ნინო სალუქვაძე — სპორტსმენი, რომლის ანგარიშზეც ყველა ღირსების ოლიმპიური მედალია

© photo: Sputnik / Levan Avlabreliნინო სალუქაძე
ნინო სალუქაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინოს მწვრთნელი მთელი ცხოვრება მამა ვახტანგ სალუქვაძე გახლდათ, რომელმაც მისი ოსტატობა უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა. ამ ტანდემს 80-90-იან წლებში მსოფლიოში ბადალი არ ჰყავდა. ნინო მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონის ტიტულის და ევროპის ჩემპიონატის ოთხი ოქროს მედლის მფლობელია.

ნოდარ მაისურაძე

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, როგორც ცნობილია, რიოს ოლიმპიადაში ნინო საკუთარ ვაჟთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად იასპარეზებს ტყვიის სროლაში, რაც თამაშების ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა გახლავთ. 

— ნინო, თქვენთვის ეს ოლიმპიადა რიგით მერვეა, მაგრამ პირველია, სადაც შვილთან  ერთად გამოხვალთ შეჯიბრებებზე. ამის გათვალისწინებთ, ალბათ, ეს ოლიმპიადა განსაკუთრებულია თქვენთვის. 

© ALEXANDER IMEDASHVILIნინო სალუქვაძე შვილთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად
ნინო სალუქვაძე შვილთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად - Sputnik საქართველო
ნინო სალუქვაძე შვილთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად

— ბუნებრივია, რიოს ოლიმპიადა ყველა დანარჩენისგან განსხვავებული იქნება. მე და მამამ მთელი ჩვენი გამოცდილება გადავეცით სპორტსმენებს და შემდგომ ამას გაორმაგებული ენერგიით გავაკეთებთ. 

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება —ჩემი შვილი თუ სხვა, მთავარია, შიდა შეჯიბრებებზე რომელიმე ჩვენმა სპორტსმენმა მისაღები შედეგი აჩვენოს, რომ ავიყვანო და მერე წიწილებივით ვდიო. 

დიახ, ვარჯიშისას, საცეცხლე მიჯნასთან, არ არსებობს შვილი, ნათესავი, დედა და მამა. ასეთი ცნება საერთოდ არ არსებობს. არის მხოლოდ სპორტსმენი და მწვრთნელი. შინ, კი ბატონო, მაგრამ არა ვარჯიშზე. 

მიხარია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად ჩემ გარდა კიდევ ვიღაცამ მოიპოვა ოლიმპიადის ლიცენზია ტყვიით სროლაში. და როცა ეს ვიღაც ჩემი საკუთარი ვაჟია, რა თქმა უნდა, ეს დამატებითი ბონუსია. 

— რატომ გვქონდა ასეთი ჩავარდნა? 

— იმიტომ რომ არ არსებობდა არანაირი პირობა. არც ახლა არის. ოლიმპიური თამაშები, მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატები — ყველა ასეთი დონის შეჯიბრება ღია ცის ქვეშ ტარდება, ბუნებრივი განათების პირობებში. ჩვენ კი ღია ტირიც არ გაგვაჩნია ელემენტარულად. დახურული, კი ბატონო, მაგრამ ისიც მხოლოდ ხუთი სამიზნით. 

ჩვენ ისევ ქაღალდის სამიზნეებზე ვვარჯიშობთ, როგორც ჩვენს ერამდე, სხვები კი კომპიუტერზე ისვრიან და შედეგს მონიტორზე ხედავენ. ჩვენ კი შუქნიშნებითა და ძველი ტექნიკის მიერთებით შევქმენით რაღაც მოწყობილობა და ოპტიკური სამიზნიდან ვუყურებთ, სად მოვარტყით ტყვია… 

© Г. АХАЛАДЗЕმსოფლიო ჩემპიონი ნინო სალუქვაძე
მსოფლიო ჩემპიონი ნინო სალუქვაძე - Sputnik საქართველო
მსოფლიო ჩემპიონი ნინო სალუქვაძე

— ანუ დაფინანსება ძალიან დაბალია?

