სიამოვნებით ვეთანხმები, რადგან კარგად მახსოვს მისი გამოსვლები რინგზე, ჭკვიანური დაცვითა და ფილიგრანული ტექნიკის ხარჯზე მოგებული ტიტულები. მახსოვს მოსკოვის ოლიმპიადაზე მოულოდნელი მარცხიც, სადაც ყველა მის უცილობელ გამარჯვებას ელოდა… მას შემდეგ სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა. ბატონი დავითი დღეს საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტია. ჩვენი საუბარი ბრაზილიაში გასამართი ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირზე მომხდარი გაუგებრობებით დავიწყეთ:
— ბაქოში იმედიანად წავედით, რადგან ბიჭები კარგად იყვნენ მომზადებული და, მინიმუმ, სამი მათგანისგან ლიცენზიას ველოდით. თუმცა, ბევრი შეჯიბრი მაქვს ნანახი, მაგრამ რაც ბაქოს სალიცენზიო ტურნირზე ხდებოდა, მსგავსი არ მინახავს. ოთარ ერანოსიანმა ჯერ ძალიან დიდი ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი გამოიჩინა, რომ ბაქოში წამოვიდა (მოგეხსენებათ, პოლიტიკური სიტუაცია როგორია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის), ბრძოლით კი უბრალოდ სცემა მოწინააღმდეგე კატარიდან. სამწუხაროდ, ხელი „აქლემის პატრონს“ აუწიეს… ასევე, იაგო კიზირიამ მსოფლიო ჩემპიონი, ბაქოელი მოკრივე პატარა ბავშვივით გალახა და ასევე ბაქოელს აუწიეს ხელი. იმდენად აშკარა იყო მიკერძოება და ისე შეწუხდნენ, რომ აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ტაშიც კი არ დაუკრეს თავიანთ გამარჯვებულს.
– კრივის სამყაროში არსებულ დაპირისპირებას თუ გავიხსენებთ და ბოლო წლების შედეგებს გადავხედავთ, აშკარად წინსვლა იგრძნობა, მიუხედავად ვერმოპოვებული ლიცენზიებისა…
— იმედი მაქვს, დაპირისპირება წარსულს ჩაბარდა, როგორც იქნა, მივედით იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ თავდადებული და ერთობლივი შრომით მოვა წარმატება. სამწუხაროდ, ხელისშემშლელი ფაქტორები საკმარისზე მეტია. გაუქმდა კრივის სკოლა, რომელიც წლების წინ დავაარსე, აღარ ტარდება ტურნირები, სავალალო მდგომარეობაშია დარბაზები და ინვენტარი. ახლახან პრემიერმა ახალი დარბაზების აშენების შესახებ განაცხადა, სამწუხაროდ, ჩემთვის უცნობია, იქ კრივისთვისაც თუ მოიაზრება სივრცე…
– როგორც ყოფილი ოლიმპიელი, როგორ აფასებთ რიოს თამაშებიდან რუსი სპორტსმენების მოკვეთას?
— ერთგვაროვან პასუხს ვერ გაგცემთ. ჩემ დროს ნაკრებში ვიტამინებს გვირიგებდნენ, მაგრამ მე არასდროს მიმიღია. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მთავარი ფსიქოლოგიური ძალა იყო. ბევრი მოკრივე მინახავს, ვიტამინებით გაჭყეპილი რინგზე მეხუთე კუთხეს რომ ეძებდა. დოპინგი რომ ჭირია და უნდა ამოიძირკვოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მასთან ბრძოლის მეთოდებმა სხვა სახის კითხვები არ უნდა გააჩინოს. იმას, რაც ახლა მოხდა, არც თუ სასიამოვნო პოლიტიკური სურნელი აქვს. ჩვენ ვიყავით მოწმე, როგორ გააუფერულა სპორტში პოლიტიკის ჩარევამ 1980 და 1984 წლების ოლიმპიური თამაშები.
– არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენი მეორე გატაცების, მხატვრული ფოტოგრაფიის შესახებ — გამოფენის გამართვას არ გეგმავთ?
— ნებისმიერი ფოტოხელოვანისთვის გამოფენა არის საშუალება, სამყაროს საკუთარი ხედვა გაუზიაროს ადამიანებს. რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, თუმცა ამ ეტაპზე ეს სურვილი დიდ ფინანსურ სირთულეებს აწყდება. კერძო გალერეებში საკმაოდ სერიოზული თანხებია გადასახდელი, შარდენზე არსებულ სახელმწიფო გალერეაში კი იმდენი მსურველია, ალბათ, არც ღირს რიგის დაკავება. ისევ სოციალურ ქსელებში ვაქვეყნებ და ვაგრძელებ მუშაობას იმედით, რომ ოდესმე ჩემს თანამემამულეებსაც გავუზიარებ ჩემი თვალით დანახულ სამყაროს…
თენგიზ ჩოჩუა