ჰოლანდიელი ფოტოგრაფი: საქართველო ველური ბუნებით ეგზოტიკური და მშვენიერია

© photo: Sputnik / Levan Avlabreliმაურისიო ვულფი
მაურისიო ვულფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ჰოლანდიელი ფოტოგრაფის მაურისიო ვულფის ისტორიას წარმოგიდგენთ.

მაურისიო საქართველოში პირველად ამ საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდა, შეუყვარდა ქვეყანა და მას შემდეგ რეგულარულად სტუმრობს, დადებითად აფასებს ქვეყნის განვითარების დინამიკას. მაურისიოსთვის საქართველო შთაგონების წყაროა, ის ქვეყნის შესახებ ფოტოწიგნს ამზადებს.

უცნაური ქვეყანა

საქართველოზე პირველი შთაბეჭდილების შესახებ საუბარი მიჭირს, რადგან ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. აქ პირველად 2000 წელს ჩამოვედი. მაშინ შეგრძნება მქონდა, რომ საქართველოს ცივილიზებული სამყაროსგან დიდი კედელი ჰყოფდა.

მახსოვს, იმ პერიოდში თბილისში პირველი „მაკდონალდსი“ გაიხსნა. ეს ძალზე უცნაური სანახავია, როდესაც ჩამოდიხარ დასავლეთიდან — ეს კაფეები ჩვენთან ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. ბევრი რამ მართლა ძალიან უცნაური იყო.

© Levan Avlabreliმაურისიო ვულფი
მაურისიო ვულფი - Sputnik საქართველო
მაურისიო ვულფი

აქ ბევრი რამ სრულიად სხვაგვარი იყო, ვიდრე სხვა ქვეყნებში — არ იყო ნორმალურად შუქი და წყალი. როდესაც მეგობრებთან ერთად ავტომობილით ვმოძრაობდით, ლამის ყოველ კილომეტრში პოლიცია გვაჩერებდა და ქრთამს ითხოვდა. დღეს, რა თქმა უნდა, ასეთი რამ საქართველოში არ არის და ეს მახარებს, შესაძლებელია მშვიდად იმოგზაურო ქვეყანაში.

კიდევ ერთი უცნაურობა ჩემთვის ქართული სამზარეულოა. ის ევროპის ან აზიის სხვა სამზარეულოებს არ ჰგავს და ერთსა და იმავე კერძს ერთნაირი გემო არასდროს აქვს. ჩემი საყვარელი კერძებია ლობიო, ფხალი, საცივი.

მახსოვს გასული წლის მოვლენები, როდესაც თბილისში წყალდიდობა მოხდა. მაშინ ზოოპარკიდან უამრავი ცხოველი გაიქცა, ქალაქის ქუჩებში ვეფხვები, ლომები და დათვები დასეირნობდნენ. რა თქმა უნდა, ასეთი რამ მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი — გქონდეს შანსი, ვეფხვის ლუკმა გახდე.

© MAURICE WOLFსახლის სადარბაზო ძველ თბილისში
სახლის სადარბაზო ძველ თბილისში - Sputnik საქართველო
სახლის სადარბაზო ძველ თბილისში

საქართველო უნდა „გაიზარდოს“

რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა იმ დროის განმავლობაში, რაც აქ ჩამოვდივარ. მრავალი ახალი მშენებლობაა, ეს ადგილი დასავლეთში ტურისტებისთვის პოპულარული გახდა, და აქ ძალზე უსაფრთხოდ ხარ. თბილისი ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქალაქია. აქ შეგიძლია ღამით თავისუფლად ისეირნო ან ავტომანქანა ქუჩაში დატოვო — ასე თავისუფლად და უსაფრთხოდ არც თუ ბევრ ქვეყანაში გრძნობ თავს.

