობენ, მას თეთრიწყაროს რაიონში თხის ფერმა აქვს და თხის რძისგან გემრიელ, სასარგებლო და მაღალხარისხიან პროდუქციას აწარმოებს. წარმატებულმა ფერმერმა სულ ახლახანს USAID-ის საპილოტე პროგრამაში "ძლიერი ქალი სოფლად" მიიღო მონაწილეობა და გრანტი მოიპოვა.

ჩვენ ქალბატონ ლიას ვთხოვეთ გამოცდილების გაზიარება  მათთვის,  ვინც მომავალში მეურნეობის წამოწყებას აპირებს და ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რა საქმით დაკავდეს  და რამდენიმე კითხვით მივმართეთ:  

  - ქალბატონო ლია, როდის და  რატომ გადაწყვიტეთ დადაქალაქიდან სოფლად გადასვლა და იქ ფერმერული მეურნეობის  წამოწყება?

— მე და ჩემმა მეუღლემ თეიმურაზ დემეტრაშვილმა ერთმანეთი  ბაქო —ჯეიხანის პროექტზე მუშაობისას გავიცანით და შევუღლდით. ჩვენი დიდი სურვილი იყო, სოფლად სახლი გვქონოდა, სადაც შევძლებდით ცხოვრებას და ფერმერულ მეურნეობის წამოწყებას. მალე თეთრიწყაროში შევიძინეთ სახლი და სამეურნეო საქმიანობაც დავიწყეთ. საინტერესო იყო სოფელში ცხოვრება — ჩვენ ხომ თბილისში დავიბადეთ და გავიზარდეთ…

 - ფერმის შექმნისას რატომ აირჩიეთ თხა, რა უპირატესობა აქვს  მას  სხვა ცხოველებთან შედარებით? იდეა საიდან გაგიჩნდათ?

— იდეა ჩემს მეუღლეს  ეკუთვნის. ბავშვობიდანვე ძროხის რძე მას დისკომფორტს უქმნიდა, ხოლო  რძე და რძის ნაწარმი ძალიან უყვარს. როდესაც თხის რძე გასინჯა, მოეწონა, თან არანაირი დისკომფორტი არ შექმნია… ამიტომ გადაწყვიტა და თხის  შესახებ  ყველა საჭირო ინფორმაცია მოიძია… ასეთია ჩვენი ფერმის ისტორიის დასაწყისი.

© ლ. ნოზაძელია დემეტრაშვილის „თხის ფერმა“
ლია დემეტრაშვილის „თხის ფერმა“ - Sputnik საქართველო
ლია დემეტრაშვილის „თხის ფერმა“

- თხის რძის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებზე ძველად, ლამის, ლეგენდები დადიოდა…

— დიახ, ნამდვილად ასეა… თხის რძისგან დამზადებული პროდუქტები სასარგებლო და უგემრიელესია.  იგი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ 40-მდე აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. ძროხის რძისგან განსხვავებით, ის ანტიალერგიულია, ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ და არ იწვევს კუჭ-ნაწლავის ფუნქციურ დარღვევებს. მასში შემავალი მინიმალური ცხიმი სრულიად აითვისება და არ გროვდება ორგანიზმში. თავისი შემადგენლობით თხის რძე მიახლოებულია დედის რძესთან, რადგან  შეიცავს  ბეტა-კაზეინს.  გარდა ამისა, საუკეთესო წამალია არა მხოლოდ ბავშვების, არამედ ხანში შესული ადამიანებისათვისაც, შეუცვლელია კუჭისა-ნაწლავისა და თვალის დავადებებისას, აუცილებელია რაქიტით დავადებული ბავშვებისათვის. არაჩვეულებრივია ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, სასუნთქი გზების დაავადებების, ფარისებრი ჯირკვლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ალერგიის, ეგზემისა და  დაავადებების პროფილაქტიკისათვის. კურნავს კუჭის წყლულს წამლის მიღების გარეშე. ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინის გამოდევნას და ანადგურებს მავნე მიკროფლორას… მეტი რა ქნას ამ ერთმა თხამ? ამიტომ ხელშეწყობაა საჭირო ამ მიმართულებით ჩემი და ჩემნაირი ადამიანებისათვის.

-რა გამოცდილებას ფლობდით და ვინ დაგეხმარათ მეურნეობის სწორად მოწყობაში?

— ამ მხრივ ყველა საჭირო საკითხზე ინფორმაცია ჩემმა მეუღლემ ინტერნეტის საშუალებით მოიძია: თხების მოვლა, კვება, პატრონობა, ვეტერინარია, თხის კულტურის დადებითი და სასარგებლო თვისებები და ა.შ. მათ შესახებ  სხვადასხვა ლიტერატურასაც გავეცანით. დახმარებით კი დაგვეხმარნენ და დღესაც, საჭიროების შემთხვევაში, გვერდში გვიდგანან ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“  გამოცდილი მაღალკვალიფიციური ვეტერინარები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით კონსულტაციებსა და ტრენინგებს აწყობენ.

-რა იყო თქვენი საწყისი კაპიტალი?

— ეს იყო თანხა, რომელიც ჩემმა მეუღლემ ამერიკიდან ჩამოიტანა, რითიც შევძელით სახლის  და კარგი ჯიშის მეწველი თხების ყიდვა, რომლებიც თითო 300$ დოლარი ღირს.

