ცხოვრებასა და მასმედიაშიც ხიფათთან თამაში უყვარს და ერთსა და იმავე მდინარეშიც ბევრჯერ შესულა. მის მიერ დაარსებული გაზეთი ერთ-ერთი პირველი იყო საბჭოთა კავშირში, რომელმაც საბჭოურ ცენზურაზე უარი თქვა და ქართულ სინამდვილეში ახლებური აზროვნება შემოიტანა. მერე იყო დევნა და ოჯახთან ერთად სამშობლოდან იძულებით გადახვეწა. დღეს ემიგრაციაში მყოფ გაზეთ „შანსის“ რედაქტორს, ბატონ ბონდო ქურდაძეს საფრანგეთში დავუკავშირდით.
– ბატონო ბონდო, თქვენი ცხოვრება, ალბათ, პირობითად ორ ნაწილად იყოფა: ემიგრაციამდე და ემიგრაციის მერე. გარკვეული დასკვნები ცხოვრებიდან უკვე გამოიტანეთ?
— რა თქმა უნდა, გამოვიტანე და ამასაც მოგახსენებთ… მე თქვენს კითხვებს ნანტთან ახლოს, სადღაც ოკეანის ნაპირებიდან ვპასუხობ. ჩემი ხომალდი, რომელსაც “შანსი“ ერქვა და რომელსაც მეგობრები მოფერებით “თავისუფლების კუნძულსაც“ ეძახდნენ, საქართველოში, შავი ზღვის ნაპირებთან დავტოვე. კვირა არ გავა ისე, რომ ვინმემ არ მომწეროს, დაბრუნდი, “შანსი“ გააცოცხლე, მოგვენატრა შენი გაზეთიო. არ დაგიმალავთ, მეამაყება კიდეც მეგობრებს, კოლეგებსა და მკითხველს რომ ვახსოვარ. თუმცა არის ერთი კაციც, რომელიც ყოველთვის მემუქრება, აქ თუ ჩამოხვალ, ჩემი ხელით მოგკლავო!.. ეს კაცი ცნობილი ჟურნალისტი თამაზ ჭეიშვილია. გუშინ მან „ფეისბუქის” კედელზე ღიად დაწერა: „ბონდო ქურდაძე, საჯაროდ გიცხადებ, აქ არ ჩამოადგა ფეხი, თუ შენი ოჯახისთვის სიკეთე გინდა და მე ვიცი, რომ სიკეთე გინდა. ეს არის ვირტუალური სახელმწიფო, ვირტუალური “გეგმებით“, სადაც ადამიანებს მომავალი არ აქვთ!“ მე, როგორც ჟურნალისტი, ფაქტობრივად, ამ კაცთან ერთად გავიზარდე, ის იყო მასმედიაში ჩემი პირველი ნაბიჯების შემსწრე და წარმატებების თანამოზიარეც, მის გვერდით ავედი ჟურნალისტურ ოლიმპზე და თეიმურაზ შაშიაშვილსა და სხვა კოლეგებთან ერთად საქართველოდან ოჯახთან ერთად გაქცევაც მისი დახმარებით მომიწია. ვინც მიცნობს, იცის, რომ მიყვარს ხიფათთან თამაში და ბევრჯერ შევსულვარ ერთსა და იმავე მდინარეშიც, თუმცა ყოველთვის ვხედავდი ჩემკენ მომავალ ტალღებს, ვიცოდი მათ კონკრეტული სახელი – “მხედრიონი“, “შევარდნაძე“, “მიშა“, ან რაღაც სხვა ერქვა, ახლა კი რა ხდება, ვერ გაიგებ, აირია მონასტერი. ქართული საქმის მკეთებელს სანთლით ვერ მოძებნი, წყალქვეშა დინებებს წყალქვეშა ნავი სჭირდება… მე ნოდარ ტაბიძის ჟურნალისტური სკოლა მაქვს გავლილი, დიდმა მაესტრომ ჩვენ მხოლოდ ღია ზღვაში ბრძოლა გვასწავლა, ყველა პროფესიული წესების დაცვით, წყალქვეშა ბრძოლებს სხვა მასწავლებლები და სხვა მოსწავლეები ჰყავდა…
– საფრანგეთამდე იყო ქართულ ეროვნულ მედიაში არამეორეხარისხოვან პერსონად ყოფნა. ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, თქვენ და თქვენმა გაზეთმა გამოიყენა თავისი შანსი?
