თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. დღეს მცხეთაში “ქართული ყველის ფესტივალი — მცხეთა 2016“ გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდია და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია.
„ქართული ყველის ფესტივალი — მცხეთა 2016“ პირველი რეგიონალური ფესტივალია განახლებული კონცეფციით, რომელიც პირველად 2015 წლის კავკასიური ყველის ფესტივალზე გაჟღერდა.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები იტყობინებიან, მცხეთის ფესტივალით იწყება მეორე, ანუ ადგილწარმოშობის რძის პროდუქტების პოპულარიზაციის ეტაპი.
წლევანდელი ფესტივალის მასპინძელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონი გახდა, როგორც გასული წლის პირველი კავკასიური ყველის ფესტივალის გამარჯვებული. შარშან სწორედ ამ ფესტივალზე გამოვლინდა პირველი გამარჯვებული რეგიონი, რითიც ჩაეყარა საფუძველი ქართული ყველის ფესტივალის სხვადასხვა კუთხეებში გადანაცვლებას და ადგილზე საუკეთესო მწარმოებლების გამოვლენას.
24 ივლისს ფესტივალის კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ მასპინძელი რეგიონის მეყველეებმა რათა გამოვლინდეს საუკეთესო, შემოდგომაზე კავკასიურ ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად. სტუმრის სტატუსით, მოწვეულები იყვნენ ყველის ოსტატები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო: "ქართული ყველის სახლი" "აღდგენლი ყველების" კოლექციით. ცოცხალ ლეგენდად აღიარებული ყველის ოსტატები — გალინა ინასარიძე, მესხეთიდან, რომელიც ტენილი ყველის საიდუმლოს გაზიარებთ. გასული წლის კავკასიური ფესტივალის აღმოჩენა, „კობის ყველის“ გადამრჩენელი — რუსლან გუჯარაიძე, მარიამ ხუცურაული „სანათას სახლით“ და მცხეთა-მთიანეთის ეგზოტიკური, უკვე არამატერიალურ კულტურად აღიარებული დამბალხაჭოთი, კუმურდოს ეპარქიის სამონასტრო ყველი, კავკასიური ყველის ფესტივალის ვერცხლის მედალოსანი ყველის ოსტატი მამუკა ვაშაკიძე თავისი ექსპერიმენტული მრავალფეროვანი პროდუქციით. მცხეთაში ასევე იმყოფებოდა ქართული ყველის ფესტივალის მედალოსანი კომპანია „სანტე".
ყველის ფესტივალები საქართველოში 2010 წლიდან ტარდება პროექტ "ქართული ყველის" ფარგლებში.
2015 წელს გაიმართა პირველი კავკასიური ყველის ფესტივალი თბილისში, რიყეზე, მასში მონაწილეობდა 150-დე ყველის ოსტატი საქართველოს ყველა რეგიონიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
წელს ქართული ყველის გრანდიოზული ფესტივალი შემოდგომაზე, დედაქალაქში გაიმართება, მუდმივი პარტნიორის — საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.