— დაფინანსება? აი ჩემთვის,  ნინო სალუქვაძისთვის მთავრობა აკეთებდა ყველაფერს. სადაც საჭირო იყო და როცა საჭირო იყო, ყველგან დავდიოდი. მაგრამ არ მინდა მარტო სიარული. სპორტი უნდა განვავითაროთ და ახალგაზრდა სპორტსმენებზე უნდა ვიფიქროთ. ამიტომაც ძალიან ხშირად მითქვამს უარი ამა თუ იმ შეჯიბრებაზე წასვლაზე, რომ სახსრები ახალგაზრდობას მოხმარებოდა. 

რაც მთავარია, უკვე გვაქვს შედეგები. შარშან ჩვენმა ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი აიღეს გუნდურ ჩათვლაში, მანამდე ერთი გოგონა პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე, მეორე გოგონა მეოთხე ადგილზე გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე და მეხუთე იყო ევროპის  ჩემპიონატში. 

ეს უკვე არის მიღწევები!

იმისათვის, რომ გუნდს ჰქონდეს ასეთი მაჩვენებლები, რაღაც მსხვერპლი უნდა გავიღოთ. შეკრებების გარეშე არანაირი შედეგი არ გვექნება. ვაკვირდები ხოლმე და თუ ვატყობ, რომ შედეგი უკვე მყარია, სპორტსმენი შეკრებებზე მიმყავს. იმიტომ რომ სწორედ შეკრებებზე ხედავ სრულ სურათს და ხვდები, რას წარმოადგენს ესა თუ ის სპორტსმენი. 

— სად მოიპოვეთ თქვენთვის რიგით მერვე ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზია?

— ევროპის ჩემპიონატზე მარიბორში, სადაც მეოთხე ადგილი ავიღე. სხვათა შორის, არ იყო იოლი, სულ ორი საგზური თამაშდებოდა. 

© LEVAN AVLABRELIნინო სალუქვაძის ტირში
ნინო სალუქვაძის ტირში - Sputnik საქართველო
ნინო სალუქვაძის ტირში

— ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების მედროშე იყავით. არადა, არსებობს დაუწერელი კანონი, რომ მედროშე არ შეიძლება იყოს ის სპორტსმენი, რომელსაც ოლიმპიადის გახსნიდან მალევე უწევს გამოსვლა, ან ის სპორტსმენი, რომლის სახეობაც ხელის გამოყენებას ითვალისწინებს. 

— ყურადღებით თუ დააკვირდებოდით, ნახავდით, რომ დროშა მარცხენა ხელში მეჭირა. ასე რომ ამას ჩემთვის ხელი არ შეუძლია. თანაც, მედროშეობა ისეთი დიდი პატივია, რომ არაფრით შემეძლო ამაზე უარის თქმა.

— ის, რაც 2008 წლის ოლიმპიადაზე დაჯილდოების ცერემონიაზე ჩაიდინეთ, როდესაც რუს ნატალია პადერინას გადაეხვიეთ, მართლაც იმსახურებს აღფრთოვანებას.

— აბა, რა უნდა მექნა? მე და ნატალია დიდი ხნის მეგობრები ვართ. ომი არავის უნდა, არავის სჭირდება. პოლიტიკოსებმა თავად არკვიონ თავიანთი არეული საქმე და თავადვე გაერკვნენ ერთმანეთში. 

ომი იგივეა, რაც იარაღით ვაჭრობა. ამიტომ ამ ავანტიურაში მე არ გავერევი.  

© LEVAN AVLABRELIნინო სალუქვაძის ჯილდოები
ნინო სალუქვაძის ჯილდოები - Sputnik საქართველო
ნინო სალუქვაძის ჯილდოები

— თქვენ იყავით ერთ-ერთი იმათგანი, ვინც უარი თქვა პეკინის ოლიმპიადის დატოვებაზე…

— და რა სარგებელს მოუტანდა ეს ვინმეს? ვთქვი, თუ გადაწყვეტთ, რომ უნდა დავტოვოთ ოლიმპიადა, „თეთრი ყვავი“ არ გავხდები, გუნდთან ერთად დავდგები-მეთქი. მაგრამ ეს იქნებოდა არასწორი გადაწყვეტილება. კიდევ კარგი, რომ დარჩენა გადაწყდა. 

—რომელი სამი ძირითადი მახასიათებელია აუცილებელი თქვენს სპორტში? 