— დიახ, “შანსმა“ თავისი შანსი თითქმის 100 პროცენტით გამოიყენა. ის იყო ერთ-ერთი პირველი თავისუფალი გაზეთი საბჭოთა კავშირის მასშტაბით (ნული ნომერი 1989 წლის ნოემბრის თვეში გამოვიდა). მან სრულიად ახლებური ხედვა და აზროვნება შემოიტანა ქართულ მასმედიაში. ჩვენ პირველივე დღიდან ბორკილები დავადეთ საბჭოურ ცენზურას, ამიერიდან ჟურნალისტები ვწყვეტდით, რაზე უნდა გვეწერა და რაზე არა, არავის არაფერს ვუთანხმებდით, გარდა შინაგანი ცენზორისა. არ ვიცი რატომ, მაგრამ “შანსს“, რატომღაც, ყველაფერში პირველობა დაებედა: მან პირველმა დაბეჭდა საქართველოს თავისუფლების აქტი 350 000 ტირაჟით (მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელმოწერამდე) და მეორე დღეს ბანკიდან აღებული სესხით მთლიანად გადაიხადა მეტროპოლიტენის ერთი დღით მგზავრობის საფასური; უფასოდ დაარიგა გაზეთის მთელი ტირაჟი; ეს არის მსოფლიოში პირველი სამოქალაქო გაზეთი, რომლის რედაქციაც აფხაზეთის ომის დროს მთლიანად გადავიდა თბილისიდან სოხუმში და იქ უშვებდა გაზეთს “შანსი ფრონტის ხაზზე“. ეს იყო გაზეთი, სადაც თანამშრომლებს უფასო კვება ჰქონდათ, სადაც ყველა ჟურნალისტმა რედაქციის ხარჯით უფასოდ აიღო მართვის მოწმობა; ეს იყო გაზეთი, სადაც საუკეთესო წერილისთვის ერთმანეთს თვითონ უწერდნენ ჟურნალისტები პრემიალურ ჰონორარს; ეს იყო გაზეთი, რომელმაც პრესის ფესტივალზე 1995 წელს 7 ნომინაციიდან 5-ში მოიპოვა გამარჯვება; გაზეთი, ვინც „მხედრიონის“ წინააღმდეგ პირველმა აიმაღლა ხმა და ამისთვის რუსთაველის პროსპექტზე ყველას თვალწინ საჩვენებლად დასაჯეს. ეს იყო გაზეთი, ვინც მასმედიის ისტორიაში პირველმა მოიწვია გაზეთის ნომრის რედაქტორებად პოლიტიკოსები – მიხეილ სააკაშვილი, ვახტანგ რჩეულიშვილი, შალვა ნათელაშვილი და ცნობილ პოლიტიკოსებს აზრის გამოხატვისა და პოზიციის დაფიქსირების ორიგინალური საშუალება მისცა. ალბათ მსოფლიოში არ მომხდარა მსგავსი ფაქტი, რომ ვინმეს 3 თვის განმავლობაში (საკნის აქციების დროს) ქუჩაში გამოეშვას ქუჩის გაზეთი “შანსი — წერილები მიშას“… და ალბათ არ მოიძებნება მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა, სადაც ასეთი ისტორიის მქონე გაზეთის რედაქტორს სამშობლოდან გაქცევა მოუწია…
– გაიხსენეთ ადამიანები, რომლებიც ცხოვრების გზაზე შეგხვდათ და იქ თავისი კვალი დატოვეს…