მაგრამ, მიუხედავად დადებითი მხარეებისა, აქ კვლავ ბევრი „უცნაურობაა“. დილის 10 საათამდე არც ერთი დაწესებულება, პრაქტიკულად, არ მუშაობს. მაგალითად, კაფეები, რომლებიც 11 საათის შემდეგ იხსნება, დასავლეთში კი ბევრი 7 საათზე საუზმობს, ისინი მიდიან უახლოეს კაფეში და იქ საუზმობენ. მთელ მსოფლიოში, პრაქტიკულად, დილის 8 საათზე ყველა იწყებს მუშაობას. ჩემი აზრით, ეს საქართველოს მხოლოდ „თავშესაქცევი“ და ღიმილისმომგვრელი თავისებურება არ არის, ეს უბედურებაა. ქართველებო, ადრე გაიღვიძეთ!

© Levan Avlabreliმაურისიო ვულფი
მაურისიო ვულფი - Sputnik საქართველო
მაურისიო ვულფი

მიმაჩნია, რომ აქ ფულს ფანტავენ და საქმეში სწორად არ დებენ. მაგალითად, აჭარაში პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს. ასეთი პირობები წამომიყენეს: სამი დღე იხდიდნენ სასტუმროსა და სხვა ხარჯებს. რა თქმა უნდა, ასეთ სამუშაოს არ დავთანხმდი. სამაგიეროდ მათ დამწყები ფოტოგრაფები შეკრიბეს მთელი საქართველოდან, დააფინანსეს მათი იქ სამდღიანი ყოფნა, დახარჯეს ბევრი ფული, მაგრამ ნორმალური შედეგი ვერ მიიღეს.

არ ვამბობ, რომ ამ პროექტისთვის აუცილებლად მე უნდა შევერჩიე. უბრალოდ, ამ თანხის უფრო გონივრულად დახარჯვა შეიძლებოდა. მაგალითად, შეერჩიათ რამდენიმე ცნობილი ფოტოგრაფი, ენახათ მათი პორტფოლიო, გადაეწყვიტათ, რომელი სტილი უფრო მიესადაგება მათ გემოვნებას და იმავე თანხით მიეღოთ ის, რის მიღებასაც რამდენიმე ათეული დამწყები ფოტოგრაფისგან ელოდნენ.

არც ერთი ადამიანი, ვინც საკუთარ თავს სცემს პატივს, არ იმუშავებს „სამი დღის საკვებისა და საცხოვრებლის გამო“. მე პროფესიონალი ვარ, მე თანხას ვდებ ტექნიკაში, დიდ დროს ვხარჯავ ფოტოების დამუშავებაზე და კიდევ უფრო მეტს იმაზე, რომ კადრი „დავიჭირო“. როგორც ჩანს, საქართველოში ჯერ კიდევ ყველას არ ესმის, რომ შრომა შესაბამისად უნდა ანაზღაურდეს და ახალბედა და პროფესიონალი კონკურენტები არ არიან.

კიდევ ერთი დიდი ნაკლი, ჩემი აზრით, ისაა, რომ ქვეყნიდან ფული გაედინება. მაგალითად, ბოლო დროს საქართველოში ბევრი მშენებლობაა. და მე, უცხოელს გულწრფელად არ მესმის, რატომ არის ამ სფეროში ამდენი უცხოელი დაკავებული, განსაკუთრებით — უბრალო მუშად, რომლებიც „ლურსმანს არჭობენ“. ნუთუ საქართველოში არ არიან მამაკაცები, რომლებსაც ხელში ჩაქუჩის სწორად დაჭერა შეუძლიათ?

© MAURICE WOLFქართველი გოგონა
ქართველი გოგონა - Sputnik საქართველო
ქართველი გოგონა

საქართველო ყველა სფეროში უნდა „გაიზარდოს“. და, მიუხედავად ყველა სიძნელისა, მწამს, რომ საქართველო გადალახავს მათ და ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანა გახდება. აქ საოცარი ბუნებაა, რომელიც მუდამ მიზიდავს.

საქართველო — შთაგონების წყარო

საქართველოში დიდ დროს ვატარებ. აქ ბევრი სხვადასხვა პროექტი მაქვს. საქართველო, როგორც ფოტოგრაფს, ძალიან მიზიდავს. ყველაზე მეტად, როგორც აღვნიშნე, აქ ბუნება მომწონს. აქ საოცარი პეიზაჟები და ხედებია.