— მყარი ფსიქიკა, შრომისმოყვარეობა და ყურადღების კონცენტრაცია. უზნაძის თეორიას ჩვენს სახეობაში დიდი მნიშვნელობა აქვს: გინდა თუ არა, აზრი აუცილებლად მატერიალიზდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპორტსმენმა სწორად იფიქროს, სწორად განეწყოს, სწორად ჩაატაროს შეჯიბრი. იმიტომ რომ ტექნიკას ნახევარ საათში „დაგიყენებთ“ და თქვენც ძალიან მარტივად და სწრაფად აითვისებთ მას, მაგრამ მერე ფსიქოლოგიური ბრძოლის მომეტი იწყება.  

— გულშემატკივრისთვის ძნელი შესამჩნევია, როგორი დიდი რაოდენობით ადრენალინი გამოიტყორცნება თქვენს სახეობაში. როგორ იხსნიან ტყვიის მსროლელები სტრესს? 

— კი, გეთანხმებით. ჩვენი დაძაბულობა მართლა შეუმჩნეველია გვერდიდან — ყველაფერი შიგნით ხდება. მორბენალს, მაგალითად, ერთი სტარტი აქვს და ერთი ფინიში. ჩვენ კი 60 სტარტი და ამდენივე ფინიში. ჩვენთვის თითო გასროლა ცალკე აღებული სტარტი და ფინიშია და განწყობის მთელ დისტანციაზე შენარჩუნება ძალიან რთულია. ის კი არა, შეუძლებელიცაა. ეს არაადამიანურ რესურსებს მოითხოვს. აი ამის სწავლა და წვრთნაა საჭირო.  

© LEVAN AVLABRELIნინო სალუქვაძის მედლები და ჯილდოები
ნინო სალუქვაძის მედლები და ჯილდოები - Sputnik საქართველო
ნინო სალუქვაძის მედლები და ჯილდოები

— ანუ, თქვენი მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე სპრინტერისა?

— დიახ, სწორად შენიშნეთ. სპორტის ბევრ სხვა სახეობაში შეიძლება გაბრაზდე და აქტიურ შეტევაზე გადახვიდე — ვთქვათ ჭიდაობაში, ან უფრო ძლიერად დაარტყა ბურთს ვთქვათ, ფეხბურთში. ამ დროს ემოციები და ადრენალინი მძლავრად იფრქვევა. ჩვენ კი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გავბრაზდეთ, პირიქით, უნდა დავმშვიდდეთ. არ გამოგივა სროლა? არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩავარდე პანიკაში. ბუნებრივია, გარედან არ ჩანს, მაგრამ სპორტსმენის შიგნით წარმოუდგენელი რამ ხდება. მით უმეტეს, რომ ძალიან სწრაფად უნდა დაეუფლო თავს და დამშვიდდე. 

— ვინ გამზადებთ ფსიქოლოგიურად, მამა? 

— მამაც, ფსიქოლოგებიცა და მეც ბევრ დროს ვუთმობ ამ საკითხს. საერთოდ, ფსიქოლოგია ძალიან დახვეწილ მუშაობას მოითხოვს… მიგიქცევიათ ყურადღება, როგორ გულშემატკივრობენ არააზიელი მწვრთნელები საკუთარ აღსაზრდელებს? ყვირიან, ემოციებს აფრქვევენ, დარბიან… აზიელები კი თავად სიმშვიდის განსხეულებები არიან. და როგორც ჩანს, ეს სიმშვიდე ამართლებს. 

— თქვენ ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტიც ხართ და ვარჯიშებისთვის დრო გრჩებათ? 

— მეხმარებიან და ყველაფერს ვასწრებ. იცით, რა შეგრძნება მაქვს? შვილი რომ მეყოლა, დედაჩემთან ვტოვებდი ხოლმე და სულ მქონდა უკმარისობის გრძნობა. ახლაც იგივე მემართება. სულ მგონია, რომ კომიტეტში ცოტა დროს ვატარებ და ვერ ვასწრებ იმის გაკეთებას, რაც საჭიროა.  

© LEVAN AVLABRELIნინო სალუქვაძის ერთ-ერთი ჯილდო
ნინო სალუქვაძის ერთ-ერთი ჯილდო - Sputnik საქართველო
ნინო სალუქვაძის ერთ-ერთი ჯილდო

— ვარჯიში რამდენ ხანს გრძელდება?

