თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ბათუმის პოლიცია უკვე სამი დღეა ეძებს 25 წლის დავით მღებრიშვილს.
სააგენტო "ნოვოსტი-გრუზიას" ინფორმაციით, ზუსტად როდის და რა ვითარებაში გაუჩინარდა მღებრიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ.
დაკარგული ახალგაზრდის ახლობლებმა ფაქტის თაობაზე ინფორმაცია „ფეისბუქით“ გაავრცელეს.
„მეგობრებო, ეს არის დათი მღებრიშვილი, იგი გუშინდელი დღის მერე კონტაქტზე არ გამოდის, ბათუმში ვინც ხართ, ძალიან გთხოვთ, ყურადღებით იყავით და თუ სადმე შეამჩნევთ, აუცილებლად მოგვაწოდეთ ინფორმაცია“, — ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კიდევ ერთ გაუჩინარებულს ეძებენ ქუთაისში 25 ივლისიდან. ეს 15 წლის გოგონაა. მომხდარის თაობაზე ინფორმირებულია პოლიციის ყველა ქვედანაყოფი, საგანგებო სიტუაციათა სამსახურისა და სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელი.
„ყურადღება!!! ქუთაისში დაიკარგა 15 წლის ბავშვი, გუშინ საღამოს თეთრ ხიდთან დაინახეს… ორ გოგოსთან ერთადაა გუშინ შემჩნეული, ვიცით, რომ ვიღაცამ წაიყვანა გოგოები ბათუმში, ქუთაისში ძებნას აზრი არ აქვს“, — წერია მოზარდის „ფეისბუქის" გვერდზე.
აღსანიშნავია რომ ქობულეთში პოლიციელებმა უკვე იპოვეს რამდენიმე დღის წინ დაკარგული ორი ჭუბერელი გოგონა — 12 და 16 წლისა. არსებობს ვარაუდი, რომ გოგონები რომელიღაც სექტის წევრები არიან და საკუთარი ნებით წავიდნენ სახლიდან.