თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. გერმანიის ქალაქ ანსბახში მომხდარ აფეთქებას ბავარიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა იოახიმ ჰერმანმა ტერორისტული შეტევა უწოდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო რეიტერზე დაყრდნობით.
ჰერმანის თქმით, ამაზე მეტყველებს ვიდეო, რომელიც აღმოჩენილ იქნა იმ ადამიანის ტელეფონში, ვინც აფეთქება მოაწყო. მან აღნიშნა, რომ ტელეფონზე არაბულ ენაზე ჩაწერილი იყო ვიდეო მუქარა.
გარდა ამისა, აფეთქების მომწყობი სირიელი ვიდეოჩანაწერში ერთგულებას ეფიცებოდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერს.
ორშაბათ ღამეს, ბავარიის ქალაქ ანსბახში, მიმდინარე მუსიკალური ფესტივალის მახლობლად, აფეთქება მოხდა. აფეთქების მომენტში 2500-მდე ადამიანი სახლში ბრუნდებოდა. აფეთქების შედეგად, ერთი — 27 წლის სირიელი დაიღუპა და კიდევ 11 —მა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. ცნობილი გახდა, რომ მანამდე, აფეთქების ინიციატორს გერმანიაში ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრეს.