მრავალი თეორია არსებობს იმისა, თუ რატომ კბენს კოღო ერთ ადამიანს, ხოლო მეორეს — არა. კოღოებს აინტერესებთ არა სისხლის გემო, არამედ კონკრეტული სხეულის ტემპერატურა და სუნი, რომელსაც ეს სხეული აფრქვევს. ამიტომ კოღოების თავდასხმის მსხვერპლი, პირველ რიგში, ისინი არიან, ვისაც სხეულის უფრო მაღალი ტემპერატურა აქვს და ვინც განსაკუთრებულ, კოღოებისთვის ფრიად „მიმზიდველ“ სუნს გამოყოფს.
ერთი რამ დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ კოღოების შერჩევითობის გასაღები სხეულის გენეტიკა და ქიმიაა.
უნდა აღინიშნოს, რომ იკბინებიან მხოლოდ დედალი კოღოები. მათ ამქვეყნად შთამომავლობის მოსავლენად ძუძუმწოვრების სისხლი სჭირდებათ. მამალი კოღოები მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებებიან და ამ მხრივ სრულებით უწყინარი არიან.
დედალ კოღოებს თავისი შთამომავლობისთვის მხოლოდ საუკეთესო სისხლი უნდათ. როგორც ცნობილია, თითოეულ ადამიანს საკუთარი უნიკალური სუნი აქვს. კოღოებმა ზუსტად იციან, როგორია მათთვის იდეალური არომატი. ისინი სუნს შორიდან გრძნობენ.
წარმოიდგინეთ, ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 100 ტრილიონი მიკრობია. ჩვენი საკუთარი „მიკრობული ხელწერაც“ კი გვაქვს, რომელიც, ძირითადად, გენეტიკით განისაზღვრება. ეს მიკრობები ჩვენი იმუნური სისტემის ძირითადი ნაწილია, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ხშირ წყლის პროცედურებს სარგებლობა ამ მხრივ არ მოაქვს და ის, რა თქმა უნდა, კოღოებისგან ვერ გვიხსნის.
დიდ როლს ასრულებს ადამიანის მიერ გამოყოფილი ოფლი და ნახშირორჟანგი. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი სხეულის სუნი.
როგორც გამოირკვა, კოღოების უმრავლესი სახეობისთვის ძალზე მიმზიდველია რძის მჟავა. ხოლო გარკვეული პროდუქტები, როგორიცაა ყველი, სოიო, იოგურტი ან დამწნილებული ბოსტნეული ფიზიკური აქტივობის დროს კანის ზედაპირზე დიდი რაოდენობით რძის მჟავის წარმოქმნას იწვევს. ეს აბეზარ კოღოებს ძალიან იზიდავს.
ზოგ ადამიანს კოღო იშვიათად კბენს. ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით, ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანის კანში შეიძლება ნივთიერებათა ცვლის ისეთი პროდუქტები გამოიყოს, რომლებიც კოღოებს აფრთხობს.
არსებობს ასევე სხვადასხვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ადამიანები „მოსწონს“ კოღოს. მაგალითად, ერთ-ერთი ვერსიით, მნიშვნელოვანია სისხლის ჯგუფი. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ კოღოები უპირატესობას პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს ორჯერ მეტად ანიჭებენ, ვიდრე მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს. ეს ნიშნავს, რომ 85% შემთხვევაში ადამიანი თავისი სისხლის ჯგუფით თვითონ იზიდავს კოღოს. ამ ვერსიას ბევრი მეცნიერი უარყოფს.
ასევე არსებობს ვერსია, რომ კოღო ნაკლებად ეტანება სისხლის დაავადებების მქონე ადამიანებს, მაგალითად, დიაბეტით დაავადებულებს, თუმცა ესეც მხოლოდ ვარაუდია.
კოღოებისთვის რომ სრულებით უინტერესო გავხდეთ, ეს შეუძლებელია. მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია თავის დასაცავად, მხოლოდ ისაა, რომ გავფრთხილდეთ — შეძლებისდაგვარად დავიფაროთ სხეული, არ გავიდეთ ქუჩაში სისხამ დილითა და საღამოს, როდესაც ტენიანობა მომატებულია, გამოვიყენოთ დამცავი კრემები, არომატული ზეთები. მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველივე ეს მაინც არ ნიშნავს, რომ კოღოებს აღარ „ვეყვარებით“.