ბათუმის დელფინარიუმი ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით პოპულარულია.
დელფინები — ალბათ ყველაზე მეტი პოზიტივის მომტანი არსებები არიან. მათი სიხალისითა და ღიმილით ისინი მაყურებელში ბავშვურ ემოციებსა და ბედნიერების შეგრძნებას იწვევენ. სამწუხაროა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ მათ ხშირად ვერ ვხვდებით, თუმცა, ზოგჯერ შეიძლება საკუთარ თავს ეს ზღვა პოზიტიური ემოციის ნახევარი საათი აჩუქოთ და დელფინარიუმს ესტუმროთ.
ბათუმის დელფინარიუმი „6 მაისის“ პარკში მდებარეობს. შოუ-პროგრამა 30 წუთს გრძელდება, რომელშიც რვა დელფინი იღებს მონაწილეობას. ბილეთის ღირებულება დღის საათებში 15 ლარი, საღამოს საათებში კი 20 ლარია. და თუ დამსვენებლებს უფრო მძაფრი შეგრძნებების სურვილი ექნებათ, მაშინ, 150 ლარის გადახდის შემთხვევაში, ამ უცნაურ არსებებთან ერთად შეუძლიათ იცურაონ კიდეც.
„6 მაისის“ პარკში ასევე ფუნქციონირებს საბავშვო ატრაქციონები, ზოოპარკი და დეკორატიული აკვარიუმი.