თბილისში ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა დასრულდა

გამოწერა
ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიოს ქალაქებიდან 700 მონაწილე ეწვია.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოსთვის დიდი პატივია ასეთი დონის ოლიმპიადის მასპინძლობა, შეჯიბრი, რომელსაც 50-წლიანი ისტორია აქვს, განაცხადა ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

საქართველოში პირველად გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიადა ქიმიაში, რომელშიც მსოფლიოს 75 ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. „ოლიმპიადა 2016“ 23 ივლისს გაიხსნა და 31 ივლისს დასრულდა.

„ოლიმპიადები, მეცნიერების პოპულარიზაციასთან ერთად, ხელს უწყობს მონაწილეთა დამეგობრებასა და ურთიერთთანამშრომლობას… თქვენთვის ეს მართლაც ამაღელვებელი მომენტი უნდა იყოს — დღეს ხომ თქვენ სხვადასხვა ქვეყნიდან თქვენ თანატოლებს შეეჯიბრეთ. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებში ქიმიისადმი დაინტერესებას ვხედავ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო რამდენიმე წლის წინ ჩაერთო ოლიმპიადაში და  პირველად მონაწილეობა 2014 წელს ვიეტნამში მიიღო.

„მჯერა, რომ ამ ოლიმპიადასთან დაკავშირებული მოგონებები მთელი ცხოვრება გაგყვებათ. და თბილისში ოლიმპიადის ფარგლებში გატარებულ დროში თქვენ ახალ მეგობრებს გაიჩენთ და უფრო გაგიმძაფრდებათ ქიმიის მეცნიერებისადმი სიყვარული“, — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება ქვეყნებს 10 წელიწადში ერთხელ ეძლევათ. ამჟამად განრიგი წინასწარაა შედგენილი 2021 წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0