— პირველი ასეთი ადამიანი იყო მამა, რომელიც მკაცრად მზრდიდა და ზუსტად იცოდა, რაც უნდა გამოვსულიყავი. შემდეგ – ვახტანგ ჟღენტი, ვინც “ახკომში“ პირველი წერილი “თეატრი ფეხბურთი და მაყურებელი“ დამიბეჭდა და დიდ სტიმულს მაძლევდა აბიტურიენტობისას. შემდეგ “ახკომის“ სამი რედაქტორი: ბატონი რეზო ბალანჩივაძე, საოცრად გულისხმიერი, აკადემიური სტილის და ამავე დროს უშუალობით სავსე ადამიანი. იმის ნიმუში, თუ როგორ არ უნდა იყო ადამიანი ქედმაღალი; პაატა ნაცვლიშვილი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული რედაქტორი, ფაქტობრივად გაზეთის რევოლუციონერი, რომელმაც ძირფესვიანად დაამსხვრია სტერეოტიპები და გაზეთი როგორც ვიზუალური თვალსაზრისით, ისე შინაარსობრივად ახალ სიმაღლეზე აიყვანა და ახალგაზრდა ჟურნალისტები წინ წასწია. კიდევ მერაბ ბალარჯიშვილი, უნიჭიერესი და უსპეტაკესი კაცი, რომელმაც იმაში, რომ რედაქტორი გავმხდარიყავი, დიდი როლი ითამაშა. კიდევ მინდა გავიხსენო ჩემთვის ახლობელი ნიჭიერი ადამიანები – გიგლა გობეჩია, მანანა კარტოზია, მარინა ვაშაყმაძე, გულიკო ბაშარული, ლაშა გახარია… რომელი ერთი ჩამოვთვალო, ბედნიერი ვარ, რომ სტუდენტობის დროს მუშაობა ასეთ დიდ თანავარსკვლავედში მომიწია. თუმცა ყველაზე დიდი კვალი ჩემ ცხოვრებაში ნოდარ ტაბიძემ დატოვა. მას სტუდენტების გამორჩევა უყვარდა. ჩვენი ურთიერთობა ბევრად სცილდებოდა შეგირგი-მასწავლებლის ურთიერთობას. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, თუნდაც ემიგრაციაში წასვლის შესახებ, მასთან კონსულტაციის შემდეგ ვიღებდი. ტკბილ ლუკმასავით ბოლოს მოვიტოვე ჩემი უფროსი მეგობარი და მასწავლებელი თამაზ ჭეიშვილი, რომელთან ერთადაც ვიყავი: „ახკომში“, „შანსში“, „ქუჩის გაზეთში“ და ახლაც სულ ერთად ვართ…
– თავგადასავლების მოყვარული ადამიანი ხართ, რომელსაც იუმორის გრძნობა არასოდეს ღალატობდა. დარწმუნებული ვარ, სახალისო ამბებიც გაქვთ გასახსენებელი…
— რომელი ერთი გავიხსენო?.. ჩვენ რედაქციაში ერთი ხანშიშესული, ძალიან პრინციპული ჟურნალისტი ავთანდილ გველესიანი მუშაობდა. ბატონი ავთო კარგად კი წერდა, მაგრამ ძალიან გრძელი წერილების გამოცხობა უყვარდა. ამ ხნის კაცისთვის მასალის შემცირება მერიდებოდა, არა და, დიდი წერილები გაზეთს ამძიმებდა. მაშინ რედაქტორის მოადგილედ გაზეთ “კასპის განთიადის“ ყოფილი რედაქტორი, წერილების დაჩეხვის დიდოსტატი თემურ ჟღეტი მყავდა და ბოლოს გველესიანის წერილებს მასთან ვამისამართებდი… მოეწამლა ხასიათი ბატონ ავთანდილს და ჭირივით შეიძულა თემურ ჟღენტი, რომელიც მის 20-გვერდიან ნაჯაფარს გვერდნახევრამდე დაიყვანდა ხოლმე. ბევრჯერ შემომჩივლა, მოიცილე ეგ ჯალათი რედაქციიდან, თორემ ავტორიტეტს გიფუჭებსო… ბოლოს გამწარებულ გველესიანს ცეცხლზე ნავთი დავუსხი და რედაქციის დიდი “ღადავისტი“ ზურა კორკოტაძე მივუგზავნე. ბატონო ავთო, დავიღუპეთ, ეს რომ „ასავალ-დასავალმა“ ან სხვა გაზეთმა გაიგოს, თავი მოგვეჭრებაო, ვიშვიშებდა ზურა. მე ვერ ვეტყვი, შენ უნდა უთხრა ბონდოს, ეს თემურ ჟღენტი ნამდვილად „იმნაირი“, ანუ კაცების მოყვარული ყოფილა, ჩემი თვალით ვნახე, როგორ ისვამდა