თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. შემოწმებამ აჩვენა, რომ თბილისში არსებულ ავტოგასამართ სადგურებზე ხარისხიანი ბენზინი და დიზელი იყიდება, იუწყება გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ სინჯები როგორც ცნობილი ბრენდების, ისე მცირე კომპანიების კუთვნილი ავტოგასამართი სადგურებიდან აიღო. შემოწმდა ბენზოლის, ტყვიის, გოგირდისა და სხვა ნივთიერებათა შემცველობის მაჩვენებლები.
„კვლევამ აჩვენა, რომ ყველა აღებული სინჯი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმას შეესაბამება“, — განაცხადა გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ.
დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი მომწოდებელი 8 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას გადაიხდის.
გარემოს დაცვის სამინისტრო თბილისში და მიმდებარე რეგიონებში საწვავის ხარისხის შემოწმებას მომავალშიც გააგრძელებს.