თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ცენტრალური ევროპის ქვეყნების მოსწავლეთა შორის ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მონაწილეებმა სამი მედალი მოიპოვეს და ოთხ საუკეთესო მონაწილე ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდნენ, იუწყება სააგენტო "ნოვოსტი-გრუზია" დემირელის სახელობის კოლეჯის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
ოლიმპიადა რუმინეთში 22-25 ივლისს ტარდებოდა და საქართველოდან ინფორმატიკის ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა.
ოლიმპიადაში მსოფლიოს 12 ქვეყნის თორმეტი უძლიერესი გუნდი მონაწილეობდა. საქართველომ ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. გიორგი სხირტლაძემ (დემირელის კოლეჯი) ვერცხლის მედალი აიღო, გიორგი კლდიაშვილმა (დემირელის კოლეჯი) და ბაკურ ცუცხაშვილმა კი (ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკური სკოლა) — ბრინჯაოს მედლები.
გუნდის ხელმძღვანელის, გოჩა მანდარიას თქმით, ეს დიდი წარმატება და აღიარებაა ნაკრების წევრებისთვის. ისინი განაგრძობენ მეცადინეობას და უკვე ემზადებიან ინფორმატიკის მორიგი საერთაშორისო ოლიმპიადისთვის, რომელიც 12-19 აგვისტოს ჩატარდება ყაზანში.