თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში თბილისის „დინამო“ ზაგრების „დინამოსთან“ დამარცხდა ანგარიშით 0:1 და ტურნირს გამოეთიშა, ქართულმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში 0:3 წააგო.
თამაშის ბედი დებიუტშივე გადაწყდა. მე-9 წუთზე „დინამოს“ მცველი რენე ფერეირა უხეშად შეცდა, რის გამოც „დინამოელთა“ კარში საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. დარტყმა ზუსტად შეასრულა მარკო როგომ და ანგარიში გახსნა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ქართველ ფეხბურთელებს უკვე ოთხი ბურთი უნდა გაეტანათ, რაც ნაკლებად სავარაუდო იყო. ჯამში იური იარაბეკის გუნდმა დარჩენილ 80 წუთში ერთი ბურთის გატანაც კი ვერ შეძლო.
უეფას ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ თბილისის „დინამო“ საკუთარ ძალებს უეფას ევროპის ლიგაში — მნიშვნელობით მეორე საკლუბო ევროტურნირში ეცდება. ფლეი-ოფში საკუთარი მოწინააღმდეგის ვინაობას „დინამოელები“ პარასკევს გაიგებენ, როდესაც კენჭისყრა გაიმართება.