თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. სოფელ ცოდნისკარში სატვირთო ავტომობილი, რომელიც საზამთროთი იყო დატვირთული, ხიდის ჩანგრევის შედეგად ხევში ჩავარდა.
ავტომობილში მყოფი სამი მამაკაცი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ხიდი ავარიული იყო და მასზე სატვირთო ავტომობილების გადასვლა იკრძალებოდა.
„კლინიკაში შემოყვანილია სამი დაშავებული მამაკაცი. სამივე მათგანს გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. აქედან ერთი პაციენტი უკვე გაწერილია, ხოლო ორი პციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამ ორიდან ერთ მათგანს აღენიშნება ექსკორაციები (დაჟეჟილობა), ხოლო მეორეს – ნეკნების მოტეხილობა“, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ექიმმა ნიკოლოზ კარელაშვილმა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ–ის მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა“, რაც ისჯება ჯარიმით ან სამიდან ოთხ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან ოთხ წლამდე პატიმრობით.