თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. გველი, რომელიც ბათუმში ზღვის სანაპიროზე აღმოაჩინეს, იქ მდინარე ბარცხანიდან მოხვდა, განაცხადა აჭარის გარემოს დაცვის ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსმა ნუგზარ პაპუნიძემ.
„მარილიან წყალში გველები არ ბინადრობენ. ეს გველი მდინარე ბარცხანიდან მოხვდა, რომელიც შავ ზღვას უერთდება. არანაირი საშიშროება არ არის, არანაირი გველები აქ არ არის, წყალი კრისტალურად სუფთაა, ყველა დამსვენებელი აღნიშნავს ამას და ძალიან კმაყოფილი არიან“, — განაცხადა პაპუნიძემ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა გველის ფოტო, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ ბათუმში დაიჭირა. შეშინებულმა დამსვენებლებმა სანაპირო დატოვეს.