- ყველაზე მეტად რისი პრობლემა გაქვთ?

— არ გვქონდა ისეთი დიდი კაპიტალი, რომ ფერმა აგვეშენებინა, მიწის ნაკვეთები გვეყიდა და ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. მხოლოდ სახლის ტერიტორიაზე შევძელით საოჯახო ფერმის მოწყობა, სადაც ბევრი თხების ყოლას ვერ ვახერხებთ, რადგან ცენტრალურ ქუჩაზე ვცხოვრობთ, BP-ის ტრასასთან და ფერმა მაინც მოშორებით უნდა იყოს. ეს შენობა-ნაგებობა და საკვების შესანახი სათავსოებიც სესხით ავაშენეთ და თანაც, მაღალპროცენტიანით. გაგვიჭირდა არსებობაც, თხებსაც არა ნაკლები პატრონობა სჭირდებათ — საკვები, მედიკამენტები გათბობა და უამრავი სხვა. მაგრამ ვუმკლავდებით — სურვილისა და მონდომების შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია…

© ლალი ნოზაძელია დემეტრაშვილი
ლია დემეტრაშვილი - Sputnik საქართველო
ლია დემეტრაშვილი

- ყოველდღიურად რა სამუშაოებს ასრულებთ?

— ზაფხულში, დილით  გვიწევს 5 საათზე ადგომა, ვიწყებთ თხების მოწველით. შემდეგ ჩემს მეუღლეს მიჰყავს ისინი საბალახოდ საღამოს 7 საათამდე. ამ პერიოდში ჩემი შვილიშვილი დაჩი, რომელსაც ძალიან უყვარს ცხოველები და აპირებს ვეტერინარი გამოვიდეს, თან მიჰყვება ტყეში პაპას და ასე ერთად მწყემსავენ. დაჩი ყველის დამზადებითაცაა დაინტერესებული და ამზადებს კიდეც სხვადაცხვა სახეობის ყველს. ის ჯერ 12 წლისაა და დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ  გააგრძელებს ამ კარგ საქმეს, რაც ჩვენ დავიწყეთ. სანამ თხები ბალახობენ, მე და ჩემი 80 წლის მამა ვასუფთავებთ სადგომს, შემდეგ ვაკეთებ ყველს და სხვა საოჯახო საქმეებითაც  ვარ დაკავებული. ხშირად მიწევს თბილისში  ბიზნესთან დაკავშირებით  სიარული, ვესწრები ყველა საქმიან შეხვედრებსა და ტრენინგებს.  

-სად იყიდება თქვენი პროდუქცია და მოგების მხრივ თუ გაამართლა თქვენმა მეურნეობამ?

— ვყიდი სხვადასხვა რესტორნებში, მაღაზია „ყველის სახლში“, პროდუქციას ყიდულობენ  ჩემი ფეისბუქის მეგობრებიც. ყველას მოსწონს და ძალიან კმაყოფილები არიან. თანდათან ვაუმჯობესებ და ვხვეწ  ყველის სხვადასხვა ნაირსახეობას. მოგებას კიდევ უფრო გავზრდით თუ დიდ სუპერ მარკეტებში შევიტანთ პროდუქციას. ამისთვის საჭიროა შესაბამისი შეფუთვა. რძე ბოთლებში უნდა იყოს ჩამოსხმული, ხოლო ყველი — ვაკუუმში მოთავსებული. აუცილებელია ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება, მომხმარებელმა უნდა იცოდეს, ვინ აწარმოებს და  რამდენად უსაფრთხოა  პროდუქცია, რომელსაც მიირთმევს. 

სულ ახლახანს USAID-ის საპილოტე პროგრამაში "ძლიერი ქალი სოფლად" მივიღე მონაწილეობა და გრანტი მოვიპოვე. ეს საშუალებას მომცემს მქონდეს შესაბამისად აღჭურვილი მინი საწარმო, სადაც შევძლებ პროდუქციის შეფუთვასა და დაფასოებას, ასევე ახალი  პროდუქციის დამატებას.

-სამომავლოდ კიდევ რა გაქვთ გეგმაში?

— გაფართოვებას ვაპირებთ. ესაა ჩემი მთავარი მიზანი, რისთვისაც ვიღვწი და ვიბრძვი. ცოტა დროში გამეწელა და დრო, მოგეხსენებათ, ფული ღირს. დიდი სურვილი მაქვს, წარმატებული გავხდე და დიდ შრომასაც ვდებთ. სერიოზულ პრობლემად მრჩება ფერმისა და მიწის ნაკვეთების არ ქონა, ველოდები, იქნებ ინვესტორი დაინტერესდეს ამ კარგი და შემოსავლიანი საქმით.

- რას ურჩევთ თხების მოშენებით დაინტერესებულ ახალბედა ფერმერებს?

— ძალიან კარგ საქმეს დაიწყებენ. რაც მეტი ვიქნებით, უფრო კარგია, რომ  სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებაში მოვხვდეთ. მე ჩამოვაყალიბე კოოპერატივი „თხის ფერმა“  და იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ბევრმაც მოგვბაძა და შეიძინეს თხები, მაგრამ, იმისათვის, რომ ეს დარგი განვითარდეს, მთავრობის მხრიდან მეტი ხელშეწყობაა საჭირო.

ლალი ნოზაძე

 

ყველა ახალი ამბავი
0