თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ოცი ადამიანი დაშავდა აფეთქების შედეგად, რომელიც სამშაბათს, აზერბაიჯანის ქალაქ შირვანში აზერბაიჯანის სამხედრო მრეწველობის სამინისტროს ქარხანა „არაზში“ მოხდა, იტყობინება Sputnik —აზერბაიჯანი. აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულთა უმეტესობას სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აქვს. რამდენიმე დაჭრილი რეანიმაციაშია მოთავსებული. ბევრს დასჭირდა ამბულატორიული დახმარება, ზოგიერთი თავს ცუდად დაკვამლიანების გამო გრძნობს.
ჯანდაცვის მინისტრი პირადად მივიდა შემთხვევის ადგილზე და თავად აკონტროლებს დაჭრილებთან დაკავშირებით სიტუაციას. დაშავებულები შირვანის სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებულნი.
აზერბაიჯანის სამხედრო მრეწველობის სამინისტროს ინფორმაციით, „არაზის“ ქარხანაში მომხდარ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სამხედრო მრეწველობის მინისტრი იავერ ჯამალოვი შემთხვევის ადგილზე იმყოფება.
აფეთქება ბაქოს დროით 15:35 საათზე მოხდა. თვითმხილველები ყვებოდნენ ჭურვების აფეთქებების ხმების შესახებ, რომელიც საკმაოდ შორს ისმოდა. აფეთქებების ტალღამ ქალაქ შირვანში შენობების მინები ჩაამსხვრია. აფეთქების შედეგების სალიკვიდაციოდ შირვანში საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ქვედანაყოფები გაგზავნეს ხოლო ბაქოდან სანავიაციის 5 ბრიგადა გაიგზავნა.
საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მაშველები საწარმოს მახლობლად მცხოვრებლების ევაკუაციას ახდენენ. სამართალდამცველებმა 2 კილომეტრის რადიუსში გზები გადაკეტეს.
შირვანის პოლიციის წინასწარი მონაცემებით, აფეთქება ქარხნის იარაღის საწყობში მოხდა.
ხანძარი ჯერაც გრძელდება.