ფეხის ფრჩხილებზე ლაქსო… აუფ, მაგას ვერ დავიჯერებ, რა სისულელეებს ლაპარაკობო, გაცხარებულა ავთო. თუ არ გჯერა, შენი თვალით შეხედეო… ცნობისმოყვარეობამ და ძველმა ბოღმამ თავისი ქნა, 70 წელს გადაცილებული კაცი ძლივს შეაყენეს სკამის თავზე და იქიდან გადახედა ჩვენ მიერ წინასწარ დარიგებულ რედაქტორის მოადგილეს, რომელსაც შარვალი გაეძრო და თანამშრომელი გოგონასგან ნათხოვარ ფრჩხილების ლაქს საამოდ ისვამდა… ხუთ წუთში ჩემ კაბინეტში ავთანდილ გველესიანი გაცოფებული შემოვარდა და მაგიდაზე უკვე 40-ფურცლიანი საგაზეთო წერილი დამიგდო და მრისხანედ გამოსცრა – ახლა მივხვდი, რატომ ჩეხავდა თემურ ჟღენტი ჩემს წერილებსო! რატომ?! — შევიცხადე მე… იმიტომ, რომ „ეგენი“ თავისზე ნიჭიერ ხალხს ვერ იტანენო! ან ეგ, ან მეო! მე ჩავბჟირდი და ჩემი სიცილის ხმაზე კაბინეტი კარებს უკან აყუდებული თანამშრომლებით გაივსო. გველესიანი დიდხანს ვერ მოვიდა აზრზე, თან ახარხარებულ ჟღენტს აკვირდებოდა, ალბათ ფიქრობდა, „ამას“ რაღა აცინებსო… კორკოტაძე სადღაც გაპარულიყო, იცოდა, რომ კარგი დღე არ დაადგებოდა… მოკლედ, ასეთი ამბები დაუსრულებლად შემიძლია გავიხსენო, იუმორი ყველა დროსა და სიტუაციაში მართლაც გვშველოდა…
– „დღესასწაული, რომელიც მუდამ თქვენთანაა" – როგორი იყო თქვენი მასთან პირველი შეხვედრა, რამდენად ადაპტირდით ფრანგულ გარემოსთან?
— ჩემი პირველი შეხვედრა პარიზთან როგორი იყო?— ეს იყო ჩემი უფროსი ბიჭის ნიკას დაბადების დღეზე, “შანსის“ გამოცემის უფლებაც ზუსტად ამ დღეს მივიღე. ეს თარიღი 1989 წლის 1 ნოემბერი იყო, მაგრამ “შანსობას“ ყოველთვის 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას ავღნიშნავთ ხოლმე. ფრანგები ბევრ რამეში ჰგვანან ქართველებს, მოლხენა და ერთად ყოფნა მათაც უყვართ, თუმცა მათ “რანდევუებს“ და წინასწარ დათქმულ შეხვედრებს მაინც ვერ ვეგუები… საფრანგეთში მყოფი ქართველები კი ერთმანეთს ძირითადად ქართულ ეკლესიებში ვხვდებით…
– რას ნანობს დღეს ემიგრანტი ბონდო ქურდაძე?
— ვნანობ იმას, რომ ცოტა უფრო ადრე არ დავტოვე საქართველო, თუნდაც 22 წლის წინ, როდესაც „მხედრიონმა“ დაგვარბია… მას შემდეგ ბევრჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში, დავკარგე ყველაფერი, რაც კი მებადა: ბიზნესი, რედაქცია, სახლი, ჯანმრთელობა და რის ფასადაც ეს თავდადება დამიჯდა, ეს დღეს არავის ახსოვს… აქ რომ ჩამოვედი, ერთმა ფრანგმა, ვინც ჩემს საქმეს პოლიტიკური სტატუსის მოსაცემად სწავლობდა, გულდაწყვეტით მითხრა, ჩვენთან თქვენნაირ ხალხს გასაქცევად საქმეს არ უხდიან, მათ სახელმწიფო იცავსო. მას ვუპასუხე – ოდესღაც ჩემი შვილებიც დაბრუნდებიან მასეთ საქართველოში-მეთქი. დღესაც მჯერა, რომ ასე იქნება, ოღონდ ის არ ვიცი, როდის…