— გააჩნია ვარჯიშს. ხან სამი საათი, ხანაც — ოთხი. 

— ინდივიდუალური იარაღი გაქვთ?

— კი, რა თქმა უნდა. საშუალოზე მაღალი დონის სპორტსმენებს ინდივიდუალური იარაღი აქვთ, რომლის ტარიც მათ ხელზეა მორგებული. 

— ერთი პისტოლეტი გაქვთ?

— არა, რამდენიმე. როგორც არ უნდა მოუარო, იარაღი ფუჭდება. მაგალითად, პეკინის ოლიმპიადაზე საცდელი სროლებისას გამიფუჭდა პისტოლეტი, სამიზნის ნაწილი მოტყდა და იარაღი მწყობრიდან გამოვიდა. როგორ მოხდა ეს, არ ვიცი, იმიტომ რომ სულ თან მქონდა, წამითაც არ დამიტოვებია არსად. პირველი ხუთი გასროლა საცდელია — ეს სულ სამი წამი გრძელდება, შემდეგი შვიდი წამი ისვენებ. აი სწორედ ამ შვიდი წამის განმავლობაში მოვახერხე ნაწილის შეცვლა და ძლივს მოვახერხე რვიანში გამერტყა. დღემდე არ ვიცი, რა მოხდა. ასეთი რამ ბევრჯერ დამმართია. 

მსგავსი შემთხვევა მქონდა ევროპის ჩემპიონატზეც. ჩახმახი გამიტყდა — ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ასე მოხდა. არანაირად არ ესწრებოდა გამოცვლა. მომიტანეს ვიღაცის პისტოლეტი, იგივე მარკისა. მაგრამ ტარი ჩემ ხელზე არ იყო მორგებული და ცუდად მეჭირა. თუმცა, მაინც გავიმარჯვე იმ ტურნირში.  მერეღა შევიტყვე, რომ პისტოლეტი საბჭოთა კავშირის მამაკაცთა ნაკრების წევრს ეკუთვნოდა. რას იზამ, ყველაფერი ხდება!  

© Sputnik / Levan Avlabreliმსოფლიო ჩემპიონი ნინო სალუქვაძე
მსოფლიო ჩემპიონი ნინო სალუქვაძე - Sputnik საქართველო
მსოფლიო ჩემპიონი ნინო სალუქვაძე

— სნაიპერის შაშხანიდან თუ გისვრიათ ოდესმე? 

— არა. ავტომატიდან კი, „მაკაროვიდანაც“ და სხვა პისტოლეტიდანაც, მაგრამ არა სნაიპერის შაშხანიდან. და კიდევ ოპტიკური იარაღიდანაც მისვრია „გაქცეული ტახისთვის“. ეს ძალიან საინტერესო ვარჯიშია, მაგრამ ოლიმპიადის პროგრამიდან მოხსნეს და ახლა ამ დისციპლინას ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა. თუმცა ჩემი აზრით, ეს ძალიან საინტერესო და სანახაობრივი სახეობა იყო. 

— გინადირიათ?

— არასდროს და არც ვაპირებ. ვერასდროს ვესვრი ცხოველს. ძალიან ხშირად მეპატიჟებოდნენ სანადიროდ, მაგრამ უშედეგოდ. 

— უთოთი გივარჯიშიათ?

— არა, ეს ჟურნალისტების გამოგონილია. რაში მჭირდებოდა უთო, როცა პისტოლეტი შინ მედო (იცინის). 

— ტყვიით სროლაში ვარჯიში რომ დაიწყეთ მამის დამსახურებაა?

— მამას არ უნდოდა, სროლა რომ დამეწყო. ფიზიკურად ძალიან სუსტი ვიყავი და მამა ფიქრობდა, რომ ვერ „გავქაჩავდი“. ოთხი წელი კალათბურთზე დავდიოდი და ქალაქის ჩემპიონიც კი გავხდი სკოლის მოსწავლეებს შორის. გაზეთში ჩემი პირველი ფოტო სწორედ კალათბურთთან დაკავშირებით დაიბეჭდა. მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ყველაფერი მივატოვე: კალათბურთიც, მუსიკაც, ცეკვაც და რაღაც პერიოდი არაფერზე არ დავდიოდი. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, გაკვეთილებს უცბად ვამზადებდი და მერე სულ თავისუფალი ვიყავი. ჰოდა, დედამ უთხრა მამაჩემს, ძალიან ბევრი დრო აქვს, სულ ეზოშია და შენთან წაიყვანეო. 

