თენგიზ არჩვაძე: უასაკო ვარ ცხენთან და მთასთან...

© Georgian Filmმსახიობი თენგიზ არჩვაძე
მსახიობი თენგიზ არჩვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს განსაკუთრებით ვემზადებოდი ჩვენ აივანზე გასასვლელად… დიდი მორიდებით, მოწიწებითა და სიყვარულით, რადგან დღეს ჩვენი სტუმარია კაცი, რომელიც ჩემთვის სულ ბავშვობიდან და დღემდე (არაფერი შეცვლილა ერთი იოტითაც კი) რჩება ქართველი მამაკაცის სიმბოლოდ… ყველაფრით – შესახედავად, ღირსებით, ვაჟკაცობით, თავშეკავებით, ხმის ტემბრითაც კი…

ეს არის ჩვენი უსაყვარლესი ბატონი თენგიზ არჩვაძე, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1932 წლის 3 აგვისტოს.

ბატონი თენგიზის მიერ თეატრსა და კინოში განსახიერებული სახეები უბრალოდ რომ ჩამოვთვალო, ისიც კი დიდ დროს წაიღებს. შეფასების უფლება ხომ საერთოდ არ გამაჩნია, მაგრამ ერთის თქმა მაინც მინდა: მისი გმირები იმდენად ღრმა არიან, იმდენად ყველასთვის გასაგები, ახლობელი და, რაც მთავარია, იმდენად ბუნებრივი და „არანათამაშები“, რომ მათ ყველა დადებით თვისებას უნებლიედ ბატონ თენგიზს აწერ, რადგან ვერავინ დამაჯერებს, რომ მართალი და კარგი კაცის როლის ასე თამაში არამართალ და არაკარგ კაცსაც შეუძლია… სხვათა შორის, ბატონმა თენგიზმა ერთხელ თქვა, რომ ის უარს ამბობდა როლზე, თუ ნაწარმოები ან გმირი არ მოსწონდა და რომ უარყოფითი გმირიც კი ესთეტიური ჩარჩოებიდან მთლად ამოვარდნილი არ უნდა იყოს… 

© Courtesy of Tengiz Archvadzeთენგიზ არჩვაძე
თენგიზ არჩვაძე - Sputnik საქართველო
თენგიზ არჩვაძე

მთავარი კი, ვფიქრობ, იცით, რა არის? ის, რომ დღეს ჩემთვის არსაკიძე ის არსაკიძეა, რომელიც ბატონმა თენგიზმა შემომთავაზა და გულით მივიღე, მუშნი ზარანდიაც მისი მუშნია… თუმცა, რა თქმა უნდა, ორივე ნაწარმოები ფილმის ნახვამდე მქონდა წაკითხული და ჩემი საკუთარი კონსტანტინეც და მუშნიც მყავდა წარმოდგენილი…

ბატონი თენგიზი საოცრად ხატავს, მშვენივრად ერკვევა ისტორიაში, ლიტერატურაში, არაჩვეულებრივად კითხულობს ლექსებს. მისი შესრულებით „მივალ, მივყვები თეთრი გზებით მე ჩემს ფარასა“ ხომ საერთოდ რაღაც სხვა არის – მთებს რომ სწვდება, ისეთი…

ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ თქვა — თენგიზ არჩვაძე ზოგადქართული პიროვნებაა… ასეთი ჰარმონიული კაცი იშვიათად შემხვედრიაო.

ალბათ, მართლაც ძალიან ძნელი და საპასუხისმგებლოა, იყო ადამიანი, ვისაც ენდობა ყველა, შეიძლება ითქვას, მთელი ერი. არ შეგეშალოს არაფერი, რადგან არავის არ სჯერა, რომ შეიძლება რამე შეგეშალოს… მაგრამ, მეორე მხრივ, რომ დაფიქრდე, ძნელია, როცა გინდა კარგი ადამიანი იყო და ცდილობ, რაც, უეჭველად, დასაფასებელია, მაგრამ როცა ასეთი ხარ და სხვანაირად არც წარმოგიდგენია და არც შეგიძლია… უბრალოდ, ცხოვრობ ისე, როგორც სუნთქავ.

კაცი სუნთქვას და მაჯისცემას ხომ ვერ შეიცვლის?! შეიძლება რამდენიმე წამით შეაჩეროს, აიჩქაროს ან შეანელოს, მაგრამ ბოლოს მაინც მისთვის ჩვეულ რიტმზე გადავა.

მაგრამ, სხვანაირად თუ შევხედავთ? ასე ლამაზად რომ ცხოვრობ ამ რთულ და არეულ ქვეყანაში, როცა იცვლება შენი ქალაქი, შენთვის ჩვეული ურთიერთობები, შენთვის მისაღები მთავარი ფასეულობები, როდესავ ხელიდან გეცლებიან შენი თაობის უდიდესი წარმომადგენლები, შენი ძმაკაცები… წარმომიდგენია, რამხელა გულისტკივილს გრძნობ და რამხელა სევდას დაატარებ… 

როდესაც გარდაიცვალა ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი, ბატონმა თენგიზმა, რომელმაც მასთან ერთად მთელი ცხოვრება გამოიარა და მის 82 წლისთავზე თამადობას აპირებდა, ბრძანა: „რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე… ყველანი წავიდნენ… ახლა ოთარი… მერჩივნა მე წავსულიყავი, ბატონო!" და აი აქ, დღეს მე მინდა ვთქვა, რისი თქმაც მაშინ მინდოდა და ვერ გავბედე — „ბატონო თენგიზ, გაუფრთხილდით თავს და დიდხანს იყავით ასე მხნედ და ჩვენ გვერდით, რადგან თქვენ ხართ ჩვენი სიამაყე, ჩვენი ეტალონი, რომელზეც უნდა გავსწორდეთ. შეიძლება არ გამოგვდის ბოლომდე, თქვენ რომ გინდათ ისე, მაგრამ ხომ ვცდილობთ… ბოლოს და ბოლოს, ძალიან გვიყვარხართ!“

სხვათა შორის, „არ გამოგვდისთან“ დაკავშირებით: მინდა გაგიმხილოთ, გუშინ დამაინტერესა ბატონი თენგიზის გვარის წარმოშობამ და ბევრი რამ წავიკითხე არჩვებზე, განსაკუთრებით ჩვენებურზე, კავკასიურზე. ერთი ფრაზა მენიშნა — „არჩვი იშვიათი და მსუბუქი ცხოველია, რომელსაც სჩვევია ცხოვრება ძნელად და ზოგჯერ მხოლოდ მისთვის მისაწვდომ ადგილებში“…

ბოლოს კი მინდა გავიხსენო ერთი საოცრად ლამაზი კაცის, რომელიც ძალიან გვენატრება და გვაკლია, ბატონი ჯემალ მონიავას სიტყვები:

„დიდი ბედნიერებაა – დადიოდე ქვეყნად ჩუმად, უხმაუროდ და შენდაუნებურად უყვედრებელ, უანგარო, წინასწარ მოუფიქრებელ სიკეთეს აფრქვევდე. ასეთია თენგიზი.

მის ღიმილს განზომილება არა აქვს — უკიდეგანოა და ხალასი.

მისი ხელის ჩამორთმევა ადამიანური სითბოს გადმომდებია.

მის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელო საოცარი პოეტური ოდაა“…

დიახაც, ასეთია ბატონი თენგიზი!..

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და გულში მზიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0