თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეს ოფიციალურად დატოვეს თანამდებობები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მათი თხოვნა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გასულ კვირაში დააკმაყოფილა. ვინ შეცვლის ხიდაშელსა და ზაქარეიშვილს ჯერჯერობით უცნობია.
„ჩვენ ვენდობით პრემიერის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება გონივრული იქნება… არ მახსენდება, რომ პრემიერ კვირიკაშვილს გადაწყვეტილება გუნდის სახელით კონსულტაციების გარეშე მიეღოს. ის მთავრობასა და პოლიტსაბჭოსთან ურთიერთობების ძალიან კარგ ფორმატს იყენებს“, — განუცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს.
უწყებების ახალი ხელმძღვანელების წარდგენამდე მინისტრების მოვალეობებს პირველი მოადგილეები — დავით ებრალიძე (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) და ქეთევან ციხელაშვილი (სახელმწიფო მინისტრის მოადგილე) შეასრულებენ.
მინისტრების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე კვირიკაშვილი კონსულტაციებს მართავს. კვირას პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდა. კონსულტაციები ასევე გაიმართა მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან პოლიტსაბჭოს ფორმატში.
მინისტრების გადადგომა აუცილებელი კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლის შემდეგ და საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების გამო გახდა აუცილებელი.
ხიდაშელი და ზაქარეიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები არიან. პარტია კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შედიოდა.
„რესპუბლიკელებს“ მინისტრთა კაბინეტში მესამე — გარემოს დაცვის მინისტრიც ჰყავდათ, მაგრამ გიგლა აგულაშვილმა პარტიის დატოვება და თანამდებობის შენარჩუნება გადაწყვიტა.