ასე რომ, ეს ყველაფერი დედის დამსახურებაა (იცინის). 

— სასროლეთზეც და ტირშიც თავად სიმშვიდე ხართ, მაგრამ როგორია ნინო სალუქვაძე შინ?

— ჩემი მეუღლე ძალიან ხმაურიანი და ტემპერამენტიანია და მე ვაბალანსებ (იცინის). თუმცა, სინამდვილეში ძალიან ემოციური ვარ, ძალიან. ყოველთვის არ ვავლენ, თორემ ყველაფერს ვგრძნობ და განვიცდი. ვერასდროს ვუყურებ მშვიდად ისეთ ფილმს, სადაც ბავშვებს ცუდად ეპყრობიან, სულ ვტირი. 

მართალია, სპორტი ხასიათს წვრთნის და აკაჟებს, მაგრამ არა ასეთი დონით. 

— მკვეთრად გაქვთ გამიჯნული სპორტი და სახლი?

— კი. შინ მე უბრალოდ ნინო ვარ — ცოლი, დედა, შვილი და რძალი. დედამთილი ჩემთან ცხოვრობს და არსად წასვლა არ უნდა. თავად მას ჰკითხეთ, თუ გნებავთ (იცინის).  

© SPUTNIKნინო სალუქვაძის ავტოგრაფი SPUTNIK-ს
ნინო სალუქვაძის ავტოგრაფი SPUTNIK-ს - Sputnik საქართველო
ნინო სალუქვაძის ავტოგრაფი SPUTNIK-ს

— ატლანტის ოლიმპიადის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ თქვენთვის მთავარი თვითრეალიზაციაა. ოცი წელი გავიდა და ახლა რას იტყვით — სრულად მოხდა თქვენი შესაძლებლობების რეალიზება თუ კიდევ რამისკენ ისწრაფვით? 

— ეს ხომ მერვე ოლიმპადაა ჩემთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი… 

1989 წლიდან ისეთი დრო გამოვიარეთ, რომ გასაოცარია, როგორ დავრჩით სპორტსმენებად, საერთოდ, როგორ გადვრჩით ამ ქვეყანაში და როგორ შევინარჩუნეთ ან სპორტსმენები და ან სპორტი. ეს პარადოქსია, რაც საწყენია. 

ატლანტაში მეორე ვიყავი ფინალში და კომპიუტერს რაღაც დაემართა — დღემდე მჯერა, რომ ასე იყო, დღემდე ვეკითხები ღმერთს, ასე რატომ დამსაჯე, შენ ხომ იცი, როგორ ვემზადებოდი, როგო ვვარჯიშობდი ოლიმპიადისთვის-მეთქი? სომალში არ იქნებოდა ისეთი საშინელი პირობები, როგორშიც მე მაშინ მიწევდა ვარჯიში. 

— სხვა სპორტსმენების მსგავსად, თქვენთვისაც ხომ არ შემოუთავაზებიათ სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლა?

— კი, შემოუთავაზებიათ და თანაც ბევრჯერ. ჯერ კიდევ 1985 წლიდან მთავაზობდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას — დაწყებული სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკით, დასრულებული შვეიცარიით. მაგრამ მამას ჰქონდა ნათქვამი, ჩემს სამშობლოში მინდა ბედნიერი ვიყოო და ეს სიტყვები სულ მახსოვდა. 

ჰო, და კიდევ ერთი მინდა ვთქვა: სულ ვეუბნები ჟურნალისტებს, თუ გინდათ სპორტსმენებს დაეხმაროთ, შეწყვიტეთ ოლიმპიადის წინ ინტერვიუების აღება-მეთქი, რომ ნორმალურად მომზადება შეძლონ. 

თანაც სულ ერთსა და იმავეს კითხულობენ: „რას ელით ოლიმპიადისგან?“ ჩემთვის ეს უკვე განვლილი ეტაპია, მაგრამ ახალგაზრდა სპორტსმენი ყოველთვის სწორად არ რეაგირებს ასეთ შეკითხვებზე. 

 

ყველა ახალი ამბავი
0