თბილისში შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi გაიხსნა

გამოწერა
”ბილთმორი“ ლუქს-კლასის სასტუმროების ბრენდია, რომელმაც საქართველოში Millennium & Copthorne-ის პირველი წარმომადგენლობა გახსნა. ”ბილთმორ თბილისს” 216 მაღალი კლასის ნომერი აქვს.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თბილისში პირველი შვიდვრსკვლავიანი სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi გაიხსნა. 

140 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია „დაბი ჯგუფმა“ განახორციელა. 

 „ბილთმორ თბილისის" გახსნის საზეიმო ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრ, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

„ეს "დაბი ჯგუფის" უმსხვილესი ინვესტიციაა, თუმცა არა პირველი საქართველოში, მაგრამ ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ შევქმენით მაქსიმალურად კომფორტული გარემო ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის კეთებისთვის. სწორედ ამ პოლიტიკის, ჩვენს მიერ გატარებული რეფორმებისა და თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგია ის, რომ დღეს საქართველო რეგიონში წამყვანი ქვეყანაა, საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის კუთხით", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნის ცერემონიაზე.

© FB/The Biltmore Hotel TbilisiThe Biltmore Hotel Tbilisi
The Biltmore Hotel Tbilisi - Sputnik საქართველო
The Biltmore Hotel Tbilisi

პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას, ბიზნესისთვის შესანიშნავი გარემოს შექმნისთვის მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხმა ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანმა.

მისი შეფასებით, ახალი სასტუმრო ქართველ ხალხისა და „დაბი ჯგუფის", საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების განსაკუთრებული მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია. 

შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანის განცხადებით, „ბილთმორის" ქსელის პირველი სასტუმრო ლოს-ანჯელესში, ყველასთვის ნაცნობია, განსაკუთრებით კი კინომოყვარულებისთვის, რადგან ის 100-ზე მეტი ფილმის გადაღების ადგილია. შეიხი დარწმუნებულია, რომ კინოს გადაღების ლოკაციის შერჩევისას, ყველა თანამედროვე პროდიუსერი არჩევანს „ბილთმორ თბილისზე" შეაჩერებს.

„ვის შეუძლია, გაუძლოს საქართველოსა და „ბილთმორის" ცდუნებას. ჩვენც კი, არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლებს, არ შეგვიძლია, გავუძლოთ იმ შთამბეჭდავი გარემოს ცდუნებას, რომელიც აქ სუფევს და ამ ქვეყანას ყველა სხვა სახელმწიფოსგან განასხვავებს… ეს იდეალური ადგილია ბიზნესის წარმოებისა და სამყაროს შესაცნობად", — განაცხადა შეიხმა.

მისი შეფასებით, საქართველომ დაიმსახურა მოგზაურთათვის სასურველი დანიშნულების ადგილის რეპუტაცია, ვინაიდან, ქვეყანაში ყოფნის მანძილზე, სტუმრებს შეუძლიათ, დატკბნენ სტუმართმოყვარეობით.

ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, მთავრობის მეთაურმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხმა სასტუმრო და შენობაში განთავსებული „ტერაბანკის" ფილიალი დაათვალიერეს, რომელიც ასევე „დაბი ჯგუფის" ინვესტიციაა. უმაღლესი კლასის სასტუმროს გახსნასთან დაკავშირებით, გაიმართა გალა კონცერტი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით, ასევე სასტუმროს ფასადზე პროექცირებული იყო 3D შოუ. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

ბალთმორი ლუქს-კლასის სასტუმროების ბრენდია, რომელიც საქართველოში Millennium & Copthorne-ის პირველ წარმომადგენლობას ხსნის. Millennium & Copthorne Hotels plc მსოფლიოში 120 სასტუმროს მფლობელი, აქტივების მმართველი ან ბიზნესის მმართველია.

"დაბი ჯგუფს" საქართველოში უკვე ორი მსხვილი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, რომელთა ჯამური ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენს — ბილთმორ თბილისი და ტერაბანკი.

 

ყველა ახალი ამბავი
0