თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ცნობილი ამერიკელი ჰიპ-ჰოპ-რეპერი ბასტა რაიმსი, რომელმაც 23 ივლისს ბათუმში გამართა კონცერტი, ბერა ივანიშვილს დაეცა და ლამის გასრისა.
ბერას დანახვა ბასტა რაიმსს ისე გაუხარდა, რომ ხელში აიტაცა და მძლავრად შეაჯანჯღარა ჰაერში. ბერამაც, რატომღაც, მოინდომა, იგივე გაეკეთებინა — ამერიკელი ჰაერში ასწია, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავი ვეღარ შეიკავა, დაეცა და ბერა ივანიშვილი ქვეშ მოიყოლა. დაცემულები დამხმარეებმა წამოაყენეს.
ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეო თავად ბერამ გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე წარწერით: „მეგობრებო გადავრჩი, ცოცხალი ვარ… NO COMMENT“.
მალე ბერას პოსტის ქვეშ სახალისო კომენტარები გაჩნდა. მაგალითად, ბერას ეკითხებოდნენ: „ბერა, ის შავი კაცი ვინ იყო?“ „რატომ გადაწყვიტე კამიკაძე გამხდარიყავი?“ და ა.შ.
საქართველოში ბასტა რაიმსი Black Sea Jazz Festival-ის ფარგლებში იყო ჩამოსული კრის ბრაუნის ნაცვლად. ამ უკანასკნელმა ერთი დღით ადრე გააუქმა კონცერტი თურქეთთან საქართველოს ტერიტორიული სიახლოვის გამო.
