თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-მდე თანამშრომელმა, საქართველოს სამთო კურორტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ურთიერთკოორდინაციის ფარგლებში, სამთო მომზადების ზაფხულის ტექნიკური კურსი გაიარა, იტყობინება შსს-ს პრესსამსახური. სწავლება სტეფანწმინდას მუნიციპალიტეტში მდებარე ჭაოხის მასივში ათი დღის განმავლობაში გაგრძელდა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, რთულ რელიეფზე გადაადგილება, კლდეზე მეწყვილესთან ერთად ცოცვა, თოვლზე დაშვება, ნაპრალში ჩავარდნილის ამოყვანა, დაშავებულის ევაკუაცია და სხვადასხვა სირთულის მწვერვალზე ასვლა შეისწავლეს.
ძალოვან უწყებებს შორის მსგავსი მასშტაბური სამთო სწავლება პირველად ჩატარდა. კურსის მიზანი იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი მომზადების დონის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება.
სამთო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების პირველი ტექნიკური კურსი, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, ზამთარში, დაბა გუდაურში გაიარეს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მესამე სამთო ტექნიკური კურსის ჩატარება ზღვის დონიდან 5000 მეტრზე და მყინვარწვერის დალაშქვრა.