განსაკუთრებით მინდა თუშეთი გამოვყო — ეს საერთოდ ცალკე თემაა. ცოტა ხნის წინ დავბრუნდი იქიდან. ძალიან ლამაზია. ეს ველური მხარეა, პირველყოფილი სილამაზით, შეიძლება ითქვას, რომ ცივილიზაციისგან ხელუხლებელი. იქ ყველაფერი ისეა, როგორც მრავალი საუკუნის წინ. ვფიქრობ, ხასიათი, ტრადიციები, ადამიანებიც ისეთივეა, როგორც უწინ.

© MAURICE WOLFცხვარი თუშეთში
ცხვარი თუშეთში - Sputnik საქართველო
ცხვარი თუშეთში

ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იქ „ცხვრების მოგზაურობამ“ მოახდინა. ზამთარში ხომ მათ, რომ არ გაიყინონ და შიმშილით არ დაიხოცონ, კახეთში ერეკებიან. ასე აკეთებდნენ აქ ადამიანები მრავალი საუკუნის განმავლობაში. ასე აკეთებენ დღესაც. ეს ჩემი უსაყვარლესი პროექტია საქართველოში.

ასევე, მანცვიფრებს საქართველოს მრავალფეროვნება. თბილისიდან დასავლეთისკენ თუ ივლი 1-2 საათი, სულ სხვაგვარი ბუნება შეგხვდება, ვიდრე აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით ან სამხრეთით მოგზაურობისას. იცვლება ყველაფერი — კლიმატი, ბუნება, ადამიანები. ეს უნიკალურია.

ძალიან მიყვარს ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ყოფნა. ეს არაჩვეულებრივი ადგილია, საქართველოს სხვა კუთხეებს არ ჰგავს. ნამდვილი ნახევარუდაბნო მთელი თავისი სილამაზით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან მდიდარია ტყეებითა და ტბებით.

დიდხანს ვცხოვრობდი ამერიკასა და ავსტრალიაში, ვმოგზაურობდი ევროპისა და აზიის ქვეყნებში, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ პატარა საქართველო იმდენ ბუნებრივ ზონას იტევს, რომ ამის მხოლოდ შეიძლება შეგშურდეს. ავსტრალიისთვის სრულებით ნორმალურია, იარო 5-6 საათი და სურათი საერთოდ არ შეიცვლება.

პირადად მე არანაირად არ შემიძლია, საქართველო ჩემს სამშობლოს შევადარო. ჩვენთან ჰოლანდიაში მთები თითქმის არ არის. ასე მგონია, საქართველო რომ „გაასწორო“, აქ იმდენი ტერიტორია იქნება, რამდენიც რუსეთს აქვს, იმდენი მთა და გორაა აქ.

© Levan Avlabreliმაურისიო ვულფი
მაურისიო ვულფი - Sputnik საქართველო
მაურისიო ვულფი

მხატვრულ ფოტოებს მთელ საქართველოში ვიღებ. მინდა აღვნიშნო, რომ აქ მხოლოდ ბუნება კი არა, ადამიანებიც მიზიდავს. ხშირად ხდება, რომ აქ გადაღებულ ფოტოს ვაჩვენებ და მეკითხებიან: „ვაა, ეს სად არის? რა ლამაზია, სადაა?“. ამის მოსმენა ძალზე მსიამოვნებს!

ყოველივე ამან შთამაგონა, საქართველოზე ფოტოწიგნი შემექმნა. მინდა, ამ ქვეყნის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგოს. აქ ყველაფერი განსაკუთრებულია და მინდა, ჩემი ფოტოების მეშვეობით ადამიანებმა საქართველო ისეთი დაინახონ, როგორიც არის. ის ველური, ხელშეუხებელი, ეგზოტიკური და ისეთი მშვენიერია.

ყველა ახალი ამბავი
0