4 აგვისტოდან თბილისის კინოთეატრებში გაიმართება შემდეგი ფილმების პრემიერები:
„თვითმკვლელების რაზმი“ (Suicide Squad) — ამერიკული ფანტასტიკური ბოევიკია. ის დევიდ ეიერმა გამომცემლობა DC Comics-ის ამავე სახელწოდების კომიქსის მიხედვით გადაიღო. ფილმის სიუჟეტით, მთავრობა დაუჯერებლად მძიმე და საშიში მისიის შესასრულებლად სუპერბოროტმოქმედების გუნდს კრებს, რომლებიც სპეციალურ კამერებში იმყოფებიან. მხოლოდ მათ შეუძლიათ ამ სამყაროს გადარჩენა. თუ ამას ვერ შეძლებენ, მთავრობა მთელ დანაშაულს პატიმრებს დააკისრებს. სურათში კინოვარსკვლავების ბუკეტია შეკრებილი — უილ სმიტი, ჯარედ ლეტო, სკოტ ისტვუდი, მარგო რობი.
„ჯულიეტა“ (Julieta) კანადელი მწერლის ელის მანროს მოთხრობებზე დაფუძნებული ესპანური ფილმია, რომლის რეჟისორი ცნობილი რეჟისორი და სცენარისტი პედრო ალმოდოვარია. ფილმის მთავარი გმირია 55 წლის ქალი, სახელად ჯულიეტა, რომლის ქალიშვილიც საიდუმლოებით მოცულ გარემოში იკარგება. მის კვალდაკვალ დედა მადრიდში ბრუნდება და იხსენებს თავის ბობოქარ ახალგაზრდობას, სიყვარულსა და საშინელ ტრაგედიას, რომელმაც შვილს დააშორა, როდესაც მას 18 წელი შეუსრულდა. მაგრამ წარსულის აჩრდილი ჯულიეტას აწმყოშიც სტანჯავს.
გასულ კვირას ქართულ კინოგაქირავებაში გამოვიდა ფრანშიზის „მოჩვენებებზე მონადირეები“ (Ghostbusters) კომედიური „გადატვირთვა“. რეჟისორია პოლ ფეიგი; ნიკოლას ფინდინგ რეფნის მისტიკური ტრილერი „ნეონის დემონი“ (The Neon Demon) და ტრილერი-ანტიუტოპია „განკითხვის ღამე 3“ (The Purge: Election Year).
უკვე თბილისის კინოთეატრებშია ვუდი ალენის კომედიური ფილმი „მაღალი საზოგადოება“ (Café Society), სამეცნიერო-ფანტასტიკური ფრანშიზის „ვარსკვლავური გზა“ გაგრძელება „სტარ ტრეკი: უსასრულობა“ (Star Trek Beyond) და ამერიკული საშინელებათა ფილმი „სიბნელეში“ (Lights Out).
უქმეებზე თბილისის კინოთეატრებში შეგიძლიათ ნახოთ დრეიკ დორიმუსის ფანტაზიური დრამა „თანასწორები“ (Equals) და სათავგადასავლო ბოევიკი „ტარზანი. ლეგენდა“ (The Legend of Tarzan).
კინო ბავშვებისა და მოზარდებისთვის — მულტფილმი „დათუნია ბუნის თავგადასავალი“ (Boonie Bears III).
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!