დაკავებულ პანკისელ ახალგაზრდას ბრალი ტერორიზმში დასდეს

© photo : Screenshot"ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტები
ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში თბილისში შესაძლო აფეთქების შესახებ გავრცელებული პოსტისთვის 23 წლის პანკისელ ახალგაზრდას 6–იდან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. პანკისის ხეობის სოფელ დუისის მცხოვრებ ვახტანგ ხანგოშვილს, რომელიც „ფეისბუქის“ გვერდზე თბილისში შესაძლო აფეთქების შეხებ გავრცელებული პოსტისთვის დააკავეს, ბრალი ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარაში ედება, იუწყება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს–სამსახური.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2016 წლის 29 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, მომხმარებლის სახელით Dau Levski გაავრცელა მუქარის შემცველი ინფორმაცია. რამდენიმე საათში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ამასთან დაკავშირებით გამოძება დაიწყო.

„ამავე დღეს განხორციელდა ვახტანგ ხანგოშვილის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი მისამართის ჩხრეკა. დაკითხვის პროცესში, დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აღნიშნულია უწყების პრეს–სამსახურის განცხადებაში.

პოლიციელი - Sputnik საქართველო
სპეცსამსახურებმა საქართველოს 40 მოქალაქეს ტერორისტებთან გამგზავრებაში შეუშალეს ხელი

გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის I პრიმა ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 12 წლამდე ითვალისწინებს).

ქართული მედიასაშუალებების ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთი ლიდერის, ასევე პანკისის ხეობის მკვიდრის თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ უმარ აშ–შიშანის ორი ფოტო ატვირთა. მის პროფილში ასევე იყო განთავსებული „ისლამური სახელმწიფოს“ დროშაც.

ამასთან, ხეობის მცხოვრებნი ახალგაზრდის ასეთ საქციელს გმობენ, მაგრამ მის კავშირს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კატეგორიულად უარყოფენ.

სხვადასხვა მონაცემებით, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საქართველოს მკვიდრი რამდენიმე ათეული ადამიანი იბრძვის. მათგან უმეტესობა პანკისელია. ყველაზე ცნობილი მათ შორის თარხან ბათირაშვილია. 

ბათირაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელობის წევრი იყო და ამ სტრუქტურაში გარკვეული თანამდებობები, მათ შორის „სამხედრო მინისტრის“ თანამდებობა ეჭირა. მანამდე შეერთებულმა შტატებმა 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ბათირაშვილის ლიკვიდაციით დასრულდებოდა. ბათირაშვილი ივლისის დასაწყისში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. მისი სიკვდილი დაადასტურეს „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმაც და პანკისის მოსახლეობამაც.

ყველა ახალი ამბავი
0